23
Followers
0
Following
20
Posts
311
Mth. views
Latest
ვიოლეტას სევდა
ჩემი შვილი ჯარში იყო. აფხაზეთის ომში. იქიდან კარგათ ვერ ჩამევიდა.მაგის მერე სულ ავათ. ავათ. ავათ. და ორიათასაჩვიდმეტში გარდიცვალა. მანამდაც რაი იყო აი ცხოვრება და მერე გავძაღლდი თლად. 52 წლის შვილი მიწაში ჩავდეი. სიცოცხლე არაფელი არაა. არაფელი. ტანჯი. სიკვტილი ჯობია ჩემთვის. ნაღდად ჯობია. ახლა რომ ცოცხალი არ ვიყო, ნაღდად ჯობია. სიკვტილის მერე რა არის არ ვიცი. არ ვიცი. შევხთები იქით შვილს? ქეც მჯერავს და არც მჯერავს. დავფიქრდები ხანდისხან მაგაზე. სიზმრით არა, არ მესიზმრება. არ მესიზმრება არაფლით. და ძალიან გულს მაკლია მაგაზე. რეიზა არ მესიზმრება. არ ვიცი. რანაირი დედა-შვილობა გვქონდა იცი? ასში ერთს არ ექნებოდა. მე ვარ ვიოლეტა სიხარულიძე-გორგოშიძე. ლიხაურიდან. ვრცლად :#სოფლებიდაადამიანები #გზებზე #mobiphotography#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze @ Likhauri#მოგზაურობა #ხელოვნება
61 reads
ვიოლეტას სევდა
რაჭა
რაჭას მოსმენა უნდა, მარტო ცქერა არა. რომ მოუსმენ, სხვა რამეს მიხვდები. ოღონდ ახლოს უნდა მიხვიდე, სხეულზე ყური დაადო და ისე მოუსმინო. გესმის? რაჭული გული სწრაფად ცემს. ძალიან სწრაფად. ეს სიდინჯე და დუნე სიტყვა სულ თამაშია. თვალები გასცემენ ამ თამაშს. ჩქარი და ციმციმა. რაც იქ დარდია და სიხარული, ეგ დუნე ვერ იქნება. რაჭული ჭიშკარი ისეთია, რომ გაღებას დაგავიწყებს - დაჯდები და უყურებ. ფერმკრთალი ცისფერი. მობერებული ცისფერი. რაღაც ზეციური ჩუქურთმებით. ფოტოს ვერ ვუმიზნებ, ძნელად უმკლავდება და ასე, ნაწერს ვაშველებ. ასეთი ჭიშკრები არსად მინახავს. ამ ჭიშკრებს სახლებში კი არა, ადამიანებში შეყავხარ. და ეს ადამიანები, ოთხმოცდაათი წლის სიმონიკები და ნათიკები, სახელებშიც კი ბავშვობადანარჩუნებულები, გკარნახობენ, რომ გაჩუმდე და მათ გულს ყური დაუგდო. რაჭას სათქმელი ბევრი აქვს. მოსმენა უნდა.#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze#მოგზაურობა #ხელოვნება
36 reads
რაჭა
გოგაშენის მისტიკა
#მოგზაურობა
94 reads
გოგაშენის მისტიკა
ეკომიგრანტების ცეკვა. სპასოვკა.
73 reads
ეკომიგრანტების ცეკვა. სპასოვკა.
