ზაფხული ბათუმურ აივნებზე

0
სად, სად და ზაფხულისთვის დამახასიათებელი სურნელება ყველაზე მეტად ალბათ, ძველი ბათუმის ქუჩებში იგრძნობა. რიტმული ნაბიჯებით ერთხელ მაინც დაუყევით მცხუნვარე მზისგან გაცხელებულ ქვაფენილებს და დარწმუნდებით, რომ ეს ნამდვილად ასეა. თითქმის გაუსაძლისი, მაგრამ მაინც თავისებურად სასიამოვნო სიმშვიდე დაგეუფლებათ, როცა ამ ქუჩებს ჩამოუყვებით და ყოველი კუთხიდან იგრძნობთ უჩვეულო ბედნიერებას.
ვფიქრობ, ყველას გვქონია მომენტი, როცა გვინდა, მოვწყდეთ ქაოსურ ცხოვრებას და დავივიწყოთ პრობლემები წამიერად მაინც. წარმოიდგინეთ და ბათუმური ქუჩები, ჩამწკრივებული სახლებითა და ღია აივნებით ამის საშუალებას გვაძლევს და მეტიც, გგონია, ეს ადგილები იმისთვის შეიქმნა, რომ შენ ახლა და აქ ყოფილიყავი.
უყურებ პატარა აივნებს და ფიქრობ, რომ ისე ზაფხულს არაფერი უხდება, როგორც ერთი-ორი სკამი ვერანდაზე, ყავის ფინჯნით ხელში მოჭუკჭუკე წყვილი და ძველი სახურავების უკან მიმალული მზე. დადიხარ, მონაცვლეობით შეჰყურებ შენობებს და ხვდები, რომ რამდენადაც ყველაფერი განსხვავებულია, იმდენად არსებობს რაღაცები, რაც საერთოა. მაგალითად, ის რომ ყველა აივანი პატარ-პატარა ქოთნებითა და ფერადი ყვავილებითაა სავსე.
თუნდაც მხოლოდ შენს ჩრდილთან ერთად გადაადგილდებოდე, მაინც არა ხარ მარტო. ხან ერთი ეზოდან მომავალი ხმაური აღწევს შენს ყურთასმენამდე, ხან ღვინის ქვევრზე ჩამომჯდარი ყმაწვილის ჰარმონიული სიცილი იჭრება შენს მყუდროებაში და ასე გაცილებს ბათუმისთვის დამახასიათებელი ხმაური ერთი უბნიდან მეორეში. #ბათუმი #ზაფხული #ბლოგი
#batumidaily
0