აშშ-ის საელჩო პარლამენტს ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს

0
პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას საქართველოში აშშ-ის საელჩოც ეხმაურება. შესაბამისი განცხადება საელჩოს Facebook-ზე გამოქვეყნდა. „აშშ-ის საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისაკენ“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე დღეს, საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 136 დეპუტატმა, 5 კი წინააღმდეგ მისცა ხმა. რეგისტრაცია გაიარა 142 დეპუტატმა. ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს ბიძინა გეგიძემ, ალექსანდრე ერქვანიამ, ემზარ კვიციანმა, კახაბერ ოქრიაშვილმა და დავით ჭიჭინაძემ. კენჭისყრაში მონაწილეობდნენ „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები, მათ ცვლილებას მხარი დაუჭირეს, „ნაციონალური მოძრაობა“ კი ხმის მიცემის პროცესში არ ჩაერთო. პარტიაში აცხადებენ, რომ გიორგი რურუას გათავისუფლებამდე კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებენ. კანონპროექტის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში აირჩევენ 120 წევრს პროპორციული და 30 წევრს მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.
0