რომან გოცირიძე კენჭისყრის შედეგებით კმაყოფილია

0
მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს იმას ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულდა. ახლა, დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს ქვეყანაში პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას , - ამის შესახებ ფრაქცია"ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს საკონსტიტიციო ცვლილების პირველი მოსმენით მხარდაჭერაზე განუცხადა. მისი განმარტებით, როდესაც ბოლომდე შესრულდება 8 მარტის შეთანხმება" ნაციონალური მოძრაობა" კონსტიტუციური კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენის კენჭისყრაშიც მიიღებს მონაწილეობას. "ეს იმას ნიშნავს, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნება საერთო სახალხო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობას შემატებს საარჩევნო პროცესს და შემატებს მეტ ნდობას. წინააღმდეგ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობის" და სხვა მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიქონიებ, რომ შეთანხმების ორივე მხარე ბოლომდე შესრულდება, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში და ხმა მივცეთ. ჩვენ ვიცავდით ჩვენს პრინციპებს, რომ მხოლოდ შეთანხმების მთლიანი შესრულება მოგცემდა საშუალებას, მონაწილეობა მიგვეღო კენჭისყრაში. ამავე დროს, პატივს ვცემთ იმ ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების გადაწყვეტილებას დღევანდელ კენჭისყრაში, რომლებმაც დააზღვიეს ერთგვარი რისკები და "ქართულ ოცნებას" კიდევ ერთხელ არ მისცეს საშუალება, მოეტყუებინა ამომრჩეველი და საერთაშორისო პარტნიორები", - განაცხადა გოცირიძემ.
0