203
Followers
45
Following
786
Posts
21K
Mth. views
Latest
იაპონური გემიდან გამოჟონილი ნავთობის გამო, მავრიკის გარშემო ზღვის ცხოველები კვდებიან
მავრიკში მოხალისეებმა მკვდარი გველთევზები აღმოაჩინეს. ეს მაშინ მოხდა, როდესაც ისინი ინდოეთის ოკეანის გასუფთავებას ცდილობდნენ იაპონური გემიდან გამოჟონილი ათასი ტონა ნავთობისაგან. ამ შემთხვევამ დიდი ეკოლლოგიური კრიზისის საფრთხე წარმოშვა. როიტერსის ცნობით, მკვდარი გველთევზები წყალზე ტივტივებდნენ შავ, ბლანტ სითხეში. აღსანიშნავია, რომ აქ კიბორჩხალები და ზღვის ფრინველებიც იღუპებიან. გემზე კიდევ 2000 ტონა ნავთობია და მოსალოდნელია, რომ მან კიდევ გაჟონოს. პრემიერ მინისტრის განცხადებით, ქვეყანა უარესისათვის უნდა იყოს მზად. მავრიკის ეკონომიკის უდიდესი ნაწილი ტურიზმზეა დაფუძნებული. მთავრობამ პარასკევს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა ამ შემთხვევის გამო და ამჟამად მის ყოფილ კოლონიურ მმართველთან, საფრანგეთთან ერთად ცდილობს წყლის გასუფთავებას. მავრიკის მთავრობისაგან ამ შემთხვევას დაუყოვნებელი პასუხი არ მოჰყოლია. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი ტექნიკური რჩევებით დაეხმარებიან მათ წყლის გასუფთავებაში. გაერომ და სხვა საერთაშორისო ჯგუფებმაც ასევე მობილიზაცია გამოაცხადეს და მათი თქმით, საქმეში აუცილებლად ჩართავენ გარემოს დაცვის ექსპერტებს. წყარო: Reuters #headline
60 reads
იაპონური გემიდან გამოჟონილი ნავთობის გამო, მავრიკის გარშემო ზღვის ცხოველები კვდებიან
ბელორუსი: საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მდგომარეობა
უკვე სამი დღეა ბელორუსში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, ხმების 80%-ზე მეტი მოიპოვა. ქვეყანაში აქციები არჩევნებამდეც იმართებოდა. მათ სათავეში ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია იდგა, რომელმაც საკუთარი მეუღლის, ცნობილი ბლოგერისა და პრეზიდენტობის კანდიდატის, დაკავების შემდეგ თავისი კანდიდატურა წამოაყენა. ალექსანდრე ლუკაშენკო 26 წელია ბელორუსის პრეზიდენტია. იგი პოლიტიკაში მოსვლამდე სამხედრო ოფიცერი, ხოლო საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე საწარმოს დირექტორი იყო. ლუკაშენკომ თავისი მმართველობის განმავლობაში მოახერხა და ევროპის ბოლო დიქტატორის სახელწოდება მოიპოვა. იგი ავტორიტარი მმართველია და ამასთანავე, ქვეყანასაც პრორუსული პოლიტიკა აქვს. მისი მმართველობის პირობებში ბელორუსისათვის შეუძლებელია პროდასავლური კურსის არჩევა. ლუკაშენკომ რამდენიმე დღის წინ განაცხადა კიდეც, რომ რუსეთი ყოველთვის იქნება მისი ქვეყნის მოკავშირე, ვინც არ უნდა იყოს ორივე ქვეყნის სათავეში. აღსანიშნავია, რომ 2010 წელს ჩატარებულ არჩევნებში, მან ხმების 79,65% მოიპოვა. არჩევნების შედეგები აშშ-მ და ევროკავშირმა არ სცნეს, თუმცა დსთ-მ იგი დადებითად შეაფასა. ბელორუსში მოსახლეობა ამჟამად სწორედ რეჟიმისა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. საპროტესტო აქციების მთავარი მიზანიც ეს არის. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში იმდენად რთული სიტუაციაა, რომ ოპოზიციის მთავარი ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, რამდენიმე დღის წინ ლიეტუვაში გაემგზავრა საკუთარი შვილებისა და თავისი უსაფრთხოების გამო. მან ვიდეოც გამოაქვეყნა, სადაც მოსახლეობას მოუწოდებს საპროტესტო აქციები შეწყვიტონ. თუმცა აღსანიშნავია, რომ ვიდეოში იგი ქვემოთ იყურება, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ დაწერილ ტექტსტს კითხულობს. არ არის გამორიცხული, რომ ეს განცხადებაც მუქარის შემდგომ გაკეთდა. მან ამ ვიდეომიმართვამდე კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნავს, რომ არავის უსურვებს იმ არჩევანის წინაშე ყოფნას, რომელის წინაშეც თავად არმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია სათავეში ედგა საპროტესტო გამოსვლებს, რომლებზეც ათი ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მსგავსი ფართომასშტაბიანი აქციები ბელორუსში საბჭოთა კავშირის პერიოდის შემდეგ არ ყოფილა. ბელორუსში საპროტესტო აქციები მთავრობამ ძალის გამოყენებით დაშალა. დაშავდა რამდენიმე ათასი ადამიანი, ხოლო ერთი მოქალაქე დაიღუპა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი. წუხელ შეკრებილ ათასობით დემონსტრანსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა. დააკავეს ათასობოთ ადამიანი. საპროტესტო აქციებზე ზოგიერთი მოქალაქე იმდენად დაშავდა, რომ მათ ქირურგიული ჩარევაც კი ესაჭიროებათ. დასავლური მედია ალექსანდრ ლუკაშენკოს შესახებ წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საზოგადოების პროტესტი იმდენად დიდია, რომ იგი თანამდებობაზე ვეღარ დარჩება. ამასთან, რამდენიმე გავლენიანი გამოცემა იმასაც ამბობს, რომ რუსეთსა და მის მთავრობასაც მსგავსი მომავალი ელით. საზოგადოებას აღარ სურს ტყუილსა და შიშში ცხოვრება. სწორედ ეს იდეები ჟღერდებოდა საპროტესტო გამოსვლებზე, სადაც ათიათასობით ადამიანი სამართლიან და თავისუფალ არჩევნებს ითხოვდა. ეს მოთხოვნები დღესაც ძალაში რჩება. მთავრობა კი მოსახლეობას მოუწოდებს საპროტესტო აქციები შეწყვიტონ. ბელორუსში მიმდინარე მოვლენები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ არც ერთი დიქტატურა არ არის სამუდამო. როგორც დასავლური მედია წერს, რუსეთი გარე იმპერიების ჩამოყალიბების მცდელობის პროცესში საქართველოში, უკრაინაში, მოლოდვასა და ბელორუსში, თავადვე შეიძლება დაიშალოს. მათი თქმით კი ამისათვის აშშ და ევროკავშირი უნდა მოემზადოს, რადგანაც ეს პროცესები უკვე არც ისე შორსაა. #headline #Belarus #ბელორუსი