ვაჟას დღე
როცა დაიხედა, ცალი ფეხი იქით ედგა… მერე ცალი თვალიც იქით ეპყრა… ცალ მხარს მიწაზე მიითრევდა… ნახევარი კაცი იყო, მაგრამ დანარჩენებზე დიდი. დევივით. სულ სხვამ, ცოტა გვიან, მისი სათქმელიც თქვა: არათქვენებურ სიზმრებს ვხედავო – თავი მოიწონა და დაიქადნა კიდეც. პირველი იშვიათად იკვეხნიდა, ერთხელ წამოსცდა და ისიც – ამ ნახევრობაზე: „ვნუგეშობ ამით: მიწას მიწურად და ცას ციურად მივე თავაზი”. მისი მეგობრები, ქვევით, ბარში, მაშინ ზმანებებს გაურბოდნენ – ორთავ თვალს სინათლე სჭირდებოდათ – სავსებით სამართლიანად გაურბოდნენ. ამას კი ისე შეეძლო – ცალით საცელი ეზომა და ცალით სიზმარი ენახა. დევივით. აკი პირველად მათი ქორწილი ესიზმრა, ვისაც მიაგავდა. მანამდე არავის წარმოედგინა – არც ამოხსნას ცდილან მაინცდამაინც. არ უკითხავთ უკან მომავალისთვის – რად ხარშავდნენ ეს გოლიათები კაცის თავ-ფეხს, ეგებ ქვაბში თვითონ სტუმარი იყო და საკუთარ თავს შორიდან უმზერდა. ჰოდა, არავის უკითხავს-მეთქი, რამ გააძღო უსმელ-უჭმელი, ისე, რომ ყელშიაც ამოსდიოდა. ამის მერე მის ცალ თვალს აღარასდროს შეუხედავს ხორცისთვის საკვებად. თვითონ კი ზუსტად მიხვდა, რომ გაიყო. ნუ შეშინდებით, თუ ამასაც თავის თავს ეუბნებოდა – ერთით მეორეს – „გამოღმით მე ვარ, გაღმით – შენ”… ამაზე ვინმესთვის ხომ უნდა ეამბა, ჰოდა, იასთან დააბარა. თუ მსოფლიო სევდა არსებობს, ამაზე შორს ის ვერ წავა. თუ წავიდა – ყალბი იქნება, აი, ძია რომანტიკოსთა დიდ ნაწილს რომ სჩვეოდა, ისეთი – გულზე მჯიღით და მჯიღზე ცრემლით. დააბარა, ეგებ ჯობს, მიწაშივე, დაბადებამდე მოკვდეო. ანუ არასდროს. ნუ მოხვალო, განა სულ მუდამ მზეაო. ისე დააბარა, რომ არ სურვებოდა, ადგებოდა და ამოვიდოდა. ხომ უნდა გაეგო – რას უმალავდნენ ასე ლამაზს. სწორედ ესაა დიდი სევდის მთავარი ხიბლი – ტკივილს შეგებება მაშინ, როცა მისი არიდება შეიძლება. თუ წარმავლობის მანამდელ ჰიმნებს გავიხსენებთ – ანტისიმღერა გამოვა. „ყოველივე ამაოა” – ისე უფერულდება, მის დამწერს რომ გაუხარდებოდა. გამოტყუების სიზმარია – სიცოცხლის ასატანად გამოწვევა. „ქეიფი” გახსოვთ? ეგეც გენიალური ცრუს სიმღერაა. ერთს ამბობდა და მეორეს აკეთებდა. წაღმა ფიქრი მაინც არ შეეძლო – სიფხიზლე ერჩივნა – სოფელი რომ უკუღმა ტრიალებდა, მისი წისქვილი მაშინ ფქვავდა. ისიც იცოდა, რომ ახალ საუკუნეს რაღაც დიდი უნდა დაენგრია. სიზმრები აქაც ეხმარებოდნენ, ამის ამოცნობაში. ჰოდა, ხვდებოდა რომ ეს დიდი შეიძლება მისი ცალი თვალიც ყოფილიყო – სამყაროს ენა რომ გაეგო და სადავეც ეპყრა. საითაც უნდოდა, იქით გადახრიდა ამ ზმანებებს. მაგრამ ერთხელ ქარ-წვიმა მიაწყდა, მეორე – დახუჭული თვალის ბზარიდან შეეპარა და „ათასგან ციხე ირღვევა/ქავ-ციხეებთან სახლია/ამოდენს საბრალოობას/მარტო მოზარე აკლია,/ ჩვენ ვითომ არა გვიჭირდა, /ვითომ უვნებლად ვიყვენით, /ბოლოსა ვნახე სახლკარით, რომ ჩვენაც გავირიყენით, /მოასქდა ღვარი ზენაით, /ლიბო მაჰგლიჯა ციხესა”. მიხვდა, სიზმრები უნდა დაემალა მეორისგან და პირველის ქუთუთო დაიხურა. ვითომ ასეც დამთავრდა. P.S. ვაჟა-ფშაველაც სიზმარია. თვალღია ქვეყანას ესიზმრა და მაშინ, როცა არ ელოდა. და ვერ ჩახვდა ქვეყანა ნასიზმრევს, შეშინებულმა, დილით წყალს მოუყვა და გააყოლა. მალე წყალი უკან მოუბრუნდა. მას მერე სულ ახსოვს და ვერ ამოუხსნია. ახსოვს და არ ითვალისწინებს.#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #ხელოვნება
