როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის და რა ძირითადი ეტიკეტები უნდა დავიცვათ?

7
რატომ არის მნიშვნელოვანი გასაუბრებისთვის მზადება?
გასაუბრება არის პროცესი როდესაც დამსაქმებელი ხვდება კანდიდატს, და სურს დაადგინოს რამდენად შესაფერისია ესა თუ ის კანდიდატი კონკრეტული პოზიციისთვის, აქვს თუ არა ის კვალიფიკაცია რაც ვაკანსიას შეეფერება. გასაუბრება ასევე არის შესაძლებლობა დამსაქმებელმა დაადგინოს, შეესაბამება თუ არა კანდიდატის ღირებულებები კომპანიის კულტურას. გაქვთ თუ არა გუნდური მუშაობის კულტურა? გაქვთ ის  ღირებულებები და სამუშაო ეთიკა რაც კომპანიის პრინციპებთან არის ახლოს? შესაბამისად, გასაუბრებაზე მაქსიმალურად კარგად უნდა წარმოაჩინოთ თავი, რათა გამსაუბრებელმა ვაკანსიისთვის ღირსეულ კანდიდატად აღგიქვათ.
გასაუბრებისთვის მზადება საკმაოდ მნიშვნელოვან პროცეს წარმოადგენს. იმისთვის, რომ გასაუბრებაზე იყოთ თავდაჯერებულები, გამოავლინოთ თქვენი პროფესიონალიზმი -აუცილებელია კარგად მოემზადოთ. აღნიშნული რჩევები  დაგეხმარებათ გასაუბრებისთვის ეტაპის წარმატებულად გავლაში და გაზრდის ალბათობას, რომ გასაუბრება თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდეს.
· კარგად გავეცნოთ კომპანიას
სანამ გასაუბრებაზე წახვალთ აუცილებელია კარგად გაეცნოთ კომპანიას. მოვიძიოთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია ვაკანსიაზე და კომპანიაზე. ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ კომპანიის ლინკდინის პროფილი, დამსაქმებლების პროფაილები და სხვა.
· გახსოვდეთ ვაკანსიის და კომპანიის ზუსტი დასახელება
გაგიკვირდებათ, მაგრამ შესაძლოა გამსაუბრებელმა გკითხოთ იმ ვაკანსიის სრული დასახელება რაზეც გააკეთეთ განაცხადი. გარდა ამისა გკითხოთ ის მოვალეობები რაც ამ ვაკანსიაზე მუშაობისას მოგიწევთ რომ შეასრულოთ. როგორც წესი ვაკანსიის სრული დასახელება და მოვალეობები ვაკანსიის განცხადებაშია მოცემული. შესაბამისად როდესაც განაცხადს გააკეთებთ აუცილებლად შეინახეთ ვაკანსიის სქრინშოტი.
· შესაფერისი ჩაცმულობა
გასაუბრებაზე უნდა გვეცვას სადად, და ამავე დროს აკადემიურად. გამოეწყეთ შავ, თეთრ, კრემისფერ, ნაცრისფერ ან ლურჯ ფერებში.  გაითვალისწინეთ, რომ სამოსზე არც ერთი ნაკლი არ უნდა იყოს, სამოსი და ფეხსაცმელი  უნდა იყოს მოწესრიგებული.ნუ ჩაიცვამთ ზედმეტად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს რაზეც მანამდე არ გივლიათ, ეს დაგძაბავთ და არაბუნებრივად წარმოგაჩენთ. სამკაულებით ზედმეტად ნუ გადაიტვირთავთ თავს, მოირგეთ სადა სამკაულები. ასევე ვარცხნილობაც უნდა იყოს  სადა. უმჯობესია თუ  თემები შეკრული გექნებათ.
· გახსოვდეს რა გვიწერია რეზიუმეში და სამოტივაციო წერილში
გასაუბრებამდე აუცილებლად გადაიკითხეთ რეზიუმე რომელიც გააგზავნეთ აღნიშნულ ვაკანსიაზე, ამასთან საგულდაგულოდ გადაიკითხეთ თქვენი სამოტივაციო წერილიც. აღნიშნული, გაგიადვილებთ საკუთარი თავის წარდგენას და თქვენი  მოტივაციის ნათლად წარმოჩენას.  
· ნუ მოიტყუებით იყავით გულწრფელები 
გასაუბრებაზე ტყუილი მაშივე ამოიცნობა! ნუ შეეცდებით დააჯეროთ გამსაუბრებელ, რომ იცით 9 ენა და ყველა სრულყოფილად. გაითვალისწინეთ გულწრფელობა  და განვითარების სურვილი ყველაზე ღირებულია დამსაქმებლისთვის. თუ კონკრეტულ ვაკანსიაზე რომელიმე ენის ცოდნას ან რაიმე პროგრამის ცოდნას განსაკუთრებულად ითხოვენ აღნიშნეთ, რომ თქვენ ამწუთას არ ხართ ამ მიმართულებით პროფესიონალი მაგრამ უკვე დაიწყეთ აღნიშნულის შესწავლა და გაქვთ მოტივაცია, რომ სიღრმისეულად დაეუფლოთ ამ ყველაფერს.
