პატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმისთვის

0

1.       შესავალი

ვაჟა-ფშაველა სახელგანთქმული პოეტია არა მხოლოდ თავისი პოემებით, არამედ პუბლიცისტური წერილებითაც; მათ შორის ყველაზე ცნობილია 1905 წელს დაწერილი „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი.“ ეს პუბლიცისტური წერილი ზოგ შემთხვევაში აღიქმება ისე, როგორც ვაჟა პატრიოტიზმს მხარს უჭერს კოსმოპოლიტიზმის საწინააღმდეგოდ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმ დროის კონტექსტს ვითვალისწინებთ. მოგეხსენებათ, რომ მე-19 საუკუნის 60-იან წლებიდან დაიწყო ქართველი სტუდენტების რუსეთში უნივერსიტეტებში განათლების მიღება და ამ სტუდენტების ერთი ნაწილისგან, მათ შორის ილია და აკაკი, მოგვიანებით შეიქმნა „პირველი დასი.“ როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის ბოლო წლებიდან „მესამე დასი“ გააქტიურდა და მკაცრად აკრიტიკებდა პირველ დასს, რადგანაც პირველი დასის ეროვნული თუ ნაციონალური იდეა ეწინააღმდეგება მესამე დასის ინტერნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმს. იმაზე თქმაც არაა საჭირო, თუ როგორ დამთავრდა ეს წინააღმდეგობა 1907 წელს — ანუ „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმის“ გამოქვეყნიდან 2 წლის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ერთ მხრივ ბუნებრივია გავიგოთ, რომ ამ წერილით ვაჟა მხარს უჭერს ეროვნულ-ნაციოანლურ მოძრაობას, რომლის მიხედვითაც ილია საქართველოს დეკოლონიზაციას და დერუსიფიკაციას ცდილობდა, და თვითონ ვაჟაც პირველი დასელია.
რასაკვირველია, ნაციონალიზმი არის ძლიერი იდეოლოგია და ნარატივი იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის საწინააღმდეგოდ ბრძოლისთვის. თუმცა, მაშინ, როდესაც ერთხელ წარმატებით ხორციელდება დეკოლონიზაცია, თვითონ ნაციონალიზმი სხვა მცირერიცხოვანი ერების ჩაგვრის საშუალებად, ან სხვა ეროვნული სახელმწიფოებთან კომფლიქტის მიზეზად სწორედ გადაიქცევა. ამ პოსტკოლონიალური თვალსაზრისიდან გამომდინარე, ჩვენ ყურადღებით უნდა ვიმსჯელოთ ნაციონალიზმზე, როგორც დიდ იმპელიასთან საბრძოლო იდეოლოგიაზე; უნდა აღვიქვათ ნაციონალიზმის ზემოხსენებული ორი მხარე. ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ ამდაგვარი პოლიტიკური სიტუაციები აზიისა და აფრიკის პოსტკოლონიალურ სახელმწიფოებში და გარკვეულწილად მსგავსებას ვხედავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც — მათ შორის საქართველოშიც, სადაც პირველი დასის ეროვნული იდეოლოგია ნაციონალური ნარატივის ბირთვად დღემდე აღიქმევა.
მაშ ასე, ქართული ლიტერატურის კანონად ჩათვლილი ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვისას, ჩვენს მოცემულ შემთხვევაში ვაჟა-ფშაველას, მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ პოსტკოლონიალური გაფრთხილებას, რათა თავიდან ავიცილოთ ნაციონალიზმის ზემოხსენებულ დილემაში (სხვა სიტყვით, შოვინიზმში) ჩავარდნა. ახლა ჩვენი მიზანია დავაკვირდეთ, თუ როგორ შეგვიძლია წავიკითხოთ და გავიგოთ ვაჟას ნაწარმოებები არა ისეთი მარტივი გაგებით, რომ იგი „ნაციონალიზმის“ ქართული დისკურსის ერთი ნაწილია.