47 reads
სხვა გურული დღიურები
2001 წელია. კვლავაც ჩემი სტუდენტობის პროლოგი. პირველი კურსი. ესეთი ხანია, რომ ჯერაც ოთხმოცდაათიანები გვკიდია ზურგზე, თუმცა უკვე ხელებს სადღაც გაურკვეველ მომავალში ვაფათურებთ ბრმად. ამ ფათურისას თითებს ბევრ რამეს წამოკრავდი და მათ შორის აუცილებლად იყო რაღაც უცხო თარიღები, კიდევ უფრო უცხო სახელებს რომ უკავშირდებოდა. ჯერაც ის დროა, რვა მარტი რომ მეტად არის შეყვარებულის და უკანასკნელი თეთრების შემაშინებლად ხანგრძლივი, საშინელი სუნის ,,დუხებში’’ დახარჯვის დღე. ის დროა, მაგრამ უკვე ვალენტინობაზეც მოგვესმა. გავიგეთ, რომ შეყვარებულების თარიღია ევროპაში. ის მთლად ზუსტად ვერ გავიგეთ, ვინ იყო ვალენტინი - უმეტესს ვალენტინა და ზოგს, საბჭოთა სახელმძღვანელობგამოვლილს, საერთოდ ვალენტინა ტერეშკოვას საქმე ეგონა, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად საინტერესო ნაწილად მოჩანდა. ჰოდა, მიუხედავად იმისა, რომ გზის და საჭმლის ფული უკვე გამოგზავნილი აქვთ, ვიღაც გოგო მომეწონა. ეს ორი ამბავი ერთმანეთს ერთ წინადადებაში იმიტომაც უკავშირდება, რომ ფული მჭირდება. და ფული იმიტომ მჭირდება, რომ ვალენტინობა მოდის. დავწერე წერილი, სადაც ახალ საგანზე, მკაცრ ლექტორზე და ამ ლექტორის დავალებულ უამრავ წიგნზე ეწერა დაწვრილებით და გულისშემძვრელად. ეწერა ისიც, რომ წიგნები ძალიან ძვირი ღირდა და არც მინდოდა, უბრალოდ ქსეროქსის ფული მჭირდებოდა - 20 ლარი. წერილი, რა თქმა უნდა, სახლში გავაგზავნე და სამ დღეში ვაგზალზე დავხვდი წითელ ,,მარშუტკას’’. ,,მარშუტკის’’ მძღოლმა საიდუმლო სახით და სწრაფი მოძრაობით გადმომცა ტილოში გახვეული საგანი, რომლიდანაც ოციოდ ნაბიჯის გამოვლის შემდეგ, საიდუმლო მოძრაობითვე დავაძრე მჭადი, და მჭადის ზურგთან ჩაჩურთული კონვერტი. 20 ლარით და წერილით. აღელვებით ჩავირბინე კიბეები და იმ გრძელ დახლებს მივუახლოვდი, მეტროდან ვიდრე დინამომდე რომ გაშლილიყო. კაი ,,დუხს’’ ვეძებდი. მოკლედ, ვიარე და ვარჩიე, ვარჩიე და ვიარე. ბოლოს, ერთს დავადგი თვალი. ორ ლარს დაგიკლებო, იმან. ორი ლარი დიდი ამბავი იყო. წავიღე ჯიბისკენ ხელი და ჰა! არაფერი. წამის მეასედში ყველა ჯიბე და თეორიულად მოჯიბო ადგილი მოვსინჯე, ლამის ჭადის გავტეხე და ის კიბეებიც გულბრყვილო დაჟინებით ავირბინ-ჩამოვირბინე. არაფერიც! გაქრა 20 ლარი. განადგურებული ვიდექი. არ მახსოვს. შეიძლება ხუთი, შეიძლება 10 წუთიც კი. მერე ჯიბიდან ის წერილი ამოვიღე და წავიკითხე. წერილში დედაჩემი წერდა: ,,ჯოჯოხეთში ვცხოვრობთ, პლეტაზე ვათბობთ დასაბან წყალს და საჭმელის გათბობის დროზე შეიძლება დენი წევიდეს. მე ვერ გადამიყლაპია ზონდი და ნაწლავები ვერ გამომიკვლევია. არ არსებობს ჩემი გადარჩენა, არგადარჩენიზა ვარ გაწირული, მარა. იფრიალე შენ ტაქსებით მაქანე, სამძიმარზე არ მიდი ნანულის დედასთან, ფული არ მქონდა ვარკეთილში გასვლისო და ტაქსებით ფრიალობ. ყოველდილა მოსატანია წყალი ჭიდან, რომელსაც შენი ოჯახის გარდა აღარვინ ათრევს, ვიფიქრეთ მატორს ვიყიდით, ჭაში ჩავდობთ და კიდო ფულს გვთხოვ. ყველა შენი კლასელი რაფერ გამოდგა, იმ დღეს რეზიკო ვნახე, ეკლესიაში იდგა, იმფერი გაკეთებულია, მოსუქებულია, ჩამოსული იყო ბებიამისის სანახავად. თავი