საფრანგეთში ბინის ქირაობა - კერძო სტუდენტური საცხოვრებლები და სხვა პლატფორმები

1
საფრანგეთში ბინის ქირაობა ბევრ ნაბიჯს და ფორმალობას მოითხოვს. არ არის საკმარისი მხოლოდ ბინის პოვნა - ყველაფერი ბევრად უფრო სტრუქტურირებულია და ხშირად საკმაოდ ბიუროკრატიულიც.
პირველ რიგში გთხოვენ გარანტორს — ეს შეიძლება იყოს ფრანგი მოქალაქე (ნათესავი, ახლობელი, მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა) ან კერძო კომპანია, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას თქვენზე. ბევრი ბინის მფლობელი არ განიხილავს კანდიდატს თუ გარანტორი არ გყავთ.
გარდა ამისა, აუცილებელია დოსიე — დოკუმენტების ნაკრები, რომელიც აჩვენებს ვინ ხარ, სად მუშაობ, ან სად სწავლობ, როგორია თქვენი შემოსავალი... ზოგჯერ ამ ყველაფერს თან ერთვის მცირე გასაუბრებაც ბინის მფლობელთან ან სააგენტოსთან, რომლებიც ცდილობენ უკეთ გაგიცნონ, სანამ ბინას იქირავებ.
სწორად ამიტომ გაგაცნობთ პლატფორმებს - როგორ მუშაობს და რა გჭირდებათ თითოეულისთვის რომ აირჩიოთ თქვენზე მორგებული ვარიანტი. 

Private Student Residences – სტუდენტური სტუდიოები

საფრანგეთში სტუდენტური სტუდიოების ცნება მრავალფეროვანია – კერძო კომპანიები, როგორებიცაა:
– Cardinal Campus
– Logifac
– Odalys Campus
– Studeo
– Fundación Léonard de Vinci Residences
და სხვა, რომლებიც გთავაზობენ სრულად აღჭურვილ სტუდიოს ტიპის საცხოვრებლებს სტუდენტებისთვის.
მოთხოვნები: სტუდენტის სტატუსი, გარანტორი ან ვალიდური „GarantMe“/„VISALE“. ფასი იწყება 450–500 ევროდან პატარა ქალაქებში და აღწევს 900+ ევრომდე.
უპირატესობები: დაცული შენობები, საერთო სივრცეები, ონლაინ განცხადების შესაძლებლობა, ზოგჯერ ჩართულია კომუნალურები. ინტერვიუ, როგორც წესი, არ ტარდება, მაგრამ საჭიროა სრული დოსიე და ზოგჯერ წინასწარი გადახდაც.

Colivys და Joivy (Chez Nestor) – მარტივი coliving გარანტორის გარეშე

Colivys და Joivy გთავაზობენ coliving ტიპის ბინებს, რაც ნიშნავს, რომ საერთო საცხოვრებელში ცხოვრობ, თუმცა საკუთარი ოთახი გაქვს. ეს ვარიანტი ძალიან კომფორტულია, თუ ახლახან ჩახვედი საფრანგეთში და არ გყავს გარანტორი. ორივე მათგანის შემთხვევაში, შენი ოთახი გაქვს, ხოლო სამზარეულოს და სააბაზანოს (არის გამონაკლისებიც, როცა კერძო სააბაზანოა) სხვა მობინადრეებთან იზიარებ. ბინები ხშირად მოწყობილია და ძირითადად ახალგაზრდებზეა გათვლილი. ყველა ოთახი აღჭურვილია ავეჯით, ფასში შედის კომუნალურებიც და აქვთ ძალიან ბევრი ლოკაცია.
მთელი პროცესი ონლაინ ხდება. რეგისტრირდები, ირჩევ ქალაქსა და ბინას, ატვირთავ დოკუმენტებს და ელექტრონულადვე აწერ ხელს ხელშეკრულებას. ვებსაიტზე მარტივად ჯავშნი სასურველ თარიღს და არ გჭირდება ზედმეტი ნერვიულობა, თუმცა იხდი ჯავშნის/სერვისის თანხასაც. გარანტორი არც ერთს არ სჭირდება, რაც დიდ კომფორტს ქმნის. ეს პლატფორმები განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ჯერ არ იცნობს ფრანგულ სისტემას და სურს მარტივად სახლის პოვნა. 

Studapart – პარტნიორობს უნივერსიტეტებთან, სჭირდება გარანტორი

Studapart არის პლატფორმა, რომელიც თანამშრომლობს საფრანგეთის მრავალ უნივერსიტეტთან და ძირითადად სტუდენტებისთვის არის განკუთვნილი. მის გამოყენებას ხშირად სწორედ ის სტუდენტები იწყებენ, ვინც უნივერსიტეტის ვებსაიტიდან იღებს წვდომას. პლატფორმაზე წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ბინები – სტუდენტური რეზიდენციებიდან კერძო ბინებამდე. ბინები ხშირად კარგადაა მოწყობილი, მაგრამ ფასები შესაძლოა საშუალოზე მაღალი იყოს.
Studapart-ის გამოყენება საჭიროებს გარანტორს – ან ფრანგ მოქალაქეს, ან კერძო გარანტორის სერვისს, როგორიცაა Garantme. ასევე ხშირად მოგეთხოვება დოსიეს შედგენა: პირადობის მოწმობა, შემოსავლის დადასტურება (ან სპონსორის ინფორმაცია), სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა. ზოგჯერ მფლობელი თავად ითხოვს მოკლე გასაუბრებას. მიუხედავად ფორმალური მოთხოვნებისა, ეს პლატფორმა ბევრ სტუდენტს ეხმარება სტაბილური ბინის პოვნაში.
რეკომენდაცია: უნივერსიტეტები ხშირად გზავნიან ამ საიტს როგორც მათი პარტნიორი კომპანია, თუმცა იხდით გარანტორის, დეპოზიტისა და ჯავშნის თანხას + ქირა გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა საიტებზე იგივე ბინა.