2.       პატრიოტიზმი და „ადგილის გრძნობა“

„კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმში“ ვაჟა პატრიოტიზმის მხარდამჭერ არგუმენტს გვთავაზობს და წერს:
ვერ წარმომიდგენია ადამიანი სრულის ჭკუისა, საღის გრძნობის პატრონი, რომ ერთი რომელიმე ერი სხვებზე მეტად არ უყვრდეს, ან ერთი რომელიმე კუთხე. რატომ? — იმიტომ: ერთი და იგივე ადამიანი ათასს ადგილას ხომ არ იბადება, არამედ ერთს ადგილას უნდა დაიბადოს, ერთს ოჯახში, ერთი დედა უნდა ჰყავდეს! (Vazha-Pshavela 9:254)
პოეტი ფიქრობს, რომ, როცა ერთი ადამიანი იბადება ამ სამყაროში, იგი კონტაქტსა და კომუნიკაციას იწყებს თავის დედასთან, ასევე გარემოებასთან, და ამიტომაც ბუნებრივია, ისინი შეუყვარდეს და გამოჩნდეს მის გულში პატრიოტული სულისკვეთება.
საიტერესოა, რომ ვაჟას ეს აზრი ეკოკრიტიციზმის ერთ-ერთ მთავარ საგანს, „ადგილის გრძნობას“ ეხმიანება. გარკვეული თვალსაზრისით, „ადგილის გრძნობა“ იქმნება ადამიანსა და გარემოს შორის არსებულ ურთიერთობისგან, რომელსაც ადგილობრივი მკვიდრები ქმნიან იმავე ადგილების ისტორიით, კულტურით, მეხსიერებითა და ცოდნით: „ადგილის გრძნობა ეტაპობრივად და შეუგნებლად ვითარდება იქიდან, რომ სახლდებიან ლანდშაფტში დროთა განმაოვლობაში, ეცნობიან ფიზიკურ მამულს (ან მიწებს?) და ზრდიან ისტორიას მის შემოფარგლებაში“ (Ryden 38). თუ მასეა, ჩვენ თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რასაც ვაჟა-ფშაველა წერს ესეში, „ადგილის გრძნობის“ ქართული ვერსიაა.
გრიგორ კიკნაძე შემდეგნაირად მიგვითითებს:
მაშინ, როდესაც ილიას და აკაკის შემოქმედებაში მაინცდამაინც სამშობლოს რომელიმე კუთხისადმი სიყვარული კი არ ჩქეფს, არამედ მათი სიყვარულის ობიექტია საზოგადოდ სამშობლო; მაშინ, როდესაც ამ პოეტების ნაწერებში რომელიმე კუთხისადმი სიყვარული პიდაპირ დაქვემდებარებულია სამშობლოს, როგორც ასეთის, იდეისადმი, — ვაჟა-ფშაველას შემოქმედებაში სამშობლო წარმოდგენილია არა როგორც ზოგადი იდეა, არამედ როგორც მისი კუთხე თავისი მდინარეებითა და მთებით, ყვავილებით, ფრინველებით და ცხოველებით… (K’ik’nadze 44) 
ეს თვალსაზრისი სწორედ ვაჟა-ფშაველას ადგილის გრძნობის რაობას გვიჩვენებს. პეტერბურგიდან დაბრუნების შემდეგ იგი ცხოვრობდა მშობლიურ სოფელში, ჩარგალში, დადიოდა სოფლებში, აგროვებდა ფოლკლორულსა და ეთნოგრაფიულ მასალებს და მერე ამ მასალებით ქმნიდა ლიტერატურულ ნაწარმოებებს: „ჩემი პოემები თითქმის ყველა სულ ხალხურ თქმულებებზე, ძველ ამბებზე არიან დაფუძნებილნი […]“ (Vazha-Pshavela 9:363).