მომჭერი. რაის მწერალი გამუა აწი შენგან, არადა ბაბუშენი იძახოდა პროფესორი გამუაო. საავადმყოფოსთან, იმ გენოიეს ქარხანაში ცხობა პური და საწყალი მამაშენი იქამდე კილომეტრებს დათრაქუნობს, რომ პირში ლუკმა ჩევიდვათ. მეორე კურსზე ხარ უკვე. მაგი იმიზა ხდება, რომ ღვთის მცნებებით მცხოვრებლებს დასცინი. ვიხჩობი ხველით ამას რო გწერ, აგი ბოლოა იცოდე. ლელას ქმარს გამუატანე და მადლობა უთხარი რო ჩამუა. თბილად ჩეიცვი, მერე გზობა, მაგ კაცს ჟილეტს გამუვატან შიგნით ჩასაცმელს და წინდებს. ფულიზა აღარ დარეკო’’ #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze#სხვაგურულიდღიურები გამოვა მალე
198 reads
ლოცვა
ასე იყო: ბებიაჩემი, თეკლათის მონასტერში აღიკვეცა მონაზვნად. მერე, უკვე ღრმად მოხუცი ავად გახდა და მონასტრის წინამძღოლმა სახლში გამოუშვა ბოლო თვეების გასატარებლად. მე ძალიან რელიგიური ოჯახიდან ვარ. დედაჩემის ღამის ლოცვები ახლაც ყურში ჩამესმის და ზეპირად ვიცი. მამიდაშვილი, ვისთან ერთადაც გავიზარდე, დღეს - დეკანოზია. შესაბამისად, სახლში დიდი ხატების კუთხე გვაქვს. იქ, ოზურგეთში. ბებიაჩემს შევთავაზეთ, იმ ოთახში დაწოლილიყო, სადაც ხატებია. მან გვითხრა, იქ დავწვები, სადაც ადრე ვწვებოდიო. სადაც მისი შვილი იწვა ოდესღაც, როცა სიკვდილს ებრძოდა. და დაწვა. ჭერს უყურებდა და ლოცულობდა. ჭერზე მხოლოდ წვიმისაგან მოხატული გაუგებარი ფიგურები მოჩანდა. ,,იქ რატომ იყურები? - ვკითხე ერთხელ, ფრთხილად და შიშით - და თან ლოცულობ?" ,,ღმერთი იქ არის" - ღიმილით მიპასუხა - ""აი, იმ ფიგურებში. კი, იქ, გვერდით, ხატების ოთახშიც არის ღმერთი და მესამე ოთახშიც, სადაც მხოლოდ ტელევიზორი დგას. ღმერთი ყველგან არის, მთავარია შენ იპოვო და დაინახო. ღმერთი ყველგან არის, სადაც შენ საყრდენს პოულობ" ბებიაჩემი მალე გარდაიცვალა. მაგრამ მას მერე სულ ველაპარაკები ხოლმე და კითხვებს ვუსვამ. პასუხები ზუსტად ვიცი. ახლა ასე მითხრა - ღმერთი დღეს, მათ შორის, ამ თავგანწირულ ექიმებშიცაა. მათ ხელებში და გონებაში. და ჩვენ, შეშინებულ ადამიანებს ასე გვეხმარება. და ექიმები გვეუბნებიან:#დარჩისახლშიგილოცავთ აღდგომის დამდეგ ბრწყინვალე დღესასწაულს! თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
357 reads
9 აპრილი
მეგობრებო და ძვირფასო მედიის წარმომადგენლებო! არსებობს იდეა და ვფიქრობ, აუცილებლად განსახორციელებელი. დრო ცოტაა, მაგრამ სრულიად საკმარისი: დღეს, საღამოს 22.00 წუთზე, სახლებში მყოფებმა, შევაღოთ ჩვენი ფანჯრები და ერთმანეთს საქართველოს ჰიმნი მოვასმენინოთ, ხოლო ვისაც გააჩნია - დროშები გადმოვფინოთ. ეს დღე გმირების ტრაგიკულად დაღუპვის და დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა. სულ მცირე, ამ დროს თქვენსავე გვერდზე განათავსეთ ჰიმნი - #9აპრილი იმედი მაქვს თქვენი მხარდაჭერის და ამ ამბის თქვენს კედლებზე მოფენის. გვახსოვდეს #9აპრილითქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
121 reads
107 reads
162 reads
ჩვენი დროის დრამა სათაურებით