SeLoger, Bien’ici, Leboncoin, Jinka – კლასიკური ბინის ძიება დამოუკიდებლად

ეს ოთხი პლატფორმა წარმოადგენს საფრანგეთში ბინის მოძიების ტრადიციულ გზას. SeLoger და Bien’ici აერთიანებს ბინების განცხადებებს, რომლებიც განთავსებულია უძრავი ქონების სააგენტოებისა ან/და კერძო მფლობელების მიერ. აქ შეგიძლია იპოვო ყველა ტიპის ბინა – სტუდიოდან დიდ ბინამდე. განაცხადის გაგზავნამდე აუცილებელია სრული დოსიე: პირადობა, სტაბილური შემოსავალი, გარანტორის წერილი ან Visale დოკუმენტი.
Leboncoin განსხვავდება იმით, რომ აქ განცხადებები პირდაპირ მომხმარებლებისგან, ანუ მფლობელებისგან იდება. სწორედ ამიტომ, აქ იაფად შეიძლება ბინის პოვნა, თუმცა თან ახლავს რისკიც – ხშირად არიან თაღლითები და ჯერჯერობით თუ საფრანგეთში არ იმყოფებით არ გირჩევდით ბინის აქედან დაჯავშნას (ზოგი წინასწარ ითხოვს ფულს და ბინა არ არსებობს :) )
Jinka არის აპლიკაცია, რომელიც გეხმარება ერთ ადგილზე აკონტროლო სხვადასხვა საიტზე გამოქვეყნებული განცხადებები. შეგიძლია დააყენო ფილტრები და მიღო შეტყობინებები ახალი ვარიანტების გამოჩენისას. თუმცა საბოლოო აპლიკაცია მაინც შენ გიწევს – დოსიეს გაგზავნა, ინტერვიუ და ლოდინი.

Nexity Studéa, UXCO, Wellow, Les Estudines – სტუდენტური საცხოვრებლები

თუ ეძებ სტაბილურ, მოწესრიგებულ და ოფიციალურად რეგულირებულ საცხოვრებელს – სტუდენტური საცხოვრებლები საუკეთესო არჩევანია. Nexity Studéa გთავაზობს მოწყობილ სტუდენტურ ბინებს, როგორც წესი, უნივერსიტეტებთან ახლოს (აქვთ რამდენიმე ლოკაცია). კონტრაქტები ძირითადად მინიმუმ 6 თვიანია და გარანტორის გარეშე არ გასცემენ ბინას, თუმცა ხშირად იღებენ Visale-ს – სახელმწიფოს გარანტიის სერვისს უცხოელებისთვის.
UXCO გთავაზობს თანამედროვე, ხშირად ახლად აშენებულ რეზიდენციებს. აქ ბინები არა მხოლოდ ავეჯითაა აღჭურვილი, არამედ ფასში შედის კომუნალურებიც. სტუდენტურ ცხოვრებაზე ზრუნვაც იგრძნობა – ტარდება შეხვედრები და ღონისძიებები სტუდენტებისთვის. აქაც საჭიროა გარანტორი ან Visale/Garantme.
Wellow შედარებით ახალი პლატფორმაა, რომელიც ვიზუალურად განსაკუთრებით მიმზიდველ ბინებს სთავაზობს სტუდენტებს. ბინები ცოტაა, მაგრამ ხარისხი მაღალია. საჭიროა დოსიე და გარანტორი, თუმცა საპასუხოდ იღებ მაღალხარისხიან საცხოვრებელს (რეკომენდაცია ამ პლატფორმას).
Les Estudines ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქსელია საფრანგეთში სტუდენტური საცხოვრებლების მიმართულებით. სხვადასხვა ქალაქებში აქვთ აპარტამენტები და ხშირად სთავაზობს 9 თვიან კონტრაქტებს – რაც იდეალურია სასწავლო წლისთვის. აქაც აუცილებელია გარანტორი და ფორმალური დოკუმენტაცია.
სტუდენტური რეზიდენციები განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვინც დიდ ქალაქში სწავლობს და სურს უსაფრთხო, მოწესრიგებულ გარემოში ცხოვრება – თუნდაც შედარებით მაღალი ფასით.

რას გირჩევ, შენი მდგომარეობიდან გამომდინარე:

თუ ხარ ახლახან ჩასული, ჯერ არ გყავს გარანტორი და გინდა სწრაფად დასახლდე – საუკეთესო გზაა Colivys და Joivy. მარტივად და უსაფრთხოდ შეგეძლება დასახლება, მინიმალური დოკუმენტაციით და გარანტორის გარეშე.
თუ უკვე გყავს გარანტორი ან შეგიძლია გამოიყენო Visale, შენთვის ხელმისაწვდომია მეტი პლატფორმა, როგორიცაა StudapartNexity StudéaUXCO და Les Estudines. აქ მიიღებ სტაბილურ, სანდო საცხოვრებელს.
თუ გინდა დამოუკიდებლად მოძებნო ბინა, შეგიძლია სცადო SeLogerLeboncoin და Jinka, მაგრამ აუცილებლად მოემზადე ინტერვიუსთვის, დეტალური დოკუმენტაციისთვის და პასუხის ლოდინისთვის, მაგრამ თუ უკვე საფრანგეთში იმყოფები მაინც საუკეთესო ვარიანტებია.
1