მაგალითად, პოემა „გველის მჭამელის“ შექმნისას ვაჟამ გამოიყენა ხალხური თქმულება „ხოგაის მინდი“, რომელშიც მთავარმა გმირმა მინდიამ გველის ხორცი შეჭამა, მცენარეების ენის მცოდნე გახდა და გაექიმდა. ხალხური თქმულების ეს სიუჟეტი გარკვეული რეფლექსიაა ადგილობრივი ხალხისა და ბუნების ურთიერთობისა, ხოლო ვაჟას ამ სიუჟეტისთვის დაუმატებია ეთნოგრაფიული დეტალები პოემაში; „გველის მჭამელში“, ასევე სხვა პოემებშიც, ვაჟა ტრადიციულ დღესასწაულზე (ლაშარობაზე) ხშირად გამოთქვამს.
ან, უფრო მარტივად, პოეტი თავის შემოქმედებაში კონკრეტულ აგდილებს ხშირად ახსენებს, რის შედეგადაც მკითხველი ადვილად ხვდება, თუ სად ვითარდება სიუჟეტი. მაგალითისთვის მოვიყვანოთ პოემა „ბახტრიონი“; ეს პოემა წარმოადგენს ბახტრიონის ბრძოლის (1659) სურათებს და გვიჩვენებს, თუ როგორ თამამად ებრძვიდნენ მთიელები მტრებს, რომლებიც ბარს იკავებდნენ კახეთში. მიგვაჩნია, რომ პოემაში ძალიან ბევრი კონკრეტული ადგილების სახელია ნახსენები: ხოშარა, აფხუშო, როშკა, ამღა, გუდანი, ჭორმეშალი, ჭიე, ღული, ხახმატი, ბაჩალი, ახადი, გოგოლაურთა, მათური და ალაზნის თავიც კი… ამ კონკრეტულობით, ჩვენ მკითხველები ამ პოემას ისე ვკითხულობთ, რეგიონის ისტორიასა და მეხსიერებას თითქოს თვითონ რომ განვიცდიდით.
მოკლედ, ვაჟას ადგილის გრძნობა მჭიდროდ უკავშირდება ფშავ-ხევსურეთის ისტორიას, სადაც ვაჟა დაიბადა მაშასადამე უყვარს. ერთგან წერს მწერალი: „ისტორიული წარსული, ბუნება ქართველობისა გვაიმედებს, რომ — ეს „ნაციონალიზმი“ მუდამ იქნება ჯანსაღი და არადროს იგი შოვინიზმად, ფანატიზმად არ გადაიქცევა“ (Vazha-Pshavela 9:291). თუ ადგილის გრძნობის იდეა გამოჩნდა და  განვითარდა ნაცია-სახელმწიფოსა (nation-state) და ბუნდოვანი ნაციონალური იდენტობის გასაკრიტიკებლად, ამ გაგებით ვაჟა-ფშაველა, ილიასა და აკაკის არამსგავსად, რომლებიც ერთიანი „წარმოდგენილი საზოგადოებისა“ (imagined community) და ნაციონალური იდენტობის შექმნას ხელს უწყობდნენ, გვიხსნის თავის ადგილის გრძნობას, როგორც ადგილობრივი ისტორიის, ბუნებისა და კულტურისადმი სიყვარულს, და ასე რომ მისი „ნაციონალიზმი“ მუდმივად „ჯანსაღი“ იქნება.

