ბედნიერება შენებაშიაო...

0
"არაფერი არ გვეშველება, ვიდრე ერთხელ და სამუდამოდ არ მოვიშლით საოცარ, არაფრისმაქნის ყოყლოჩინობას, რომ თურმე ნუ იტყვით და, ყველაფერი, რაც დღემდე გაჩენილა დედამიწაზე, საქართველოში დაიწყო, რომ მსოფლიოში ყველა გამოჩენილ ადამიანს მამა ქართველი ჰყავდა, რომ თვითმფრინავი, მატარებელი, რადიო, ტელევიზორი, ტელეფონი საქართველოში გამოიგონეს: რომ საქართველოში უფრო მეტი დოცენტი, დოქტორი და პროფესორია, ვიდრე ბელგიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ინგლისში ერთად აღებული. ვის რად სჭირდება ეს? ან ვინ დაიჯერებს ამას? ერთხელ მარკ ტვენს ჰკითხეს, რატომ სიცოცხლეში ძეგლს არ გიგებენო. მან ასე უპასუხა, მირჩევნია, ეგ მკითხონ, ვიდრე ის, რატომ დაგიდგეს ძეგლიო. განა ის არ ჯობს, თვითონ სტუმრებმა და უცხოელებმა გვაქონ, ვიდრე ჩვენ თავად ვიყოყლოჩინოთ და ვიყელყელაოთ? მე ჩემი თვალით მინახავს საქართველოში ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ჩვენი მინანქრის, ფრესკების, ოქროჭედურობის, ტაძრების, სიმღერებისა და ცეკვების დიდებულებით დარეტიანებული, სვეტიცხოველის ეზოში მუხლებზე დამხობილი და ცაში ხელებაპყრობილი უცხოელი როგორ ევედრებოდა გამჩენს - თუ შეგიძლია, ეს უნიკალური ქვეყანა შეუნახე კაცობრიობასო. და არ იყო იმ დღეს კაცი ქვეყანაზე ჩემზე ბედნიერი! დიდებულია წინაპართა აშენებულით ტკბობა, მაგრამ ბედნიერება არა აშენებულით ტკბობაში, არამედ შენებაშიაო - ასე თქვა, თუ გახსოვთ, "ალავერდობაში" გურამ რჩეულიშვილმა და ეს ნიჭიერი კაცის სწორი სიტყვებია." ნოდარ დუმბაძე წერილიდან "გვესმას მშობლისა"
0