რატომ არის საშიში კოღოს ნაკბენი

0
ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩვენ ირგვლივ მწერების რაოდენობაც იზრდება. ეს განსაკუთრებულ დისკომფორტს ენტომოფობებს (ენტომოფობია - მწერების შიში) უქმნის. მეორე მხრივ, მწერის ნაკბენმა შეიძლება ადამიანის ორგანიზმში სერიოზული უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. ამ მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებოა კოღო. რატომ არის საშიში კოღოს ნაკბენი? როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ სიტუაციაში? არის თუ არა კოღოს ნაკბენი საშიში ალერგიული ადამიანებისთვის? კოღოს ნაკბენს ალერგიული რეაქციის გამოწვევა შეუძლია. როგორც წესი, ნაკბენ ადგილზე სიწითლე ან შეშუპება წარმოიქმნება და ამ ყველაფერს თან ახლავს მცირე ქავილი. ეს კოღოს ნერწყვში შემავალ ცილაზე ადამიანის ორგანიზმის ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული. ამ ნივთიერებას მწერი ჩხვლეტის დროს გამოყოფს. ადამიანების უმრავლესობას კოღოს კბენის შემდეგ დისკომფორტს მხოლოდ ქავილი უქმნის. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მწერთან კონტაქტი გაცილებით ძლიერ ალერგიულ რეაქციას იწვევს. ამას კულიციდოზი (კოღოს ალერგია) ეწოდება. ამ დროს ერთადერთ ნაკბენსაც კი თან ახლავს ძლიერი შეშუპება, გამონაყარი, ტემპერატურის მატება, სუნთქვის გართულება და თავის ტკივილი. კოღოს ალერგიის მქონე პაციენტებში ნაკბენ ადგილზე შეიძლება კანქვეშ სითხის შემცველი ბუშტუკებიც წარმოიქმნას. თუ ადამიანს კოღოს მრავალრიცხოვანი ნაკბენი აქვს, ამან შეიძლება მოწამვლის სიმპტომები გამოიწვიოს. მაგალითად, გულისრევა, ღებინება, კვინკეს შეშუპება, რომელსაც ზოგჯერ თან ახლავს ასფიქსია. სასუნთქი გზების შეშუპება კი შეიძლება ლეტალურად დასრულდეს, თუ პაციენტს დახმარებას დროულად არ აღმოუჩენენ. არის თუ არა კოღო სხვადასხვა დაავადების გადამტანი? თუ კოღოს ნაკბენზე მწვავე რეაქცია არ გაქვთ, ამაზე ფიქრი არ ღირს. ის ცოტათი გაწითლდება და ყველაფერი მალე გაივლის. ზოგადად, სისხლისმსმელ მწერებს გადააქვთ ის ინფექციური დაავადებები, რომლებიც ფეხსახსრიანთა მეშვეობით ვრცელდება. სხვადასხვა სახეობის სისხლისმსმელი მწერი შეიძლება იყოს პროტოზოული (ინფექცია, რომელსაც უმარტივესი პარაზიტები იწვევენ), ბაქტერიული, ვირუსული და პარაზიტული დაავადებების მატარებლი. გასული საუკუნის 50-იანი წლებში გამოცემულ სამედიცინო ცნობარში ჩამოთვლილია ორმოცდაათზე მეტი დაავადება, რომლებითაც შეიძლება ადამიანი კოღოს კბენის შემდეგ დაინფიცირდეს. მათ შორის არის რიფტის ველის ცხელება, ყვითელი ცხელება, ტულარემია, B და C ჰეპატიტი, ლაიმის დაავადება, ლეიშმანიოზი და რა თქმა უნდა, ყველასთვის კარგად ცნობილი მალარია. ამ მხრივ ყველაზე საშიშია ტროპიკული რეგიონები. თუ სამოგზაუროდ მიდიხართ, კოღოს ნებისმიერ ნაკბენთან ფრთხილად უნდა იყოთ. ამავდროულად არსებობს კოღოს მიერ გავრცელებული დაავადებები, რომლებიც ამა თუ იმ კლიმატური პირობებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, იაპონური ენცეფალიტი, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება და სხვ. კოღოს ნაკბენით გავრცელებული დაავადებების რისკი რამდენიმე ფაქტორის გამო იზრდება: - ხშირად ადამიანი ნაკბენს ყურადღებას არ აქცევს; - ბევრი დაავადების ინკუბაციური პერიოდი რამდენიმე თვეს გრძელდება. თქვენ შეიძლება კურორტიდან დაბრუნდეთ, შვებულება და კოღოს ნაკბენი დაგავიწყდეთ, მაგრამ ინფექციის მატარებლად დარჩეთ; - კოღოს მიერ გავრცელებული უმარტივესი პარაზიტები, ვირუსები და ჰელმინთები ანტიბიოტიკების მიმართ მგრძნობიარეები არ არიან; - ატიპური დაავადებების დიაგნოსტირება ექიმებისთვის რთულია. როგორ ვებრძოლოთ კოღოს? ვისაც კოღოს წუილში დაძინების მცდელობა ერთხელ მაინც ჰქონია, იმაზეც უფიქრია, თუ რა კარგი იქნებოდა სამყარო მათ გარეშე. თუმცა ამ მწერების ტოტალური გადაშენება ეკოლოგიურ კატასტროფას გამოიწვევს. კოღოები მცენარეთა დამტვერვის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამავდროულად, კოღოები და მათი ლარვები ბევრი ცოცხალი ორგანიზმის საკვებს წარმოადგენენ. მათ შორის არიან თევზები, ამფიბიები, მტაცებელი მწერები და ფრინველები. გარდა ამისა, ეს პატარა არსებები თავიანთ სხეულში ატარებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, როგორიც არის მანგანუმი, აზოტი, ნახშირბადი, ფოსფორი, ბორი, კალციუმი, რკინა, მოლიბდენი. მწერების რაოდენობის გათვალისწინებით, ასეთი ბუნებრივი მარაგის მოცულობა ტონებში ითვლება. მეცნიერები თვლიან, რომ გარკვეულ ადგილებში მცენარეებისთვის მიკროელემენტების ერთადერთი წყარო კოღოა. მაგალითად, ტაიგის ტყეებში. ამიტომაც თუ ადამიანისთვის კოღოსგან თავის საბოლოოდ დაღწევა შეუძლებელია, ის მაინც უნდა ვიცოდეთ, მისი ნაკბენისგან თავი როგორ დავიცვათ. მწერების საწინააღმდეგო ბადე კოღოსგან თავდაცვის ყველაზე მარტივი გზაა გრძელსახელოებიანი მჭიდრო ტანსაცმლის ჩაცმა და მწერების საწინააღმდეგო ბადის გამოყენება. თუმცა ეს ვარიანტი ტყეში ლაშქრობას უფრო შეესაბამება, რადგან აგარაკზე ყოფნისას ადამიანს ჩაცმის თავისუფალი სტილი და გარუჯვა უნდა. ასეთ სიტუაციაში რეკომენდებულია სპეციალური ბადეების გამოყენება როგორც ფანჯრებსა და კარებზე, ასევე ნებისმიერ იმ ადგილზე, სადაც დროის ძირითად მონაკვეთს ატარებთ. ინსექტიციდები და რეპელენტები აბეზარ მწერებთან გასამკლავებლად საკმაოდ ბევრი ქიმიური საშუალება არსებობს. ინსექტიციდებსა და რეპელენტებს შორის განსხვავება ის არის, რომ პირველი მწერებს ანადგურებს, მეორე კი მათ მხოლოდ იგერიებს. შესაბამისად, მათი გამოყენების ინსტრუქციაც განსხვავებულია. ზოგი შეიძლება იყოს პირადი სარგებლობისთვის (ტანსაცმელზე ან ტანზე წაისვათ), სხვა კი ოთახის ან მთელი შენობის დასამუშავებლად იხმაროთ. რეპელენტების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია უსაფრთხოების ნორმების დაცვა. გაითვალისწინეთ, რომ დახურული სივრცე კარგად უნდა გაანიავოთ და ცეცხლთან ფრთხილად იყოთ. კიდევ რა შეიძლება გააკეთოთ, რომ ირგვლივ კოღოები არ მომრავლდნენ? თქვენი ადგილსამყოფელი მოაწყვეთ ისე, რომ კოღოებს მათთვის კომფორტული გარემო არ შეუქმნათ. მაქსიმალურად მოიშორეთ თავიდან ყველა ის ღია ჭურჭელი, რომელშიც შეიძლება ტენიანობა მაღალი იყოს. მაგალითად, წყლით სავსე კასრს თავი დაახურეთ, მოთიბეთ ბალახი, რადგან მის ტენიან ნაწილში მდედრ კოღოს კვერცხის დადება შეუძლია. თქვენს ადგილსამყოფელში გააშენეთ მკვეთრი სუნის მქონე მცენარეები. მაგალითად, სალბი, როზმარინი, ლავანდა, პიტნის ნებისმიერი სახეობა, გერანი და სხვ. ისინი სისხლისმსმელ მწერებს კარგად იგერიებენ და გარემოსაც ალამაზებენ. კოღოს დისკომფორტს უქმნის ნივრის, ბაზილიკისა და ტომატის სუნიც. რა თქმა უნდა, არ იფიქროთ, რომ სურნელოვანი ლავანდა მწერების პრობლემას მთლიანად მოგიგვარებთ, მაგრამ თავდაცვის სხვა მექანიზმებთან ერთად კოღოების რაოდენობას ნამდვილად შეამცირებს.
0