29 reads
ბელორუსი: საპროტესტო გამოსვლები და პოლიტიკური მდგომარეობა
ბელორუსის ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ქვეყანა დატოვა
ბელარუსის ოპოზიციის მთავარი კანდიდატი, სვეტლანა ტიხანოვსკაია, ლიეტუვაში გაემგზავრა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქვეყანაში წინასაარჩევნო შედგების გამოცხადებას სამოქალაქო პროტესტი მოყვა. საპროტესტო აქციები კი მთავრობამ ძალის გამოყენებით დაარბია. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა მას შემდეგ წამოაყენა, რაც მისი მეუღლე უსამართლოდ დააკავეს. ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრმა სამშაბათს განაცხადა, რომ სვეტლანა ტიხანოვსკაია უსაფრთხოდ, ლიეტუვაში იმყოფება. წინასწარი შედეგებით ალექსნადრ ლუკაშენკო მეექვსე ვადით გახდება ბელორუსის პრეზიდენტი. სვეტლანა ტიხანოვსკაია არჩევნების შედეგების სამართლიანობას უარყოფს. ალექსანდრ ლუკაშენკო 26 წელია ქვეყნის სათავეშია. მან „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ სახელიც მოიპოვა. საპროტესტო აქციებზე ათსობით ადამიანი დააკავეს და მათ შორის ბევრიც დაშავდა. ორშაბათს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამგზავრების ადგილი უცნობი იყო. მან ბელორუსის საარჩევნო კომისიას მოთხოვნით მიმართა, რომ ხმები თავიდან დათვლილიყო. ოპოზიციის ლიდერმა საათები გაატარა მათ შენობაში, თუმცა, როგორც ჩანს უშედეგოდ. მანამ, სანამ იგი დარწმუნებული არ იქნება, რომ საფრთხე აღარ ემუქრება, კამპანიას სათავეში ვეღარ ჩაუდგება. წყარო: CNN #headline #Belarus #ბელორუსი
97 reads
ბელორუსის ოპოზიციის მთავარმა კანდიდატმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, ქვეყანა დატოვა
რუსეთი თავისი ვაქცინის გამოშვებას ჩქარობს და ტესტირებას ანელებს
რუსეთი დაუფარავად ცდილობს თავისი განზრახვის ასრულებას: გაიმარჯვოს მსოფლიოში მიმდინარე კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შეჯიბრში. ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ მათ ეფექტური ვაქცინა უკვე შექმნეს და მის მასობრივად გამოყენებას რამდენიმე კვირაში გეგმავენ. რუსეთის საინვესტიციო ფონდის მეთაური, კირილ დიმიტრიევი, ამტკიცებს, რომ ქვეყანა ამ მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო. მისი თქმით, ვაქცინა, რომელიც ახლა შექმნეს, ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინის მიბაძვით მიიღეს, რომელიც „გამალეია ინტიტუტმა“ ხუთი წლის წინ შექმნა. რუსეთი ვაქცინის წარმოებას სექტემბრის დასაწყისშივე გეგმავს, მათი თქმით, ამ პროცესში რამდენიმე რუსული კომპანია უკვე ჩართულია. რუსეთის მიერ შექმნილი ვაქცინის მსგავსი ვერსიები სხვა ქვეყნებშიც შეიქმნა. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში, სადაც იგი კვლავ გადის ტესტირებასა და ე.წ „მესამე ფაზას“. მსოფლიოში ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრობენ, რომ საბოლოო შედეგს 2021 წლამდე ვერ მიაღწევენ. დიმიტრიევის თქმით, რუსეთიც და დიდი ბრიტანეთიც ე.წ „ადენოვირუსულ ვექტორს“ იყენებს. განსხვავება მათ შორის ის არის, რომ რუსული ვაქცინა მაიმუნების ნაცვლად, ადამიანების ადენოვირუსს იყენებს. სწორედ ამგვარად ხსნის ოფიციალური მოსკოვი იმას, რომ მათ უფრო სწრაფად მიაღწიეს დადებით შედეგებს. ჯანდაცვის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ასეთმა სწრაფმა პროგრესმა, შესაძლოა, სახიფათო რისკები წარმოქმნას. რუსულ ვაქცინაზე ე.წ „მეორე ფაზის“ ცდები უკვე დასრულდა. ისინი უფრო ფართომასშტაბიან ცდებს 1,600 ადამიანზე ამ თვეში დაიწყებენ. რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველები, ვინც ვაქცინას მიიღებენ ექიმები, მასწავლებლები და მაღალი რისკის მქონე ინდივიდები იქნებიან. ისინი ვაქცინაციის შემდეგ დაკვირვების ქვეშ უნდა იყონ. წყარო:NBC News #headline #coronavirus #vaccine #Russia #კორონავირუსი #ვაქცინა #რუსეთი #ახალიამბები
124 reads
რუსეთი თავისი ვაქცინის გამოშვებას ჩქარობს და ტესტირებას ანელებს
ჩინეთი ამერიკის ტელევიზიას ვუჰანის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების გაშუქების ნებას რთავს
ჩინეთის ლაბორატორიამ, რომელსაც კოვიდ-19-ის გავრცელების წყაროდ ასახელებდნენ, აშშ-ის ტელევიზიასა და მის გუნდს გადაღების ნება დართო. მათი თქმით, ამგვარად ისინი დარწმუნდებიან, რომ მსოფლიო პანდემია ამ ლაბორატორიიდან არ დაწყებულა. NBC News-ის განცხადებით, მათ თითქმის ხუთი საათი გაატარეს ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტში. პრეზიდენტ ტრამპის თქმით, სწორედ აქ წარმოიშვა ვირუსი, რომლითაც დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. NBC პირველი დასავლური მედიაა, რომელსაც საშუალება მიეცა შესულიყო იქ, სადაც ყველაზე საშიშ ვირუსებზე კვლევები მიმდინარეობს. მათ შორისაა კოვიდ-19-ც, რომელიც, მათი აზრით, ღამურებისაგან წარმოიშვა. მიუხედავად გავრცელებული შეთქმულების თეორიებისა, ლაბორატორიის ვიცე დირექტორი ამბობს, რომ იგი სრულიად დარწმუნებულია,რომ პანდემია ამ ადგილიდან არ დაწყებულა. მან ასევე აღნიშნა ისიც, რომ არცერთი თანამშრომელი, რომელსაც ლაბორატორიასთან შეხება აქვს, კოვიდ-19-ით ინფიცირებული არ ყოფილა. მისი თქმით, ლაბორატორიას ვირუსთან შეხება პირველად დეკემბერში ჰქონდა, როდესაც იგი ადგილობრივ საავადმყოფოებში უკვე გავრცელებული იყო. ლაბორატორიის ვიცე დირექორის თქმით, იგი განცვიფრებულია იმით, რომ ამ სკანდალმა ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა წარმოშვა. ამან კი სამყაროს სტაბილურობასა და პროგრესს ზიანი მიაყენა, ისევე, როგორც სამეცნიერო კვლევებს. აშშ-ის განცხადებით, ჩინეთმა მსოფლიოს ღიად და დეტალურად უნდა წარუდგინოს ის ინფორმაცია, რომელიც ვირუსის წარმოშობას ეხება. მოგეხსენებათ, რომ კოვიდ-19-თ გარდაცვლილთა რაოდენობამ მსოფლიოში 700,000-ს გადააჭარბა. წყარო: New York Post #headline #coronavirus #USA #China #კორონავირუსი #აშშ #ჩინეთი