იყო დრო - ,,მე, ბებია, ილიკო და ილარიონი’’ ერთად ვცხოვრობდით. მერე ოთხი ადამიანის შეკრება აიკრძალა და ილარიონი ცალკე გადავიდა იზოლაციაში. ეს ის დღე გამოდგა - ,,ექვსი შინაბერას და ერთი მამაკაცის’’ კლასტერი კარანტინში რომ მოათავსეს. ეგ კი არა, ,,მესამე ძმა კეჟერაძეც’’ განმარტოვდა თავის დასაზღვევად და თან დაიბარა ,,ყოველმან ჩემმან მპოვენელმან’’, იცოდეთ, უძმებოდ ,,ჩაკლული სული’’ უფრო მქვიაო. ვერც ილარიონი იყო უკეთეს დღეში - ყბაჩას დააბარა, მარკეტ დიონიოსოში ორი კვირის სამყოფი ფქვილი მიყიდეო, მაგრამ რად გინდა - ,,ყბაჩამ დაიგვიანა’’. დაიგვიანა და რომ მოვიდა, უთხრა, დიდი რიგი იყო, ფქვილს ვერ მივუსწარი, ვერც სხვა რამე პროდუქტს და მხოლოდ ,,დიონისოს ღიმილი’’ მოგიტანეო. ატკივდა შიმშლისგან კუჭი - მით უფრო, რომ იქვე მცხოვრები ლუარსაბი და დარეჯანი, დღეში შვიდჯერ იძახებდნენ საჭმელს რაღაც მოტოებით. იფიქრა, სოფლის აქიმთან გადავალ, შემილოცავსო, მაგრამ გაახსენდა რომ ახლა მხოლოდ ,,შელოცვა რადიოთი’’ შეიძლებოდა - დისტანციურად. ღამით ისპენქციამ დაურეკა, ისევ ოთხი ხომ არ ხართო და ამანაც ,,ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე, მე და ღამე, მე და ღამეო’’. ინსპექცია დაკმაყოფილდა. თან ილარიონიც და მისი კარის მეზობლები, ,,ოთარაანთ ქვრივი’’ და ,,სამანიშვილის დედინაცვალი’’ რისკ-ჯგუფში შედიოდნენ ასაკის გამო და მით უფრო ეკრძალებოდათ ეზოს დატოვება. დილით კიდევ უფრო ატკივდა კუჭი, იფიქრა, გზაზე მაინც დავუძახებ ვინმესო და ღობესთან მივიდა. ყოველთვის ხმაურიან შარაზე ამჯერად არავინ იდგა. მხოლოდ შორს, შორს, ისე რომ თვალს ძლივს მიაწვდენდი და ხმას მით უფრო - ,,გზაზე ერთი კაცი მიდიოდა’’. -- ქართული კლასიკის სათაურებით ჩვენი დროის დრამა ავაწყვე, რომ კვლავაც ცოტა გაგახალისოთ. თქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
162 reads
Work
138 reads
Work
1 აპრილი
დღეს პირველი აპრილია. დღეს მთელ მსოფლიოს უნდა, რომ ვინმე შემოდგეს ევერესტზე. შემოდგეს და გადმოგვძახოს: მოგატყუეთ, მოგატყუეთ - მთელი თებერვალი და მარტი მოგატყუეთ. ადექით, გამოდით ქუჩებში, სიცოცხლე დაიწყეთ, საქმე დაიწყეთ, ერთმანეთი იპოვეთ! მაგრამ ევერესტზე არავინ არ დგას. ამიტომაც არის ახლა ყველა სხვა ტყუილი ყალბი და უსუსური. უკეთეს თვეს გისურვებთ ყველას!#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
311 reads
კარგი ამბებიც
ანანო ნაჭყებია - ესპანეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის შვილი - შესანიშნავი მეხუთეკლასელი სამტრედიიდან, რომელზეც სკოლის დასრულებამდე ვიზრუნებთ. კატო არჩვაძე - მრავალმხრივ ნიჭიერი გოგონა, ეროვნული ბიბლიოთეკის გარდაცვლილი თანამშრომლის შვილი, მასზეც სკოლის დასრულებამდე ვაპირებთ ზრუნვას. ნიკოლოზ კუტუბიძე - მოჭიდავე-ტალანტი ოზურგეთიდან. საბა ცინდელიანი - საუკეთესო მოსწავლე სოფელ ნაკრაში (სვანეთი). ეს სახელები კარგ ამბებს ნიშნავს ამ რთულ დროში - იზოლაცია-კარანტინის პერიოდისას, დიდი ძალისხმევით და კარგი ადამიანების დახმარებით, მათ გურული დღიურების სტიპენდია დავუნიშნეთ!#კორონაწავამალე #გურულიდღიურებისფონდი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
369 reads
ეროვნული ბიბლიოთეკის განცხადება