· იყავით პუნქტუალურები
სასურველია გასაუბრებაზე მიხვიდეთ 15 წუთით ადრე. ეს ყველაზე ოპტიმალური დროა. თუ ერთი საათით ადრე მიხვალთ გამსაუბრებელს უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდებთ რადგანაც მოუწევს, რომ გალოდინოთ გასაუბრების დაწყებამდე, ხოლო თუ დააგვიანებთ ეს ძალიან ნეგატიურ შთაბეჭდილებას მოახდენს გამსაუბრებელზე.
· არ დაგავიწყდეთ სოციალური ქსელების მოწესრიგება
სოციალური ქსელები დღეს ძალიან დიდი ინფორმაციას ამცნობს ჩვენს შესახებ უცხო ადამიანს. გასაუბრებამდე აუცილებლად მოაწესრიგეთ თვენი სოციალური ქსელები - დამსაქმებელი სანამ შეგხვდებათ მანამდე თვალს გადაავლებს თქვენს სოციალურ ქსელებს და დაახლოებით იგებეს, როგორი სტილის ადამიანი ხართ და რა მოგწონთ... (სოც. ქსელები თქვენზე ზოგად წარმოდგენას ქმნის...)
· Mock ინტერვიუ
Mock ინტერვიუ დაგეხმარებათ განსაზღვროთ დაახლოებით რა კითხვები გაიჟღერებს გასაუბრებაზე და ასევე მოგცემთ მობილიზებას რომ მათზე საპასუხოდ მზად იყოთ.
· შეინარჩუნეთ განწყობა
გასაუბრებაზე აუცილებელია შევინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და ვიყოთ თავდაჯერებულები. გასაუბრებამდე ეცადეთ მიირთვათ ჯანსაღი საკვები (გახსოვდეთ, რომ არაჯანსაღი, მძიმე  საკვები თქვენს განწყობაზე მოქმედებს) ასევე გასაუბრებამდე ივარჯიშეთ, დაკავდით მედიტაციით, და კარგად გამოიძინეთ. განწყობის შესაქმნელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიზუალიზაციაც  გასაუბრებაზე შესვლამდე (5 წთ ით ადრე)  - თვალები დახუჭეთ და  და წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის სასურველი შედეგით სრულდება გასაუბრება და კომისიისგან იღებთ დადებით შეფასებას..
· გასაუბრებაზე შესვლისას გამორთეთ ტელეფონი!
გასაუბრებაზე უმჯობესია თუ ტელეფონს გამორთავთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ ტელეფონი დაგირეკავთ და უპასუხებთ ეს გამსაუბრებლის მიმართ უპატივისმცემლობაა, ხოლო თუ არ უპასუხებთ ეს შექმნის შთაბეჭდილებას, რომ ტელეფონთან ყურადღებით არ ხართ და შესაძლოა მნიშვნელოვან ზარზეც არ უპასუხოთ. შესაბამისად ასეთი წარმოდგენებისგან თავის ასაცილებლად უმჯობესია რამდენიმე წუთით ტელეფონი უბრალოდ გამორთოთ.
· გამოიყენეთ 7 წამის ეფექტი
პირველ შთაბეჭდილების მოხდენას ზუსტად 7 წამი ჭირდება. გაიღიმეთ, ეცადეთ გასაუბრების დაწყებისას არსებული დაძაბულობის განსამუხტავად რაიმე პოზიტიური თქვათ მაგალითად „რა კარგი გარემოა“, რა კარგი შენობა“ და ა.შ.
· რა უნდა გვქონდეს თან?
სასურველია გასაუბრებაზე თან გქონდეთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. შესაძლოა გამსაუბრებელმა ვერ ამობეჭდა თქვენი რეზიუმე სრულყოფილად ან სულაც დაავიწყდა, რომ თან წამოეღო. თქვენი მიტანილი დოკუმენტი ამ პრობლემას აღმოფხვრის, გარდა ამისა ამ დოკუმენტების ქონა აგაცილებთ ხელების უკონტროლო მოძრაობებს. კარგი იქნება თუ გასაუბრებაზე ასევე თან გექნებათ ბლოკნოტი და კალამი.  
· გასაუბრებაზე მოვთავსდეთ კომფორტულად და აკადემიურად
გასაუბრებაზე შესვლისას დაელოდეთ, რომ ჯერ ყველა გამსაუბრებელმა დაიკავოს საკუთარი ადგილი და ბოლოდ თქვენ დაიკავეთ თქვენი ადგილი. ნუ დაეყრდნობით გამსაუბრებლის მაგიდას. ეცადეთ იყოთ აკადემიურად. ნუ გადააჯვარედინებთ ხელებს. ან ფეხს ფეხზე ნუ გადაიდებთ. გასაუბრებაზე შესაძლოა დაგხვდეთ გორგოლაჭებიანი სკამი, ეცადეთ გასაუბრების დროს არ იწრიალოთ და მაქსიმალურად პატივი სცეთ გამსაუბრებლებს.