67 reads
ჩინეთი ამერიკის ტელევიზიას ვუჰანის ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების გაშუქების ნებას რთავს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ხუთი თვის წინ მიღებული გაფრთხილებები საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებით, გააუქმა. სააგენტოს განცხადებით, მსგავსი ნაბიჯი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან კოორდინაციის შემდეგ მიიღეს. გამომდინარე იქიდან, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობა ქვეყნების მიხედვით განსხვავებულია, მოქალაქეებს ექნებათ ინფორმაცია და რჩევები ამის შესახებ. თითოეული მათგანი დეტალურად გაეცნობა სად უფრო უსაფრთხოა წასვლა და ამის მიხედვით მიიღებს მოგზაურობის გადაწყვეტილებას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 50-ზე მეტი ქვეყანა სახიფათო სიაში გააერთიანა. ასეთია სახელმწიფოები, სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია, მაგალითად, ბრაზილია, ინდოეთი, რუსეთი. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ისინი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის კონტროლის ნორმებს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრთან თანამშრომლობით იღებენ. აღსანიშნავია, რომ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მსოფლიოს აფრთხილებს, რომ უმნიშვნელო მოგზაურობებისგან თავი შეიკავონ და ეს ნაბიჯი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადადგან. წყარო: USA TODAY #headline #USA #აშშ
2351 reads
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საერთაშორისო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს აუქმებს
პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანია Facebook-ს არაობიექტურობაში სდებს ბრალს
პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანია Facebook-ს არაობიექტურობაში ადანაშაულებს. სოციალური მედიის პლატფორმამ ტრამპის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი ოთხშაბათს წაშალა. წაშლილ პოსტს თან ერთვოდა ტრამპის ინტერვიუს ვიდეო, სადაც მან განაცხადა, რომ ახალგაზრდები თითქმის იმუნურები არიან კორონავირუსის მიმართ. Facebook-ის თქმით, ვიდეო არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო წაიშალა. ამაზე კი ტრამპის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული განცხადება ტყუილი არ იყო. მათი თქმით, პრეზიდენტმა ამ სიტყვებში იგულისხმა, რომ მცირეწლოვან ბავშვებსა და მოზარდებს დაავადება შედარებით მსუბუქ ფორმებში გადააქვთ. ბოლო დროს Facebook-მა ტრამპის საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეკლამები წაშალა. თუმცა აღსანიშნვია, რომ ოთშაბათს მომხდარი ფაქტი პირველია, როდესაც პრეზიდენტის ოფიციალური გვერდის მიერ გამოქვეყნებული პოსტი წაიშალა. მსგავსი კომენტარი ტრამპმა ინტერვიუს დროს მაშინ გააკეთა, როდესაც სკოლების ხელახლა გახსნაზე საუბრობდა, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად. ამჟამად აშშ-ში ინფიცირებათა შემთხვევების რაოდენობა ძალიან მაღალია და რიცხვები მატებას კვლავ განაგრძობს. მცირეწლოვანი ბავშვები და მოზარდები კოვიდ-19-ით ინფიცირდებიან, თუმცა მათ მწვავე გართულებების გარეშე, მსუბუქი ფორმით გადააქვთ დაავადება. წყარო: The Hill #headline
56 reads
პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანია Facebook-ს არაობიექტურობაში სდებს ბრალს
მისისიპის შტატში 100-ზე მეტი მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს
მისისიპის შტატში, სკოლების გახსნიდან 1 კვირაში, ექვს მოსწავლესა და ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამჟამად 100-ზე მეტი მოსწავლე, რომლებსაც ახლო კონტაქტი ჰქონდათ ინფიცირებულებთან, კარანტინში იმყოფება. ისინი კარანტინს ორი კვირის განმავლობაში საკუთარ სახლში გაივლიან. სკოლის განცხადებით, მათთან ყველანაირი უსაფრთხოების ზომები დაცული იყო იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელება თავიდან აერიდებინათ. სკოლები აქ 27 ივლისიდან გაიხსნა. მშობლებს ჰქონდათ არჩევანი გაეშვათ საკუთარი შვილები სკოლაში ან მათ კვლავ გაეგრძელებინათ დისტანციური სწავლება. მოსწავლეები და თანამშორმლები, რომლებიც სკოლაში დადიან, ყოველდღიურად იმოწმებენ ტემპერატურას. მასწავლებლები ავსებენ კითხვარს აქვთ თუ არა რაიმე გამოხატული კოვიდ19-ისათვის დამახასიათებელი სიმპტომები. მისისიპის შტატში ნიღბების ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში სავალდებულო გახდა. ამის მიზეზი კი კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მცდელობაა. შტატში კოვიდ-19-ის 63,444 ხოლო გარდაცვალების 1,804 შემთხვევაა დაფიქსირებული. წყარო: The Hill #headline #coronavirus #კორონავირუსი
82 reads
მისისიპის შტატში 100-ზე მეტი მოსწავლე კარანტინში გადაიყვანეს
ინგლისის ბანკი: ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო
ინგლისის ბანკის განცხადებით, ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მომხმარებელთა დანახარჯები იზრდება, მნიშვნელოვანი რისკების მიუხედავად. როგორც მოსალოდნელი იყო, მარტში დაწესებული შეზღუდვების გამო, ქვეყანაში უმუშევრობის დონე წლის ბოლომდე ორჯერ უნდა გაზრდილიყო. თუმცა ამჟამად საკარანტინო შეზღუდვების ნელნელა გაუქმებასთან ერთად, სამომავლო ეკონომიკის განვითარების დონე დამაიმედებელ შედეგებს იძლევა. მომხმარებელთა ხარჯვის მაჩვენებელი პანდემიის წინ არსებულ დონეს უბრუნდება. მარტში ინგლისის ბანკმა საპროცენტო განაკვეთი ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაწია. 326 წლიანი ისტორიის მანძილზე მსგავსი რამ არ მომხდარა. ცხრა კაცისაგან შემდგარმა მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ნაბიჯს, რომ საპროცენტო განაკვეთი 0.1%-მდე დაწეულიყო. ინგლისის ბანკის განცხადებით, საკარანტინო შეზღუდვების მოხსნამდე მომხმარებელთა დანაჯარჯები 10%-ით ჩამოცდა ნორმალურ დონეს. ახლა კი მომხმარებლის ქცევა და მათი დანახარჯები ჩვეულ ნიშნულს უბრუნდება. მიუხედავად ყველაფრისა, ექსპერტები მაინც ვარაუდობენ, რომ ბრიტანეთი მშპ-ის იმ დონეს, რომელიც 2019 წლის ბოლოს ჰქონდა, 2021 წლის დასასრულამდე ვერ მიაღწევს. ამას თან ერთვის მოსალოდნელი რისკები ჯანდაცვის საკითხებში და ამასთან, კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღა და ინფიცირებათა რიცხვის მატება. ბრიტანეთში ოთხთვიანი საკარანტინო შეზღუდვების გამო უმუშევრობის რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ დროებითმა კარანტინმა ბიზნესებს მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, შემცირდა მომხმარებლის მოთხოვნა მათ პროდუქტზე. ინგლისის ბანკის განცხადებით, წლის ბოლომდე დაახლოებით, 2.5 მილიონი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე, უმუშევრობის დონე კი პანდემიის წინ არსებულ ნიშნულს 2023 წლამდე ვერ დაუბრუნდება. წყარო: The Guardian #headline
128 reads
ინგლისის ბანკი: ბრიტანეთის ეკონომიკა უფრო სწრაფად აღდგება, ვიდრე მოსალოდნელი იყო
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მოკვლით ემუქრებიან
ენტონი ფაუჩი აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორია. ოთხშაბათს მან განაცხადა, რომ მას მოკვლით ემუქრებიან, ხოლო მისი შვილები კი შევიწროვებას განიცდიან. ყველაფერი იმან გამოიწვია, რომ ენტონი ფაუჩის ფიგურამ და მისმა განცხადებებმა კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია. ფაუჩის განცხადებით, მას მოუწია დაცვის აყვანა, რაც მისთვის წარმოუდგენელი და გასაოცარია. ენტონი ფაუჩი ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორია 1984 წლიდან. ამასთან, აშშ-ის ექვსი სხვადასხვა პრეზიდენტის მრჩეველი იყო საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. ბოლო თვეების განმავლობაში კი მან რამდენჯერმე გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც ტრამპის პოზიციას ეწინაარმდეგებოდა. ენტონი ფაუჩი არ არის ერთადერთი, ვინც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროსთან დაკავშირებული განცხადებების გამო მუქარის წერილები მიიღო. მისი თქმით, ამ სფეროში მომუშავე ადგილობრივი ადამიანებიც, ქვეყნის მასშტაბით, ინტერნეტსივრცეში ხშირად იღებენ მსგავს კომენტარებს. წყარო: NPR #headline #USA #აშშ
3575 reads
ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ მოკვლით ემუქრებიან
The Economist: ავიაკომპანიებს შანსი აქვთ კრიზისს თავი ნაკლები ზიანით დააღწიონ
იმისათვის რომ დავინახოთ, თუ რა ზიანი მიაყენა კორონავირუსმა ავიაციას, ცაში ახედვაც საკმარისია. წელს 5 მილიარდი მგზავრი უნდა გადაფრენილიყო სხვადასხვა ქვეყნებში, თუმცა რეალური რიცხვი ამის ნახევარიც კი არ არის. შესაძლოა, რომ ფრენები 2019 წლის დონეს 2024 წლამდე ვერ დაუბრუნდეს. როდესაც ფრენები აღდგება, ორი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იარსებებს: ინდუსტრია ძველებურ ფინანსურ მდგომარეობას დაუბრუნდეს და ასევე ფრენა გახდეს ნაკლებად ზიანის მომტანი და დამაბინძურებელი გარემოსათვის. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლება ფრენების შეწყვეტას უკავშირდება და მაშინვე იმატებს, როგორც კი საავიაციო მიმოსვლა აღდგება. წლების განმავლობაში ავიაცია ყოველთვის იცილებდა იმ რეგულაციებს, რომლებიც მანქანების კომპანიებს ავალდებულებდა ჰაერის დაბინძურება მაქსიმალურად შეემცირებინათ. პანდემიამ ბევრი რამ შეცვალა. ბევრი ავიაკომპანია თავს „შერცხვენილად“ გრძნობს მას შემდეგ, რაც მსოფლიომ თვალნათლივ დაინახა, თუ როგორ აჩქარებდა საავიაციო მიმოსვლა გლობალურ დათბობას. ამჟამად კომპანიები ახალი თაობის და უფრო „სუფთა“ თვითმფრინავებზე იწყებენ მუშაობას. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამჟამად მთელი ინდუსტრია „გაყინულია“, შესაძლოა, ამან ახალი თვითმფრინავების წარმოება შეანელოს. მსგავსი თვითმფრინავების წარმოებას Airbus 2035 წლამდე გეგმავს. #headline #economist #economy #business #pandemy #covid19
113 reads
The Economist: ავიაკომპანიებს შანსი აქვთ კრიზისს თავი ნაკლები ზიანით დააღწიონ
37 წლის ყოფილი მასწავლებელი ევროპის "უკანასნელი დიქტატორის" წინააღმდეგ