ძვირფასო მეგობრებო! რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი: ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლების ის ნაწილი, ვისაც ამის მცირედი საშუალება გვაქვს, სამოცდაათ წელს გადაშორებული განსაკუთრებული საჭიროების თანამშრომლებისთვის და ზოგიერთი ყოფილი თანამშრომლისთვის, ვქმნით სახელდახელო ფონდს და მათ საპენსიო ბარათებზე დანამატებს დავურიცხავთ. ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა საკუთარი თანამშრომლების ნაცვლად ვიმუშავებთ, იმ ძირითადი საჭიროებების შესასრულებლად, რაც ახლა გვაქვს (წიგნების სკანირება და სასწაო დაწესებულებებისთვის ელექტრონულად მიწოდება) ჩვენი წიგნის სახლუკა, საიდანაც ახალი გამოცემების წაღება შეგეძლოთ ბიბლიოთეკის დახურვის გამო, რადგანაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, დროებით დაიხურება, რადგან იქ თეორიულად, შეიძლება ათმა და მეტმა ადამიანმა მოიყაროს თავი რიგში. მე ასე ხშირად ვეღარ შეგეხმიანებით, რადგან საქმე გაათმაგდა. იყავით მტკიცედ! და რაც მთავარია #დარჩისახლში #კორონაწავამალე #ეროვნულიბიბლიოთეკა #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
197 reads
თოვლი
მიუხედავად ყველაფრისა, გარეთ თოვს. და მიუხედავად ყველაფრისა - ძალიან ლამაზია! და ადამიანი აუცილებლად მოიგებს ამ ომს. რაც უნდა იყოს ეს ომი და როგორიც, ცხადია, რომ ომია. უცნაური ომი, როცა სახლში დარჩენა სჯობს მტერთან შეგებებას ან მტრისგან გადამალვას. და ადამიანი მოიგებს ამ ომს, იმისთვის რომ თოვლი დაინახოს, მზე დაინახოს, ზღვა დაინახოს. ადამიანი დაინახოს. სხვანაირად არ გამოვა. ჰოდა, მე კი ვერ ვასრულებ ამ ამბავს, ჩემი მოვალეობის გამო, მაგრამ შენ, ვისაც შეგიძლია - #დარჩისახლში და ცოტა ხნით გაუძელი წინადადებაში სიტყვებს - ,,მიუხედავად ყველაფრისა"#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze #opinion
436 reads
ნაწარმოებების ცნობილი დასაწყისები კორონიანობის ჟამს
ცარიელ მანქანის სამრეცხაოში ვზივარ ერთადერთი მოწყენილი კლიენტი. ცოტა დრო მაქვს და თქვენს გასახალისებლად, წარმოვიდგინე, მსოფლიო კლასიკის შედევრების დასაწყისები კორონავირუსის კონტექსტში რომ დაწერილიყო. ცხადია, კამიუს ,,უცხოს" ან ტვენის ,,ტომ! პასუხი არ არის!" შავ იუმორად ქცევას მოვერიდე. მაშ, ასე: "გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია, იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, აფთიაქში რომ შევიდა და პირბადე ხომ არ გაქვთო, იკითხა. პირველად მაშინ გადარჩა დახვრეტას" (გაბრიელ მარკესი. "მარტოობის ასი წელიწადი") "კილიმანჯარო მარადთოვლიანი მთაა, 19710 ფუტის სიმაღლისა და აფრიკაში ამსიმაღლე მთა მეორე არ არისო, ამბობენ. მის დასავლეთ მწვერვალს «ნგაი ნგაის,» ანუ ღვთის სახლს უწოდებენ. ზედ მწვერვალთან გაყინული და გამოფიტული დისპენსერი გდია. კაცმა არ იცის, ვინ აიტანა იმ სიმაღლეზე" (ერნესტ ჰემინგუეი. “კილიმანჯაროს თოვლიანი მთა) "გაზაფხულის ერთ მცხუნვარე დღეს, საღამო ხანს, თბილისის აეროპორტს ორი ნიღბიანი მოქალაქე ეწვია" (მიხაილ ბულგაკოვი " ოსტატი და მარგარიტა") "წარმოსადეგი, ჩასუქებული ბაკ მალიგანი კიბის ზედა ბაქანზე გამოვიდა ხელში საპნის ასაქაფებელი თასით, რომელშიც ამჯერად სადეზინფექციო სითხე ესხა" (ჯეიმს ჯოისი ,,ულისე) ,,საყოველთაოდ აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ დიდი ქონების პატრონ მარტოხელა მამაკაცს, თუ ის ბოლო დროს იტალიაში იყო, უსათუოდ კარანტინი სჭირდება" (ჯეინ ოსტინი ,,სიამაყე და მცდარი აზრი") და ა.შ. და ა.შ.#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze-
623 reads
ემიგრანტთა გამო
