როგორ ამახინჯებს რუსეთი აფხაზეთის ომის ფაქტებს - რას წერს ომზე რუსულ-აფხაზური მედია

0
აფხაზეთის ომი თითოეული ქართველისათვის უდიდეს ტკივილს წარმოადგენს. დღეს, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის მიერ და შესაბამისად, სწორედ მათი ნარატივი ვრცელდება. ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს ანტიქართული ლოზუნგების, ინფორმაციების პროპაგანდა, იმისათვის რომ ისედაც გადაშენების პირას მისულ ერს, (ნამდვილი აფხაზები ტერიტორიაზე აღარ ცხოვრობენ) ზიზღი ჩაუნერგონ ქართველების მიმართ. ამას უმარტივესი ფაქტიც კი ადასტურებს. აფხაზეთის ტელევიზიებში დღემდე რეგულარულად აჩვენებენ ომის კადრებს. ახლა გაგაცნობთ ინფორმაციას, რომელსაც sokhumi daily-ს სარედაქციო პოლიტიკა არ იზიარებს, თუმცა მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ თუ რა აბსურდში აცხოვრებს რუსეთი ჩვენს ტერიტორიაზე მაცხოვრებელ ხალხს. ეს არის სტატიები, რომელსაც რუსული ჟურნალისტები წერენ და აქტიურად უწევენ პროპაგანდას. წარმოგიდგენთ "აბსურდის თეატრის" თარგმანს. "1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო ომი აფხაზეთში, კონფლიქტი გაღვივდა მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ 1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით დამოუკიდებლობა აღადგინა, საქართველოს ხელისუფლებამ კი გააუქმა ბრძანება და გადაწყვიტა აფხაზეთის ტერიტორიაზე ჯარი შეეყვანა. აფხაზეთში ისტორიული კონსტიტუციის აღდგენას წინ უძღვოდა ანალოგიური მოვლენა საქართველოში, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1921 წლის კონსტიტუციის მიხედვით აღადგინა. სწორედ ეს გახლდათ აფხაზეთში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი, რადგან 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის, როგორც სახელმწიფოს სტატუსი არ იყო შენარჩუნებული. ორ ქვეყანას შორის ომი საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამოქალაქო ბრძოლების ფონზე მიმდინარეობდა, რომელიც ჩამოგდებული პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერებსა და ედუარდ შევარდნაძის მხარდამჭერებს შორის განვითარდა. ომი განსაკუთრებით გართულდა აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც სარკინიგზო ტერიტორიის დაცვის სახელით, აფხაზეთში შემოვიდნენ საქართველოს ნაციონალური გვარდიის წევრები და დაიწყეს სოხუმის მიმართულებით მოძრაობა. ამ დროს, გაგრის რაიონის სოფელ განთიადში შემოვიდნენ ქართველი დესანტები, რომლებმაც კონტროლის ქვეშ აიღეს აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი. მას შემდეგ, რაც ქართველებმა აფხაზეთ-რუსეთის საზღვარი დაიკავეს, ომში ჩაერია რუსეთის ფედერაცია. რუსულმა ემჩეესმა და შავიზღვისპირეთის საზღვაო ფლოტმა 15, 000 მშვიდობიანი აფხაზი გადაიყვანა ფედერაციის ტერიტორიაზე, მათ შორის ტურისტულ ზონაში მყოფი დამსვენებლებიც იმყოფებოდნენ. 1992 წლის 3 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინს შეხვდნენ ედუარდ შევარდნაძე და ვლადისლავ არძინბა, მათ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა ეს შეთანხმება მომავალში არ აღსრულებულა. რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბრძოლა გრძელდებოდა. აფხაზეთის ომში თავის "მოძმე ერს" თვითნებურად ეხმარებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიელები, კერძოდ კი შამილ ბასაევის, რუსლან გალაევისა და ხამზატ ხანკაროვის ქვედანაყოფები. რუსეთის გარდა, აფხაზეთის მხარეს სხვა სლავური წარმომავლობის ქვეყნებიც იბრძოდნენ. 1993 წლის 27 ივლისს აფხაზეთმა ხელი მოაწერა მორიგ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ცეცხლი უნდა შეწყვეტილიყო. ეს დოკუმენტი სიცხადეში რუსეთის ფედერაციას უნდა მოეყვანა, თუმცა მან ეს ვერ შეძლო, რადგან ცეცხლი მორიგად გაიხსნა, შედეგად კი აფხაზეთის უდიდესი მოსახლეობა განადგურდა, თუმცა ერთიანი ძალებით მოხერხდა რესპუბლიკის დაცვა და მისი სუვერენიტეტის შენარჩუნება." მსგავსი ტიპის აბსურდული სპეკულაციები ხშირად ქვეყნდება რუსულ მედიაში. ეს არის ადამიანებზე ზემოქმედების საუკეთესო ხერხი. საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დააყენოს საკითხი, იმისათვის რომ ამ ტიპის ინფორმაცია ყველგან იბლოკებოდეს, რადგან ეს არის ფაქტების დამახინჯება და მათი არასწორი ინტერპრეტირება, რომელიც ქვეყნის იმიჯსა და პრესტიჟს ლახავს. პოლიტიკა სოხუმი აფხაზეთი ომი რუსეთი
sokhumidaily
0