37 წლის ინგლისური ენის ყოფილ მასწავლებელი პოლიტიკური გამოცდილების გარეშე ბელორუსის პრეზიდენტის მთავარ მოწინააღმდეგედ იქცა. პოსტ-საბჭოთა ქვეყნის ლიდერი უკვე საუკუნის მეოთხედზე მეტია ამ თანამდებობაზეა. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განსხვავებული ოპოზიციური პარტიები საკუთარი კანდიდატურის უკან გააერთიანა და ათი ათასობით მხარდამჭერი შემოუერთა საპროტესტო აქციებს. ეს კი იმის ფონზე, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 4 დღეა დარჩენილი. ტიხანოვსკაიას თქმით, მრავალრიცხოვანი საპროტესო აქციები კარგად გამოხატავს იმ ტრანსფორმაციის სურვილს, რომელიც ლუკაშენკოს 26 წლიანი მმართველობის განმავლობაში ჩახშული იყო. ტიხანოვსკაია საკუთარ თავს „ცვლილების სიმბოლოდაც“ ახასიათებს. ბელორუსის დედაქალაქ მინსკში გამართულ საპროტესტო აქციას 60,000 ადამიანი შეუერთდა. ეს 1991 წლის შემდეგ ყველაზე დიდი საპროტესტო აქციაა. მის სათავეში კი ტიხანოვსკაია დგას. მან მომიტინგეებს მიმართა, რომ დაიღალა მოთმინებითა და სიჩუმით, შიშით. ალექსანდრ ლუკაშენკო 65 წლისაა. იგი საბჭოთა კავშირის დროს რამდენიმე საწარმოს დირექტორი იყო. 1994 წელს კი ბელორუსის პირველი პრეზიდენტი გახდა. ამის შემდეგ მან ქვეყანაში დაადუმა განსხვავებული აზრის მქონე და დამოუკიდებელი მედია, მოიპოვა „ევროპის უკანასკნელი დიქტატორის“ ზედმეტსახელი. ბელორუსი ამჟამად მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება, რასაც თან ერთვის კორონავირუსის პანდემიისაგან გამოწვეული კრიზისი. ტიხანოვსკაიას თქმით, ლუკაშენკომ საზოგადოებას ვირუსისაგან თავდასაცავად ყოველდღიურად არყის მიღება ურჩია. სვეტლანა ტიხანოვსკაიას მეუღლე პოპულარული ბლოგერია, რომელიც ამასთანავე პრეზიდენტობის კანდიდატიც იყო. მუღლის დაკავებამ მას სხვა გზა აღარ დაუტოვა და მისი პოლიტიკაში ჩართვაც ამან განაპირობა. იგი ამბობს, რომ თუკი მან შიშის გადალახვა და ხმის ამოღება შეძლო, ეს საზოგადოების დანარჩენ ნაწილსაც შეუძლია. ამასთან, ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ მის მეუღლეს არაფერი საერთო რუსულ სამსახურებთან არ აქვს და ამას ხალხიც კარგად აცნობიერებს. გამარჯვების შემთხვევაში აპირებს, რომ ყველა პოლიტიკური პატიმარი გაათავისუფლოს, შეამციროს საპრეზიდენტო ვადები და გადადგას ის ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას დემოკრატიულს გახდის. ამასთან, რუსეთთან სამხედრო კავშირი ძალიან დიდ საფრთხეს უქმნის ბელორუსის დამოუკიდებლობას. ტიხანოვსკაია მას შემდეგ გახდა ოპოზიციის წარმომადგენელი ფიგურა, რაც სამთავრობო პირებმა სხვა კანდიდატებს რეგისტრაციის უფლება არ მისცეს. კანდიდატები ლუკაშენკოს ყველაზე ძლიერ მოწინააღმდეგეებად ითვლებოდნენ. წყარო: Chicago Tribune მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Belarus #ბელარუსი
142 reads
37 წლის ყოფილი მასწავლებელი ევროპის "უკანასნელი დიქტატორის" წინააღმდეგ
ამონიუმის ნიტრატი - ბეირუთში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზი
ბეირუთში დიდი აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ამონიუმის ნიტრატი გახდა, რომელიც რეაქტიული ნივთიერებაა. ლიბანის პრემიერ მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 2700 ტონა ამონიუმის ნიტრატი ექვსი წლის განმავლობაში საწყობში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ნივთიერება პორტში 2013 წელს შევიდა. ჯერჯერობით გაურკვეველია კონკრეტულად რამ გამოიწვია ნივთიერების აალება. ამონიუმის ნიტრატი ინდუსტრიული ქიმიური ნივთიერებაა, რომელიც ძირითადად მცენარეების სასუქად გამოიყენება. აღსანიშნავია, რომ თავად ფეთქებადი ამონიუმის ნიტრატი არ არის, არამედ ე.წ „ოქსიდაიზერია“, ანუ ისეთი ნივთიერება, რომლის მეშვეობითაც ჟანგბადით ავსებენ სხვა ნივთიერებებს. ცეცხლზე ჟანგბადის მიწოდება კი მას უფრო ინტენსიურს ხდის. ამონიუმის ნიტრატს განსაკუთრებული მდგომარეობა სჭირდება იმისათვის, რომ აფეთქდეს. იმ შემთხვევაში, თუ ნივთიერება საწვავთან რეაქციაში შევა, იგი ფეთქებადი ხდება. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა ტრაგედიის მიზეზიც. ჰაერში გაფანტულმა ნივთიერებებმა, შესაძლოა, მოგვიანებით მრავალი პრობლემა გამოიწვიოს. კვამლი, რომელიც აფეთქების შედეგად წარმოიქმნა, წითელი ფერის იყო. ეს კი მასში არსებულმა აზოტის ოქსიდებმა გამოიწვია. ამ დროის მონაცემებით ბეირუთში აფეთქების შედეგად დაიღუპა 100, ხოლო დაშავდა 4000-ზე მეტი ადამიანი. წყარო: The Guardian მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Beirut #ბეირუთი #აფეთქება
216 reads
ამონიუმის ნიტრატი - ბეირუთში მომხდარი აფეთქების სავარაუდო მიზეზი
ჩრდილოეთ კორეა მცირე ზომის ბირთვულ რაკეტებზე მუშაობს
ჩრდილოეთ კორეა ბირთვული იარაღის პროგრამას აგრძელებს. რამდენიმე ქვეყანა კი ეჭვობს, რომ, შესაძლოა, ქვეყანამ საკუთარი ბალისტიკური რაკეტების საბრძოლო თავებთან თავსებადი მცირე ზომის ბირთვული მოწყობილობები შექმნა. გაეროს უშიშროების საბჭოს 15-წევრიან კომიტეტს შუალედური ანგარიში წარედგინა. ჯგუფი ჩრდილოეთ კორეის სანქციებთან დაკავშირებით მუშაობს. ჩრდილოეთ კორეა გაეროს ამ ანგარიშთან დაკავშირებით კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. გასულ კვირას კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყანას ბირთვული იარაღი საკუთარი მშვიდობიანი მომავლისათვის სჭირდება, რომ გარედან მომავალი საფრთხეებისაგან თავი დაიცვას. აღსანიშნავია, რომ ექსპერტები პირველად არ გამოთქვამენ ვარაუდს იმის შესახებ, რომ ჩრდილოეთ კორეამ მინიატურული ბირთვული იარაღის შექმნა მოახერხა. ამის შესახებ აშშ-მ ჯერ კიდევ 2017 წელს განაცხადა. 2019 წელს იაპონიის მთავრობაც იმავე დასკვნამდე მივიდა. გაეროს სანქციები ჩრდილოეთ კორეას 2006 წლიდან აქვს დაწესებული. მიუხედავად ამისა, ბირთვული და ბალისტიკური სარაკეტო პროგრამები ქვეყანაში კვლავ გრძელდება. გაეროს უშიშროების საბჭო კი სანქციებს მუდმივად ამკაცრებს. კიმ ჩენ ინი და დონალდ ტრამპი ერთმანეთს 2018 წლის შემდეგ სამჯერ შეხვდნენ. ჩრდილოეთ კორეა სანქციების შეწყვეტას, ხოლო აშშ კი ბირთვულ იარაღზე ცდების შეჩერებას ითხოვს. ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის. გასულ წელს გაეროს ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კორეამ 2$ მილიარდი დახარჯა კიბერშეტევებზე, რომელთა მიზანიც ბანკებიდან და კრიპტოვალუტიდან თანხების მოპარვა იყო. წყარო:Reuters სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #NorthKorea #ჩრდილოეთკორეა
