ჩინეთ-ინდოეთის სასაზღვრო დაპირისპირება - კონფლიქტის გარშემო მიმდინარე მოვლენები

0
ჩინეთსა და ინდოეთს შორის არსებულ სადავო ტერიტორიაზე წამოწყებული დაპირისპირება ძალადობრივ შეტაკებებში გადაიზარდა, რასაც სულ მცირე 20 ინდოელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩინეთის მხარეს არსებულ დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. აზიის ორ რეგინალურ ძალას შორის, რომელთაც დემარკაცია/დელიმიტაციის გარეშე არსებული 3500 კმ-იანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებთ, დაძაბული გარემო საკმაოდ ხშირად წარმოიშობა. ჩინეთი და ინდოეთი ძირითადად იმ ტერიტორიების დაკავებას ცდილობენ, რომელიც დაუსახლებელია. ორშაბათს, 15 ივნისს მომხდარი დაპირისპირება 1975 წლის შემდეგ იყო პირველი, როდესაც შეტაკებებს ჯარისკაცების სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი შეტაკება 1962 წელს დაფიქსირდა, მაგრამ ინციდენტების რიცხვი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის ბოლო დაპირისპირება მიმდინარე წლის მაისის თვეში, ტიბეტის მოსაზღვრედ, ინდოეთის კუთვნილ ლადახის (Ladakh) რეგიონში წარმოიშვა. ინდოეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ჩინელმა სამხედროებმა საზღვარი სამ სხვადასხვა წერტილში გადალახეს, რის შემდეგაც ტერიტორიის დაკავების მიზნით კარვები გაშალეს და დადგენილ პოზიციებზე გუშაგები განალაგეს. 9 მაისს სიკიმის (Sikkim) შტატის მაღალმთიან სასაზღვრო ზოლზე, რამდენიმე ჩინელი და ინდოელი ჯარისკაცი დაშავდა მათ შორის მომხდარი ხელჩართული დაპირისპირებისას. ოფიციალური დელის განცხადებით, ჩინური დანაყოფები, ლადახის რეგიონში, რამდენიმე დღის მანძილზე არღვევდნენ სასაზღვრო ზოლს, რის შემდეგაც ინდოეთმა ამ ტერიტორიაზე დამატებითი სამხედრო ძალების გადაწყვეტილება მიიღო.
დაძაბული ფონის შესამსუბუქებლად, მხარეებმა გასულ კვირას ჩინეთის დე-ფაქტო კონტროლის ქვეშ არსებულ ე.წ. მალდოს (Maldo) სასაზღვრო პუნქტზე მოლაპარაკებები გამართეს. ამავდროულად, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონებში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მხარეები ყველანაირ სამხედრო და დიპლომატიურ არხებს იყენებენ. აქვე, ოფიციალურმა პეკინმაც დაახლოებით ანალოგიური განაცხადა და აღნიშნა, რომ მათ მიაღწიეს „პოზიტიურ კონსესუსს“ საზღვარზე არსებული დაძაბულობის განსამუხტად. რეალურად მოლაპარაკებები არანაირი შედეგის მომტანი აღმოჩნდა. ინდური საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით, გასულ კვირას ინდოეთის არმიამ ჩინეთის „სახალხო განმანთავისუფლებელ არმიას“ დაუთმო კონკრეტული ტერიტორიები - პანგონის (Pangong) ტბის ჩრდილოეთი მხარე და სტრატეგიული მნიშვნელობის მდინარე გალვანის (Galwan) ხეობა. შეტეკებების დროს დაღუპულთა შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ჩინეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის ჟაო ლი ჯიანის განცხადებით, ინდურმა დანაყოფებმა ორჯერ გადაკვეთეს სასაზღვრო ზოლი, რის შემდეგაც მოახდინეს ჩინელი სამხედროების პროვოცირება, რამაც „მნიშვნელოვანი ფიზიკური კონფრონტაცია“ გამოიწვია. მსოფლიოს ორ ყველაზე მრავალრიცხოვან და ამავდროულად ბირთვულ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება თითქმის 40 წელს ითვლის. ქვემოთ მოცემულია ამ თემასთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი თარიღი:

ნერუს ვიზიტი პეკინში 1959 წელს

ინდოეთის ხელისუფლებამ ჩინეთთან არსებული სასაზღვრო დავა მემკვიდრეობით ბრიტანელი კოლონიზატორი მმართველებისგან მიიღო, რომლებმაც 1914 წელს, საზღვრების დადგენის მიზნით, ტიბეტისა და ჩინეთის მთავრობებთან კონფერენცია გამართეს. ოფიციალურ პეკინს არასდროს უღიარებია 1914 წელს დადგენილი საზღვრები (ცნობილი როგორც “McMahon Line”) და დღემდე პრეტენზიას აცხადებს 90 000 კვ/კმ-ის ტერიტორიაზე - ფაქტიურად რასაც ინდოეთის შტატი არუნაჩალ-პრადეში (Arunachal Pradesh) წარმოადგენს. ზემოხსენებულ სასაზღვრო დავასთან არსებულ პირველ მნიშვნელოვან თარიღს, 1959 წელს, ინდოეთის იმჟამინდელი პრემიერ-მინისტრის ჯავაჰარიალ ნერუს (Jawaharial Nehru) პეკინში ვიზიტი წარმოადგენს. ნერუმ ეჭვქვეშ დააყენა ჩინეთის ოფიციალურ რუქებზე მითითებული საზღვრები, რითაც ჩინეთის პრემიერი ჟოუ ენლაი აიძულა გამოეთქვა აზრი, რომ ოფიციალური პეკინი კოლონიურ საზღვარს არ ეთანხმებოდა.

1962 წლის ჩინეთ-ინდოეთის ომი

1962 წელს, საზღვრების დემარკაციის პროცესში, ჩინურმა დანაყოფებმა სადავო ტერიტორია გადაკვეთეს. აღნიშნულმა ოთხკვირიანი ომი გამოიწვია, რასაც ინდოეთის მხარეს ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. ომის შემდეგ, ჩინეთმა გაიყვანა თავის დანაყოფები, მაგრამ შეინარჩუნა ტიბეტსა და დასავლეთ ჩინეთს შორის დამაკავშირებელი ე.წ. აქსაი ჩინის (Aksai Chin) სტრატეგიული მნიშვნელობის დერეფანი. ინდოეთი დღემდე აცხადებს პრეტენზიას ზემოთ აღნიშნულ დერეფანზე, ისევე როგორც ჩრდილოეთ ქაშმირში, ჩინეთის მიერ კონტროლირებად შაქსგამის (Shaksgam) ხეობაზე.

1967 წლის „ნათუ ლას“ კონფლიქტი

მხარეთა შორის კიდევ ერთი გადაკვეთის წერტილი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „ნათუ ლა“ (Nathu La) აღმოჩნდა, რომელიც ბუტანს, ტიბეტსა და ნეპალს შორის მოქცეულ უღელტეხილზე მდებარეობს. წარმოშობილი კონფლიქტის შემდეგ, ოფიციალურმა დელიმ განაცხადა, რომ შეტაკებებს 80 ინდოელის და კიდევ 400 ჩინელი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა.

1975 წლის „ტულუნ ლას ჩასაფრება“

აღნიშნული შეტაკება იყო უკანასკნელი, სადაც, არსებული საზღვრის გასწვრივ ცეცხლსასროლი იარაღი იქნა გამოყენებული. 4 ინდოელ ჯარისკაცს ჩასაფრება მოუწყვეს და მათი ლიკვიდაცია განახორციელეს. ინდოეთმა ჩინეთი დაადანაშაულა სასაზღვრო კონტროლის დარღვევასა და ტერიტორიაზე შეჭრაში, რაც ოფიციალურმა პეკინმა უარყო.

2017 წლის ინციდენტი

აღნიშნულ წელს, ორ სახელმწიფოს შორის მას შემდეგ დაიძაბა ვითარება, რაც ბუტანის სიახლოვეს არსებულ დოქლამის (Doklam) პლატოზე, ჩინეთის ხელისუფლებამ ავტომაგისტრალის მშენებლობა დაიწყო. ინდოეთის მთავრობამ მშენებლობის შესაჩერებლად სამხედრო ძალებიც გაგზავნა. „დოქლამის პლატოს“ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს გამომდინარე იქიდან, რომ არის ე.წ. ვიწრო გასასვლელი, რომელიც ინდოეთის ჩრდილოეთ შტატებს ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან აკავშირებს. საკითხი მოლაპარაკებების შემდეგ მოგვარდა. მომზადებულია რატი ერისთავის მიერ. #China #India #borders #clash #conflict
#ახალიამბები
#პოლიტიკა
0