ჰოდა, ამ ერთმანეთის გამხნევების ჟამს, თუნდაც ასე, სიმბოლურად, ნუ დაგვავიწყდება ათასობით ჩვენი თანამოქალაქე, იტალიაში რომ ცხოვრობს და წლებია გვარჩენს. დიახ, გვარჩენს. დიდი წვალებით, მოთმინებით და გაუსაძლისი მონატრებით. ასე მოხდა, რომ აქამდე ექვს იტალიურ ქალაქში მოვაწყვეთ პატარა სამკითხველო. და ცოტა რამ უფრო ახლოს, უფრო შიგნიდან დავინახე. ერთხელ დავწერე და გავიმეორებ: რაღაც გაუგებარი და უცნაური სიყვარულით გვიყვარს ჩვენ ეს ხალხი. უცნაურად გვიყვარს და უცნაურადვე გვახსოვს: პირველი – ,,ევროპაშია, მაგრად არის'' მეორე – ცოტა ზიზღნარევია ან ყალბშეცოდებანრევი, ცოტა მორალის მარილითაც – ,,იქ მომვლელებად და მრეცხავებად მუშაობენ, აბა, აქ შესთავაზოს ვინმე მაგდაგვარი სამუშაო. ისედაც, უმეტესობა იპარავს, კაცო!’’ და მესამე ყალბთანგრძნობანარევი, ცოტა გამორჩენის სურვილით ნაკარნახევი – ,,ეს მელოდია ჯულიარდ ჯიქანაძისგან ეძღვნება ქართველ ემიგრანტებს’’. საზღვარსგამცდარი ქართველი ბევრია, Youtube - ზე ნახვებიც – შესაბამისი. ეს არის და ეს. გვარიანი სიუცხოვე ან უგვანო სიმღერები. ერთმა კარგმა ნაცნობმა, ალაგ–ალაგ არცთუ ცუდმა კაცმა, განათლებულმა და დავარცხნილმა, მითხრა: ,,უფ, ეს ემიგრანტი ქართველები განსაკუთრებული ბნელები არიან, წუხელ დავყევი და ყველა წავშალე Facebook-დან’’. ჯერ ერთი, რომ ასე გაზოგადება ყველა ემიგრანტზე ცოტა კომიკურია და მეორე – ცხადია, ნება მისია, საიდანაც უნდა, იქიდან წაშლის და აღადგენს, გინდ ქსელიდან და გინდ გონებიდანაც, მაგრამ ეგებ ერთხელ მაინც გვეკითხა ვინმესთვის, ვინც ბნელად მივიჩნიეთ, მხოლოდ მავნებლები ხომ არ ელაპარაკებიან, მხოლოდ მათსას ხომ კითხულობენ და ისმენენ? ჩვენ, ინტელექტუალური იერით ერთამენთს ვუჩურჩულებთ, ეს ჩურჩული უვიწროეს წრეში იტრიალებს, ორას მოწონებას მოაგროვებს და მერე, თქვენი მოწონებული, ისე დავიძინებთ. ის სამყარო, დანარჩენი, ჩვენ მიღმა არსებობს და არ ვიმჩნევთ. და იოლად ვჩემპიონდებით ტრადიციულ, ეროვნულ სპორტში, ილია რომ ებრძოდა და ,,სპორტსმენებმა’’ მორიგი ,,გარბენისას’’ გადაქელეს. ერთმეთთან სათქმელის არმიტანაა ეს სპორტი. ხელოვნური კასტურობა და ვერგატანა. დიახ, ქართველი ემიგრანტები კრიმინალებიც არიან. და ასე ხუთი–ექვსი კულტურის ვარსკვლავი. ვიცით ეს. მაგრამ მგონი მარტო ეს ვიცით. არადა, ქართველი ემიგრანტები არიან სტუდენტები, დღეგამოშვებით რომ პატიოსნად მუშაობენ. არიან ძალიან, ძალიან ნიჭიერი ადამიანები, რომელთაც უკვე ბევრს მიაღწიეს, მაგრამ ამ ფარდიდან ძნელად მოჩანს, არიან მომვლელები და მრეცხავები, შაბათობით პატარებს ქართულს და მათემატიკას რომ ასწავლიან საკვირაო სკოლაში. დიდები და პატარები. ეს ხალხი ღონისძიებაზე კატორღული სამსახურიდან ერთი საათით შემოირბენს და ამაოდ მალავს დიდ დაღლას და სევდას. არ იმჩნევს და არ გამჩნევინებს. ,,გავიქეცი ახლა ჩემს ბებოსთან მოსავლელად’’ – ნაძალადევი მხიარულებით მითხრა ერთხელ ერთმა ქალმა ქალაქ ბარიში და მძიმე ნაბიჯებით წავიდა. ამ ადამიანებმა, განსაკუთრებით ქალებმა გადაარჩინეს საქართველო ფიზიკურად და ახლაც როდი აქვთ მცირე წვლილი. დანარჩენი ჩატეხილი ხიდის ამბავია. 26 მაისს, რომის მთავარ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხის გახსნა იგეგმებოდა. არ ვიცი, მოხერხდება თუ არ. იმედი მაქვს რომ კი. ჩემი სოლიდარობა იტალიელ ხალხს და რა გასაკვირია, რომ განსაკუთრებით, იქ მცხოვრებ, ჩვენგან მივიწყებულ ქართველებს. კორონა წავა მალე! #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