70 reads
ჩრდილოეთ კორეა მცირე ზომის ბირთვულ რაკეტებზე მუშაობს
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ოპოზიცია ბელორუსში მასობრივ მკვლელობებს გეგმავს
ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, ოპოზიცია მასობრივი მკვლელობის მოწყობას გეგმავს მინსკის ცენტრში. ლუკაშენკოს გამოსვლა საათნახევარი გრძელდებოდა. მან მხარდამჭერებს მოუწოდა სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ და ასევე ისაუბრა მოსკოვის მიერ ორგანიზებული რევოლუციის საფრთხეების შესახებ. მან ოფიციალური მოსკოვი მრავალჯერ დაადანაშაულა ბელორუსში არსებული სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობაში. გასულ კვირას ბელორუსში 33 პირი დააკავეს, რომლებსაც ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობაში სდებენ ბრალს. ლუკაშენკოს განცხადებით, ისინი რუსეთის მიერ იყვნენ ქვეყანაში შემოგზავნილები. მისი თქმით, ეს ფაქტები მოწმობს იმას, თუ რამხელა საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა. ალექსანდრ ლუკაშენკო უკვე 26-ე წელია ქვეყნის სათავეშია პოპულიზმისა და საზოგადოებაზე განხორციელებული ზეწოლის ხარჯზე. თუმცა აღსანიშნავია, რომ ახლა იგი ყველაზე რთული გამოწვევების წინაშე იმყოფება და ამასთან, მე-6 ვადით კენჭისყრას აპირებს. ბელორუსში ოპოზიცია სვეტლანა ტიხანოვსკაიას გარშემო გაერთიანდა. იგი პრეზიდენტობის კანდიდატია. მისმა კამპანიამ ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში უამრავი ადამიანი გააერთიანა, რაც მრავალრიცხოვან პროტესტში გადაიზარდა. აღსანიშნავია, რომ ასეთი ფართმასშტაბიანი გამოსვლები ბელორუსში საბჭოთა კავშირის შემდეგ არ ყოფილა. ლუკაშენკომ გამოსვლისას ასევე ისაუბრა საპროტესტო გამოსვლების შეწყვეტის აუცილებლობაზე შემდგომ დღეებში. ბელორუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არცევნები უნდა გაიმართოს. ალექსანდრ ლუკაშენკოს ოპოზიცია მრავალრიცხოვანი ბევრი მიზეზის გამო გახდა. საზოგადოებას არ მოსწონს რეჟიმი, ეკონომიკა განადგურების პირას იმყოფება, ამას თან ერთვის კორონავირუსის პანდემიაც. ამჟამად სვეტლანა ტიხანოვსკაია და მისი მომხრეები ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო უფლებების მოპოვებისათვის იბრძვიან. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ საკუთარი კანდიდატურა მას შემდეგ წამოაყენა, რაც მისი მეუღლე, ცნობილი ბლოგერი, რუსულ სამსახურებთან თანამშრომლობის ბრალდებით დააკავეს. მისი ოჯახი მუდმივი დაშინებებისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდა. ტიხანოვსკაიას მეუღლე ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. ყოველივე ამან 37 წლის სვეტლანა ტიხანოვსკაია აიძულა ყოველგვარი პოლიტიკური გამოცდილებების გარეშე ჩართულიყო დემოკრატიისათვის ბრძოლაში. ტიხანოვსკაიას გამარჯვების შანსები ამჟამად მცირეა. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მინსკში გამართულმა საპროტესტო აქციებმა, ერთად შეკრებილმა უამრავმა ადამიანმა, სიმღერამ და ანთებულმა ტელეოფნის ნათურებმა უკრაინში მომხდარი მეიდნის რევოლუცია გაახსენა საზოგადოებას. ყოველივე ამით განრისხებულმა ლუკაშენკომ კიდევ ერთხელ გააფრთხილა საზოგადოება, რომ არაფერი მსგავსი ბელორუსში არ მოხდება. 26 წლის განმავლობაში პირველად, საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ალექსანდრ ლუკაშენკო ქვეყანაში არსებულ სიტუაციას სრულად ვერ აკონტროლებს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Belarus #ბელორუსი
116 reads
ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ ოპოზიცია ბელორუსში მასობრივ მკვლელობებს გეგმავს
WHO ქვეყნებს სთხოვს კორონავირუსს მაქსიმალური ძალებით ებრძოლონ
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ორშაბათს განაცხადა, რომ , შესაძლოა კოვიდ-19-ის წინააღმდეგ სრულყოფილი ვაქცინა ვერ შეიქმნას და ამასთან, ჩვეულ ცხოვრებამდე ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი, სხვადასხვა ქვეყნებმა კი სტრატეგიები უნდა შეცვალონ. მსოფლიოს მასშტაბით, ინფიცირებულთა რიცხვი 18,4 მილიონს აღემატება, ხოლო გარდაცვალების შემთხვევები კი 688,080-ია. ამასთან, ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელება კონტროლს ექვემდებარებოდა, თუმცა ახლა ინფიცირებათა რიცხვი ყოველ დღე მნიშვნელოვნად იზრდება. WHO-ს დირექტორი საზოგადოებას წესების დაცვისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ამჟამად ვაქცინის ცდები მესამე, კლინიკურ ფაზაშია და ისინი იმედოვნებენ, რომ უმოკლეს დროში რამდენიმე ეფექტური ვაქცინა შეიძლება შეიქმნას, რომელიც ადამიანებს ინფიცირებისაგან დაიცავს. მიუხედავად ამისა, აღინიშნა ისიც, რომ ჯერჯერობით მსგავსი არაფერი არსებობს და, შესაძლოა, ვერასდროს