პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საკომიტეტო განხილვას იწყებს

0
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს დღეს განიხილავენ. კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნება“ რჩება 8 მარტის შეთანხმების ერთგული და ცვლილებებს უმრავლესობის სრული მხარდაჭერა ექნება. დეპუტატის განმარტებით, პროექტის მისაღებად ასევე საჭიროა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა, რისი რესურსიც, ოხანაშვილის თქმით, პარლამეტში არის. „ქართული ოცნების“ გუნდი რჩება იმ შეთანხმების ერთგული, რომელიც მიღწეულ იქნა 8 მარტს, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან მიმართებაში. ჩვენი გუნდის მხრიდან იქნება მხარდაჭერა ამ ცვლილებების. საჭიროა, როგორც უფრაქციო პარლამენტის წევრების, ასევე სხვა საპარლამენტო ოპოზიციური ჯგუფების მხარდაჭერა. იმედს ვიტოვებთ, ის პირები, რომლებიც აქამდე აცხადებდნენ, რომ მხარს დაუჭერდნენ კენჭისყრის პროცესის დროს, დარჩებიან ერთგულნი მათი განცხადების და მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებებს. ასევე მოვუწოდებ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მათ დესტრუქციულ კლასტერს, მობრძანდნენ, მხარი დაუჭირონ ამ ცვლილებას და აიღონ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მმართველი გუნდის მოწოდებების მიუხედავად, პროცესში მონაწილეობას და საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის მხარდაჭერას არ აპირებენ შეთანხმების მონაწილე პოლიტიკური პარტიები. ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად საჭიროა 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულება და გიორგი რურუას გათავისუფლება. „8 მარტის შეთანხმება ბოლომდე არ არის შესრულებული და გიორგი რურუა პატიმრობაში რჩება. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შესრულდება. ეს არ ნიშნავს, რომ ტერმინოლოგიას „ქართული ოცნება“ უნდა დაეთანხმოს. ნუ დაეთანხმებიან, არ არის პრობლემა, მაგრამ შეთანხმება უნდა შესრულდეს, რათა საშუალება მიეცეს ოპოზიციას, მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს“, – განაცხადა გიორგი კანდელაკმა. გიორგი რურუას გათავისუფლებამდე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერენ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც. რომან გოცირიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს დაეკისრება. „არ ასრულებს ხელისუფლება დაპირებას და ის კვლავ აგრძელებს ქვეყანაში პოლიტიკურ დევნას. ამ გადაწყვეტილების შესრულებაზე მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“ და პირადად ბიძინა ივანიშვილს. მოატყუებს მეორეჯერ ქართველ ამომრჩეველს და საერთაშორისო პარტნიორებს, მაშინ ამისთვის ძალიან დაისჯება და სამწუხაროდ, ამ დასჯაში შეიძლება მოყვეს ქვეყანა“, – განაცხადა რომან გოცირიძემ. საკონსტიტუციო ცვლილებებს ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების” მხარდაჭერა აქვს. ფრაქციის თავმჯდომარე მარია ჯაში აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების ბოლომდე მიყვანა ყველა პოლიტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობაა. „ექვსი ხმა ფრაქციიდან აქვს გარანტირებული ამ პროცესს. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე თითოეული პოლიტიკური ჯგუფის და ფრაქციის პასუხისმგებლობაა, რომ მივიდეს ეს გადაწყვეტილება ბოლომდე და მაქსიმალურად, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას არ დაემუქროს რაიმე რისკი“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა. პროექტი პირველი მოსმენით 21 ივნისის რიგგარეშე სხდომაზე განიხილება. ცვლილებების სამივე მოსმენით დამტკიცება კი საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იგეგმება. საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. პროექტით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო მოდელით უნდა ჩატარდეს.
0