რა ადგილია გამოსახული ფოტოზე?

0
თბილისის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მთაწმინდის მთის შუაწელზე მამადავითის გუმბათიაანი ეკლესიაა აღმართული. სახელწოდება , , მთაწმინდა” დაახლოებით X საუკუნეში წარმოიშვა ათონის წმ. მთის მიხედვით. ამავე დროს მთას , , მამადავითისასაც” უწოდებენ, რადგან გადმოცემის მიხედვით VI საუკუნეში ამ მიდამოებში-მღვიმეში ცხოვრობდა წმ. მამა Dდავით გარეჯელი. სავარაუდოდ, X საუკუნეში ამავე ადგილას დაასდა მონასტერი, რომელიც XIII-XIV საუკუნეებში უკვე აღარ არსებობდა. მოგვიანებით, 1542 წელს ძმებ ნიკოლოზ და დავით გაბაშვილების თაოსნობით ღმრთისმშობლის სახელობის სავანე აღდგა. XVIII საუკუნეში მონასტერი უმოქმედო იყო, დაზიანებული ნაგებობები თანდათან ინგრეოდა. 1810 წელს დაცარიელებული მონასტრის ძველი ეკლესიის ნაცვლად ფერისცვალების სახელობის სამლოცველო იგება. მისკენ მიმავალი ფართო და ხვეული გზა გენერალ ერმოლოვის ხელმძღვანელობით გაიჭრა 1817 წელს. წმ. დავით გარეჯელის სახელობის ანუ მამადავითის ეკლესია 1859-1871 წლებში აიგო, გუმბათი კი 1879 წელს დაადგეს. აგურით ნაშენი ტაძარი გარედან ტრადიციული ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის ფორმას იმეორებს, მაგრამ ინტერიერში მას გრძივი მკლავები არ აქვს, სივრცე ერთიანი და დაუნაწევრებელია. დასავლეთის მკლავში ხის პატრონიკეა განთავსებული. შესასვლელი ორი მხრიდან აქვს: დასავლეთიდან და სამხრეთიდან. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების ზედა ნაწილებს შემოუყვება დეკორატიული თაღედი და აბსიდის მრგვალი სარკმლის ქვეშ წითელი ფერის ქვით ჯვარია გამოყვანილი. ნახევარწრიულად შვერილი აბსიდი მთელი მკლავის სიგანეს იკავებს და შორიდანვე იქცევს ყურადღებას. ინტერიერი XIX საუკუნის ბოლოს მოხატეს. მხატვრობის უმეტეს ნაწილს ქართველ წმინდანთა ფიგურები შეადგენს, საკურთხეველში წმ. სამების გამოსახულებაა მოცემული. ეკლესიის სამხრეთით მდგომი სამიარუსიანი სამლოცველო ასევე აგურითაა ნაშენი, მესამე იარუსი-სამრეკლო კი ქვისაა და თაღებითაა გახსნილი. 1929 წლიდან მოყოლებული მამადავითის ეკლესიის ირგვლივ არსებული ტერასა ოფიციალურად გამოცხადდა მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
0