იარსებოს. მანამ, სანამ კლინიკური ცდები არ დასრულდება, ამაზე ზუსტი პასუხი არ გვეცოდინება. მაიკლ რაიანის თქმით, ქვეყნები, სადაც გავრცელების დონე მაღალია, ბრაზილიისა და ინდოეთის ჩათვლით, დიდი ბრძოლისათვის უნდა მოემზადონ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, გამომძიებელთა ჯგუფმა შეაგროვა გარკვეული ინფორმაცია და მოამზადა საფუძველი იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების საწყისები ზუსტად დადგინდეს. აღსანიშნავია, რომ მომავალში იგეგმება საერთაშორისო ექსპერტებისა და WHO-ს გუნდის ერთობლივი ჩართულობა ამ პროცესში. კვლევა ქალაქ ვუჰანსაც მოიცავს, საიდანაც ვირუსი პირველად გავრცელდა. მაიკლ რაიანის ცნობით, ჩინეთმა მათ უკვე გადასცა გარკვეული ინფორმაცია, თუმცა მიუხედავად ამისა გაურკვევლობები კონკრეტულ საკითხებზე მაინც არსებობს. წყარო: Reuters სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #coronavirus #WHO #კორონავირუსი
95 reads
WHO ქვეყნებს სთხოვს კორონავირუსს მაქსიმალური ძალებით ებრძოლონ
New York Post :ირანში კორონავირუსით ყოველ 7 წუთში ერთი ადამიანი იღუპება
ირანის ადგილობრივი ტელევიზიის ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით ყოველ შვიდ წუთში ერთი ადამიანი იღუპება. ჯანდაცვის სამინისტრომ 215 ახალი გარდაცვალების შემთხვევა დაადასტურა. ადგილობრივი მედიის განცხადებით, ირანში სოციალური დისტანციის ნორმებს შესაბამისად არ იცავენ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ირანში ახალ კორონავირუსს 17,405 ადამიანი ემსხვერპლა და ამასთან, ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 312,035-მდე გაიზარდა. ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს კადრებს ქვეყნის ერთ-ერთი გადატვირთული ქუჩიდან, სადაც მოქალაქეები პირბადეებისა და სოციალური დისტანციის დაცვის გარეშე გადაადგილდებიან. ზოიერთ ექსპერტს ეჭვი შეაქვს ირანის მიერ გავრცელებული მონაცემების სიზუსტეში. შესაძლოა, რომ შემთხვევათა რაოდენობა მონაცემებს რეალურად 2-ჯერ აღემატებოდეს. მთავრობა გავრცელებულ ეჭვებს უარყოფს და აცხადებს, რომ არანაირი მონაცემთა დაფარვის მცდელობა არ არსებობს. კოვიდ-19-ის ხელახლა გავრცელება ქვეყანაში აპრილის შუა რიცხვებიდან დაიწყო, როდესაც შეზღუდვები შემსუბუქდა. თუმცა გასული თვიდან კვლავ სავალდებულო გახდა პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრისა და გადატვირთულ ადგილებში. #headline #coronavirus #Iran #კორონავირუსი #ირანი
78 reads
New York Post :ირანში კორონავირუსით ყოველ 7 წუთში ერთი ადამიანი იღუპება
საპროტესტო აქციები ბელარუსში - დადგა თუ არა ”ევროპის ბოლო დიქტატორის“ დასასრული?
ბელარუსში ბოლო კვირის განმავლობაში მოვლენები გასაოცრად ვითარდება. ოპოზიციის პროტესტი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ ყველაზე მასშტაბურ გამოსვლებში გადაიზარდა. "ვაგნერის" 33 მებრძოლის დაკავების შემდეგ ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყო. "ვაგნერი" მებრძოლების რუსული კერძო კომპანიაა. ბელარუსის მთავრობამ მათ ტერორუსტული აქტის მოწყობის მცდელობაში დასდო ბრალი. მათი თქმით, რუსი დაქირავებული მებრძოლების მიზანი ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებამდე დესტაბილიზაციის გამოწვევა იყო. ალექსანდრ ლუკაშენკო თანამდებობაზე 25 წელია იმყოფება. ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი. არჩევნების შემდეგ მოსალოდნელია, რომ იგი კვლავ ბელარუსის ლიდერად დარჩეს. მიიუხედავად ამისა აღსანიშნავია, რომ ამჟამად მის კარიერაში ყველაზე რთული მომენტი დგას. იგი უნდა გაუმკვლავდეს ძლიერ ოპოზიციას, მწვავე უთანხმოებებს რუსეთთან და ასევე დასავლეთთან, რომელიც მას ადამიანთა უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. ლუკაშენკოს სამ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ასეთ სიტუაციაში კი მან შეიარაღებული ძალების ბაზები მოინახულა და გასცა ბრძანება, რომ ოპოზიციის პროტესტი აღარ უნდა გაგრძელდეს. საპროტესტო აქციების გაგრძელება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესაცვლელად, გარდაუვალია. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ, რომელიც ახალი ოპოზიციონერი ლიდერია, საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოაყენა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ მოხდა, რაც მისი ქმარი, სერგეი ტიხანოვსკი, ცნობილი ბლოგერი და ასევე საპრეზიდენტო კანდიდატი, დააპატიმრეს. იგი რუს მებრძოლებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულეს. სვეტლანა ტიხანოვსკაია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასა და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ძალის საპროტესტო აქციები უპრეცედენტო რიცხვებით იზრდება. 19 ივლისს მინსკში 10,000 ადამიანი შეიკრიბა, 11 დღის შემდგომ კი აქ 63,000 მოქალაქე შეუერთდა პროტესტს. ეს ბელარუსში ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციაა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნების შემდეგ ლუკაშენკო პატიმრებს გაათავისუფლებს. ახლა კი მათ საკუთარი მიზნებისათვის იყენებს. ეს მიზნები კი იმას ემსახაურება, რომ საზოგადოებას დაანახოს რამხელა საფრთხე მოდის მოსკოვიდან და ამგვარად მათი ყურადღება ამ საკითხზე გადაიტანოს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline #Belarus #ბელარუსი
243 reads
საპროტესტო აქციები ბელარუსში - დადგა თუ არა ”ევროპის ბოლო დიქტატორის“ დასასრული?