· არავითარ შემთხვევაში არ თქვათ წინა დამსაქმებელზე ცუდი 
გასაუბრებაზე არამხოლოდ უნდა აარიდოთ თავი წინა დამსაქმებელზე ნეგატიურად საუბარს, არამედ, არც უნდა ისაუბროთ ზოგადად მასზე. თუ ნეგატიურად მოიხსენიებთ თქვენს წინა დამსაქმებლებს, ამით გამსაუბრებლებზე ძალიან ცუდ შთაბეჭდილებას მოახდენთ, რადგან თუ ახლა წარსულ დამსაქმებელზე ლაპარაკობთ ცუდს, მომავალში მათზეც ზუსტად ასე ისაუბრებთ.
· ყველა გამსაუბრებელთან იყავით ყურადღებით
გასაუბრებაზე, როგორც წესი ერთი იქნება „წამყვანი“, ის დასვამს უფრო მეტ კითხვას უფრო მეტად იქნება აქტიური და ა.შ. მაგრამ არ გეგონოთ, რომ ის არის გადაწყვეტილების მიმღები. ამიტომ, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ თვალით კონტაქტი კომისიის ყველა წევრთან.
· იყავით ღია უკუკავშირის მისაღებად
ხშირად გასაუბრებამდე განსაზღვრულია რაიმე დავალების შესრულება და შემდგომ დავალების პრეზენტაციის სახით წარდგენა გასაუბრებაზე.  ამ დროს, როცა გამსაუბრებელი შეცდომაზე მიგითითებთ ეცადეთ არ შეეწინააღმდეგოთ, პირიქით, მადლობა გადაუხადეთ ფიდბექისთვის და უთხარით რომ შესაძლებლობა, რომ გქონეთ ხვალ წარდგენის, აუცილებლად გაითვალისწინებდით მის აზრს. ამით დაანახებთ იმას რომ ღია ხართ ფიდბექებისთვის, განვითარებაზე ხართ ორიენტირებულნი, და თქვენთვის შეცდომაზე მითითება არა შეურაცყოფა, არამედ განვითარების შესაძლებლობაა.
· იყავით კონცენტრირებულები
გასაუბრებაზე კარგია თუ არ დაიბნევით. ისაუბრეთ გარკვევით და ლაკონურად. უპასუხეთ იმ კითხვას რასაც გამსაუბრებელი გისვამთ და არ გასცდეთ კითხვის არსს. - ინტერვიუერი არ დაღალოთ ბევრი ლაპარაკით თუმცა არც „კი“ და „არა“ პასუხებით შემოიფარგლოთ. ისაუბრეთ სრტუქტურილებურად. ზოგადი ლიმიტი რომელსაც საუბრის დროს არ უნდა გადასცდეთ 2 – 3 წუთია.  გამსაუბრებელს აუცილებლად დააცადეთ კითხვის დასმის დასრულება და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყეთ პასუხის გაცემა.
· თავი შეიკავეთ ჟესტიკულაციის ან ჟარგონების გამოყენებისგან
თავი აარიდეთ ხელების უკონტროლო მოძრაობას,  სიტყვის ვერ გახსენების დროს ენის გამოყოფას, უადგილო ხუმრობას, რეზინის ღეჭვას და სხვა. გახსოვდეთ, რომ გასაუბრება მეგობართან სტუმრობა არაა და უნდა ეცადოთ, რომ იყოთ ოფიციალურები, თავისუფლები და თავდაჯერებულები... ასევე ნუ გამოიყენებთ ჟარგონებს და რაიმეს დასამტკიცებლად ნუ დაიფიცებით...
· დასვით კითხვა
გასაუბრების ბოლოს თქვენც დასვით შეკითხვა - მაგალითად, თუ იქნება გასაუბრების დამატებითი ეტაპი, ან დაახლოებით როდის დაუკავშირდებიან შერჩეულ კანდიდატებს, ან იმ კანდიდატებს თუ დაუკავშირდებიან ვინც ვერ გადალახა გასაუბრების ეტაპი წარმატებით და ა.შ.  ნუ იკითხავთ სამუშაო გრაფიკს და ხელფას!
· მადლობის წერილი
სასურველია თუ გასაუბრების შემდგომ, მადლობას გადაუხდით ინტერვიუერებს თქვენი მოსმენისა და დათმობილი დროისთვის.
· თუ გასაუბრების შემდგომ არ გიკავშირდებიან
ეცადეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, თავაზიანი წერილით მოიკითხოთ შედეგები - ვინ შეარჩიეს აღნიშნულ ვაკანსიაზე, გადახვედით თუ არა შემდგომ ეტაპზე და ა.შ. -  ამასთან დეტალურად აუხსენით თქვენი ვინაობა და კონკრეტული ვაკანსიის დასახელება რომელზეც იწერებით. აღნიშნული წერილით გამოხატავთ თქვენს მოტივაციას და ინტერესს ვაკანსიის შესახებ და თუ მანამდე კადრი უკვე შერჩეული არ ეყოლება შერჩეული კომპანიას შესაძლოა თქვენმა კანდიდატურამ წინ წამოიწიოს.
ავტორი: მარიამ ისპირიანი
7