3.       პატრიოტიზმი კოსმოპოლიტიზმისთვის

მიუხედავად ზოგადი გაგებისა, „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზში“ ვაჟა-ფშაველა სინამდვილეში კოსმოპოლიტიზმს არ უარყოფს. იგი ამ ესეს იწყებს შემდეგნაირად:
ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია. როგორ? ასე, — რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავის სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთსო წევრებს, საუკეთესო მეგობარს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას. (Vazha-Pshavela 9:252)
პოეტი ფიქრობს, რომ, რადგან ნაციონალიზმის მიერ შეტანილი წვლილით თითოეული ერის განვითარება საბოლოო ჯამში მთელი კაცობრიობის განვითარებამდე მიაღწევს, პატრიოტიზმი და ნაციონალიზმი კოსმოპოლიტიზმს არ ეწინააღმდეგება.
ზემოხსენებული კონცეპციიდან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ორი თვალსაზრისი, რომლის მიხედვითაც შეიძლება გავიგოთ ვაჟას პოემები:
1) ვაჟა-ფშაველა ფიქრობს, რომ ლოკალური წარმოშობის გარეშე ჩვენ ვერ გავხდებით გლობალური ან კოსმოპოლიტი (განსაკუთრებით კულტულური და ლიტერატურული კუთხით). სწორედ ამიტომაც, ვაჟა განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭევს ადგილის გრძნობას, როგორც ზემოთ გადავხედეთ. ვაჟას მტკიცედ რწამს, რომ ქართველებს თავისი რეგიონ(ებ)ზე სიყვარული შეუძლია. ეს სიყვარული კი ხელს უწყობს გაამდიდრონ თავისი რეგიონ(ებ)ი და სამშობლო და სწორედ ამ გზით კაცობრიობაში წვლილს შეიტანენ. სწორედ ამიტომაც, ეს სიყვარულისუნარიანი „ბუნება ქართველობისა“ გარანტიას აძლევს იმ ნათქვამს — „ნაციონალიზმი მუდამ იქნება ჯანსაღი“.
2) ამავდროულად, ვაჟა აკრიტიკებს ადგილობრივი საზოგადოების კონსერვატიზმსა და აუტანლობას და პოემებში ხატავს იმ სახეებს, რომლებიც განდევნილი არიან საზოგადოებისგან. უთუოდ შეიძლება ვთქვათ, რომ მისი პოემების ერთ-ერთი მთავარი მოტივია სწორედ საზოგადოებისა და ინდივიდის დაპირისპირება. ჩვენთვის იმის გახსებებაც არაა საჭირო, თუ როგორაა დახატული ეს დაპირისპირება: ალუდა „ალუდა კეთელაურში“; ზვიადაური, ჯოყოლა და აღაზა „სტუმარ-მასპინძელში“; და მინდია „გველის მჭამელშიც“: მინდიას უნარზე ერთხელ თანასოფლელები აკრიტიკებდნენ. ყველა ეს მაგალითი მიგვითიტებს, რომ ვაჟა განზრახ იმეორებს კომფლიქტის თემას ინდივიდსა და საზოგადოებს შორის.
გარდა ამისა, ჩვენთვის კიდევ საინტერესოა ის, რომ ამ გმირების მისამართები, საითკენაც გაძევებულები მიდიან, წარმოდგენილია, როგორც „დეტერიტორიზებული“ (deterritorialized) სივრცე. მაგალითად, „სტუმარ-მასპინძელში“ უკანასკნელი სურათი ისეთია, რომ მათი ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ ჯოყოლა, აღაზა და ზვიადაური საფლავებიდან აჩრდილებივით ადგებიან, იკრიბებიან კლდეზე და საუბრობენ ერთმანეთს. ეს კადრი წარმოდგენილია როგორც ერთგვარი სიკვდილის შემდგომი სამყარო (თუ ასე შეიძლება ვთქვათ, საიქიო), ანუ, დეტერიტორიზებული სამყარო. „გველის მჭამელში“ კი ის დრო-სივრცე (time-space), სადაც მინდიას ესმის ბუნების ენა, პრე-ისტორიულ, ედემურ სივრცედ შეიძლება აღვიქვათ. ეს დეტერიტორიზებული სივრცე, როგორც ჩანს, არაა ორიგინალიურ ფოლკლორულ ტექსტში, რომელიც ვაჟამ დააგროვა და გამოიყენა პოემის შესაქმნელად; ის უფრო მისი ორიგინალური წარმოსახვაა, როგორც თვითონ ადასტურებს (Vazha-Phsavela 9:363–365). თუ მასეა, შეიძლება ითქვას, რომ ვაჟა-ფშაველა სპეციალურად ამ დეტერიტორიზებულ სივრცეს ამზადებს ადგილობრივ, ლოკალურ სივრცესთან კონტრასტის შესაქმნელად, რათა ამ ლოკალური ვიწრო იდენტობის „დეკონსტრუირება“ მოახდინოს, ვიდრე გამოეხატა კოსმოპოლიტური სივრცე, სადაც ლოკალურ იდენტობასთან არანაირი კავშირი არ არსებობს.