"კრემლს ჩემი მოკვლა სურს!" - გრიგორი როდჩენკოვმა ცნობილი დოპინგსკანდალის დეტალებზე ისაუბრა
გრიგორი როდჩენკოვი მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის ყოფილი ხელმძღვანელი და რუსეთის ყველაზე დიდი დოპინგსკანდალის მთავარი მოწმეა. რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული სადოპინგე ოპერაცია ძალიან კარგად დაგეგმილი იყო და ამიტომაც წარმატებით დასრულდა. მოსკოვმა ამგვარი გზით და მრავალი ტყუილის მეშვეობით საერთაშორისო ჩემპიონატებზე არაერთი გამარჯვება მოიპოვა. მათ შორისაა 2012 წელს ჩატარებული ლონდონის ოლიმპიადაც, რომელსაც როდჩენკოვი ისტორიაში ყველაზე ბინძურ საქმედ იხსენებს. კითხვაზე, თუ რა იცოდა რუსეთის პრეზიდენტმა ამ ყველაფრის შესახებ, როდჩენკოვი პასუხობს, რომ ძალიან ბევრი რამ. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა იცოდა ამ ოპერაციების შესახებ, იგი რეგულარულად იღებდა ინფორმაციებს. მისი აზრით, სახელმწიფოს როლი ამ ყველაფერში აშკარაა. გრიგორი როდჩენკოვი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიას ასწავლიდა. 1980-იან წლებში კი საბჭოთა კავჭირის დოპინგის კონტროლის ლაბორატორიაში დაიწყო მუშაობა. იგი აღიარებს, რომ საკუთარი კარიერის განმავლობაში ასობით დოპინგის შედეგები გაუყალბებია, მათ შორის იყვნენ „ვარსკვლავი“ სპორტსმენებიც. მისი თქმით, ამ ოპერაციებს იგი პოლიტიკოსებთან და თანამდებობის პირებთან ერთად ახორციელებდა. როდჩენკოვმა პუტინის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, პოლიტიკაში იგი აღიქმებოდა, როგორც პრეზიდენტი, რომელიც რუსეთს უდიდეს ძალად ჩამოაყალიბებდა. სპორტულ არენაზე კი მოვლენები სხვაგვარად ვითარდებოდა. 2010 წელს პუტინი იმედგაცრუებული იყო ზამთრის ოლიმპიადაზე რუსული გუნდის წარუმატებლობის გამო, სადაც მათ მხოლოდ სამი ოქროს მედალი მოიპოვეს. პუტინმა გასცა ბრძანებები, რომ რუსეთის მდგომარეობა ამ მხრივ სასწრაფოდ უნდა გაუმჯობესებულიყო. სოჭის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე, მოსკოვმა სადოპინგე ოპერაციები თავბრუდამხვევ შედეგებამდე მიიყვანა. პუტინმა „ეფ-ეს-ბე“-ს საიდუმლო აგენტები გაგზავნა ადგილზე. მათ ასევე აღმოაჩინეს როგორ გაეხსნათ ის ბოთლები, რომლებსაც ტესტის გაკეთებისას იყენებდნენ. შედეგად, დადებითი შედეგის მქონე ტესტებს უარყოფითით ჩაანაცვლებდნენ. როდჩენკოვის პრობლემები 2015 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიამ იგი სადოპინგე ოპერაციების ხელმძღვანელობაში დაადანაშაულა. მან გაანალიზა, რომ იგი ძალიან საშიშ მდგომარეობაში იმყოფებოდა და რუსეთი დატოვა. თან წაიღო კომპიუტერი, სადაც კრემლის დანაშაულების სამხილებს ინახავდა. მას შემდეგ, რაც როდჩენკოვი ამერიკაში ჩავიდა მან ყველაფერი აღიარა და რუსეთის ტყუილების, დანაშაულის დაფარვებისა და სახელმწიფოს ყოვლისშემძლე როლის შესახებ ისაუბრა. ხუთი წლის შემდეგ ის დღესაც ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. პუტინი, რა თქმა უნდა, ყველა ბრალდებას უარყოფს და მათ დასავლეთის მიერ შეთხზულს უწოდებს. წყარო: The Guardian სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ.
217 reads
"კრემლს ჩემი მოკვლა სურს!" - გრიგორი როდჩენკოვმა ცნობილი დოპინგსკანდალის დეტალებზე ისაუბრა
"მაიკროსოფტი" TikTok-ის შეძენას გეგმავს
Microsoft-მა კვირას დაადასტურა, რომ ჩინურ კომპანია ByteDance-თან სოციალური აპლიკაციის, TikTok-ის, შეძენასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. Microsoft-ის განცხადებით, აშშ-ის მთავრობასთან ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს და მოლაპარაკკებების დასრულება 15 სექტემბრამდე იგეგმება. Microsoft-მა განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც მედიაში ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ტრამპის თქმით, ის კომპაანიის ამ ნაბიჯს ეწინააღმდეგება და აპლიკაცია ქვეყანაში აკრძალული დარჩება. Microsoft-მა, შესაძლოა, სხვა ამერიკელ ინვესტორებსაც შესთავაზოს შესყიდვაში მონაწილეობის მიღება. ტრამპის განცხადების მიუხედავად, კომპანია მოლაპარაკებების დახურვას არ გეგმავს. ტრამპი ჩინური კომპანიისათვის გადაწყვეტილების მისაღებად 45 დღის მიცემას დათანხმდა. Microsoft-ის თქმით, აპლიკაციის შესყიდვით მათ საშუალება ექნებათ მომხმარებელთა ინფორმაცია ამერიკაში შეინახონ და სხვაგან არსებული მონაცემები წაშალონ. TikTok-ის წარმომადგენლის განცხადებით კი, ამერიკელი მომხმარებლების მონაცემები ამჟამადაც აშშ-შია განთავსებული. TikTok-ის ნაწილის შესყიდვამ შესაძლებელია Microsoft-ის ურთიერთობა Facebook-თან დაძაბოს, რადგან ByteDance მისი კონკურენტი კომპანიაა. 2007 წელს მაიკროსოფტმა Facebook-ში 240$ მილიონი ჩადო და მას შემდეგ ორი კომპანიის თანამშრომლობა გრძელდება. კვირას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ TikTok და სხვა პოპულარული ჩინური აპლიკაციები მომხმარებელთა მონაცემებს პირდაპირ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას აწვდიან. წყარო: CNBC სტატია მომზადებულია ანანო ჯანიაშვილის მიერ. #headline
93 reads
"მაიკროსოფტი" TikTok-ის შეძენას გეგმავს