დათო ტურაშვილი ახალი წიგნით მკითხველს ღვინის სამშობლოში ამოგზაურებს

0

19 ივნისს სულაკაურის გამომცემლობის ორგანიზებით დათო ტურაშვილის წიგნის საქართველო — ღვინის სამშობლო პრეზენტაცია ღვინის ქარხანა #1-ში გაიმართა. წიგნში თავმოყრილია ფაქტები ქართული ღვინის უნიკალურობის და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, რაც მკითხველს სრულ წარმოდგენას უქმნის, თუ როგორ იქცა ღვინო ქართველების განუყოფელ ნაწილად. პრეზენტაციაზე ავტორმა სწორედ ქართული ღვინის მრავალფეროვნებასა და მის ისტორიაზე ისაუბრა. "არ შემხვედრია მსოფლიოში ადამიანი, ვისაც ნამდვილი ქართული ღვინო, განსაკუთრებით ქვევრის ღვინო არ მოსწონს, მაგრამ, სამწუხაროდ, ბევრი ინფორმაცია ამის შესახებ არ აქვთ, ამიტომ გამიჩნდა იდეა, დამეწერა ეს წიგნი", — ამბობს დათო. ის აღნიშნავს, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ქვევრის ღვინის დაყენების ტრადიცია უწყვეტად შეინარჩუნა, მსგავსი მეთოდები კი ბევრმა ქვეყანამ დაკარგა. "ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ისინი ფიქრობდნენ, რომ ეს იყო ძალიან არქაული მეთოდიკა, თუმცა საუკუნეების შემდეგ, ახლახან აღმოაჩინეს, რომ ყველაზე ძველი, სინამდვილეში ყველაზე ახალი და თან სასარგებლოა", — ამბობს დათო. ტურაშვილის აზრით, არცერთი სხვა ქვეყნის ცხოვრებაში, ისტორიაში, კულტურაში, ლიტერატურასა თუ რელიგიაში ღვინოს ისეთი მნიშვნელობა არ ჰქონია, როგორიც საქართველოში. "ჩვენ 8000 წლის წინ მივიღეთ პირველი მოსავალი, ველური ვაზი ვაქციეთ კულტურულად და მეცნიერულად დასტურდება, რომ მსოფლიოში პირველი მეღვინეები ვართ. ჩვენი ყველა ისტორიული არჩევანი პირდაპირ კავშირშია ღვინოსთან", — აღნიშნა მან.

ავტორმა საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული ღვინის მასობრივ ფალსიფიკაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ მეოცე საუკუნე ქართული ღვინისთვის გამანადგურებელი პერიოდი იყო. "საბედნიეროდ, 2006 წელს, როცა რუსეთმა გადაწყვიტა თავისუფლებისთვის დავესაჯეთ ქართველები და ღვინის იმპორტი აკრძალეს, ქართველმა მეღვინეებმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღეს — მოეძებნათ ალტერნატიული ბაზარი და ნამდვილი ღვინის დაბრუნება დაიწყეს", — ამბობს დათო.

#ხელოვნება
#მწერლობა
#დათოტურაშვილი #ახალიწიგნი #მკითხველი
Tbilisi
#ხელოვნება
0