4.       დასკვნა

"კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმში“ ვაჟა-ფშაველა წერს:
პატრიოტიზმი უფრო გრძნობის საქმეა, ვიდრე ჭკუა-გონებისა, თუმცა კეთილგონიერება მუდამ ყოფილა და არის მისი მათაყვანებელი და პატივისმცემელი. კოსმოპოლიტიზმი მხოლოდ ჭკუის ნაყოფია, ადამიანის კეთილგონიერებისა, მას ადამიანის გულთან საქმე არა აქვს, იგი საღსარია იმ უბედურობის ასაცილებლად, რომელიც დღემდის მთელს კაცობრიობას თავს დასტრიალებს. (Vazha-Pshavela 9:254)
ვაჟას ეს მოსაზრება ეხმიანება ეკოკრიტიციზმის დღევანდელ დისკუსიას, რომელიც ეხება რეგიონალიზმისა და ლოკალიზმის შერიგებას, რათა გავძლიოთ ისეთ  გარემოს დაცვის გლობალურ კრიზისს, როგორიცაა გლობალური დათბობა. ზოგი ეკოკრიტიკოსი ფიქრობს, რომ ცოდნა და ტექნოლოგია ხელს უწყობს ლოკალური იდენტობის გლობალურ დონემდე გაფართოვებას (Heise 16–67; Thomashow 1999). რასაკვირველია, ეს ეკოკრიტიკული თვალსაზრისი ჩვენს დისკუსიას გადაიჭარვება, მაგრამ მაინც შეიძლება ვთქვათ, რომ ის, რასაც ვაჟა აცხადებს თავის ესეში, დღემდე მნიშვნელობას არ კარგავს.
მოკლედ, ვაჟა-ფშაველა თავის ნაწარმოებებში ადგილობრივ ტრადიციას, როგორც შემოქმედების საფუძველს, აღწერს და ამავდროულად თავისი ლოკალური ადგილ(ებ)იდან განდევნილ გმირებსაც ხატავს, რათა გვიჩვენოს ადგილობრივი საზოგადოების ეთიკურად განვითარების გზა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პოეტი გვთავაზობს სწორედ ადგილის გრძნობას და/მაგრამ ამავდროულად წარმოსახავს დეტერიტორიზებულ სივრცეს. ასეთ დეტერიტორიზაციაზე შეგნებით, ადგილობრივი, ლოკალური იდენტობა და ნაციონალიზმი კი „ჯანსაღად“ რჩება და მსოფლიოში გარკვეულ წვლილს შეიტანს.
გამოყენებული ლიტერატურა:
Heise, Ursula. Sense of Place and Sense of Planet: The Environmental Imagination of the Global, Oxford: Oxford University Press, 2008.
K’ik’nadze, Grigol. Vazha-Pshavelas Shemokmedeba, Tbilisi: Sakhelgami, 1957 (კიკნაძე, გრიგოლ. ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, თბილისი: სახელგამი, 1957).
Ryden, Kent. Mapping the Invisible Landscape: Folklore, Writing, and the Sense of Place, Iowa: University of Iowa Press, 1993.
Thomashow, Mitchell. “Toward a Cosmopolitan Bioregionalism,” in Bioregioanlism edited by Michael Vincent McGinnis, London and NY: Routledge, 1999.
Vazha-Pshavela. Tkhzulebata Sruli K’rebuli At t’omad, Tbilisi: Sabch’ota Sakartvelo, 1964 (ვაჟა-ფშაველა.თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1964).
0