137 reads
შიში და სიმამაცე კორონიანობისჟამს
არაფერი ისე არ აშინებს ადამიანს, როგორც სავარაუდო სიკვდილის მოახლოებული საფრთხე. მით უფრო თუ ამ საფრთხეზე მეგაფონში ჩაყვირიან. ჩვენი, ეროვნული საქმე არ გეგონოთ და თავზე ნაცარს ნუ წაიყრით, ყველგან ასეა და ყოველთვის. 1938 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, უელსის ცნობილი რადიოდადგმის შემდეგ, უცხოპლანეტელების შემოსევის შესახებ, ხალხი ქუჩაში გამოცვივდა და ზოგს თვეობით ვეღარ აჯერებდნენ საწინააღმდეგოს. ახლაც, არაერთ დასავლურ ქალაქში, მომეტებული წვიმის პროგნოზირებისასაც კი, რომელსაც აპლიკაცია გამცნობთ, დიდი შფოთვა იწყება. და რა გასაკვირია, რომ ჯერაც დაუმარცხებელი ვირუსი შიშს იწვევდეს. აქაც და იქაც. არაფერი არ ამშვენებს ისე ადამიანს, როგორც შიშის დამორჩილება. დამარაცხება არა. დამარცხებით შიში ვერ მარცხდება. შიში და ადამიანი ერთი და იგივეა. ,,შიში ვერ იხსნის სიკვდილსა" - იმას კი არ გვეუბნება, სიკვდილის არ გვეშინოდეს და ცეცხლში თავი შერგეთო. არა, მეგობრებო, არა! უბრალოდ, შიშით სიკვდილის ვერ აირიდებო. ამიტომ, ეს შიში, შენსავე იარაღად უნა აქციო და სიკვდილი სხვანაირად გადაავადო. დღეს ამისთვის ხელები უნდა დაიბანო ხშირად, თუ ვთქვათ, ჩემი საყვარელი იტალიიდან ჩამოხვედი და მეორე დღეს დაბადების დღე გვაქვს, ათასკაციანი ღრეობა არ მოაწყო, თუ სიცხე გაქვს და სუნთქვა გიჭირს, შარშანწინაც ასე რომ იყავი და ცალ ფეხზე გეკიდა, ეს არ თქვა და მეზობლის ბავშვებს ფეხბურთი არ ეთამაშო. ეგ ყველაზე დიდი შიშია. სიკვდილის შიშისგან გაქცევის შიში. ვითომ გაქცევის და ისე საკუთარი თავის და სხვების მის ხახასთან მირეკვის შიში. იყავით მშიშრები, იქ სადაც შიში გარდაუვალი და აუცილებელია. გეშინოდეთ სხვის ნაცვლად და გახსოვდეთ, რომ ასეთი შიში ყველაზე დიდი სიმამაცეა. თქვენი#გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze
440 reads
სიყვარული
ღამით აივანზე გავდივარ. ტანზე მოცმა მეზარება და ისე გავდივარ. მხოლოდ ლოგინის შავზოლიანი მაისურით, სახელოები რომ ცოტა მოკლე აქვს. ცივა. უნდა გადააფსა დუნიას? – მომაძახებს ბებია. არ მიკვრის, რომ ბებიასაც ღვიძავს. მე არაფერს ვპასუხობ. უბრალოდ ცას ავხედავ. ცივა. სადღაც, შორიდან მომავალი გაზაფხულის დაუდასტურებელი, სავარაუდო სუნი იგრძნობა. შეიძლება რამე სითბოს ნაფლეთიც, უცებ რომ გაგკრავს და ქრება. ძნელია ამ სუნის და სითბოს დაჭერა, მაგრამ ხანდახან იჭერ. ცას ავხედავ. ღრმად ვსუნთქავ. ოდნავ მაჟრჟოლებს. არ გაცივდე, შემოი შით! – ყრუდ მომესმის თოთხმეტი ან თხუთმეტი წლის ვარ. გვიანი ზამთარია. მალე შეთენდება და სიცივე იმატებს. და შემაშინებელი სიცხადით ხვდები, რომ შენი დროა. ზუსტად ისეთის, როგორიც ხარ. შენი დრო, თუმცა შენ გვიან, იქიდან ბევრი თებერვლის მერე გამოჩნდები. გიღიმი და ოთახში ვბრუნდები. გაადაფსი დუნიას? – მეკითხება ბებია კი – რაღაც ბუნდოვანი კმაყოფილებით ვპასუხობ, ვწვები და გიყურებ. აქეთ, ბევრი თებერვლის მერე. მგონი, ეს არის სიყვარული.#გიორგიკეკელიძე ##giorgikekelidze#სხვაგურულიდღიურები
455 reads