იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი შთამომავლები სხვა პლანეტებზე იცხოვრებენ და იშრომებენ, ზოგ ციურ სხეულს კი თავიანთი სურვილისამებრ გადააადგილებენ კიდეც, ყველაზე ექსტრავაგანტური სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნის კითხვას ჰგავს.
„იყავი რეალისტი", – მეუბნება შინაგანი ხმა... მაგრამ ეს ყველაფერი ხომ რეალისტურია.
დღეს, ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალზე ვიმყოფებით – სადღაც, შეუძლებელსა და ჩვეულებრივს შორის.
ამიტომ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენში შინაგანი კონფლიქტი ღვივდება.
ერთი საუკუნის შემდეგ, თუ მანამდე საკუთარ თავს რაიმე საშინელება არ დავმართეთ, ტერაფორმირება იმაზე შეუძლებლად არ მოგვეჩვენება, როგორადაც დღეს გვესახება კოსმოსური სადგურის აგება, რომელსაც მუდმივი ეკიპაჟი ეყოლება.
ჩემი აზრით, სხვა პლანეტებზე ცხოვრების გამოცდილებამ ადამიანი უნდა გარდაქმნას.
ჩვენი შთამომავლები, რომლებიც სხვაგან დაიბადებიან და გაიზრდებიან, ბუნებრივია, თავიანთი მშობლიური ადგილის ერთგულნი იქნებიან, დედამიწისადმი სიყვარული როგორც უნდა შეინარჩუნონ.
მათი ფიზიკური მოთხოვნილებები, ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების მეთოდები, იქაური ტექნოლოგიები და საზოგადოებრივი სტრუქტურები აუცილებლად ჩვენგან განსხვავებული იქნება.
დედამიწაზე ბალახის ღეროს არსებობა ჩვეულებრივი რამაა.
მარსზე ეს სასწაულს გაუტოლდება.
იქ მცხოვრებ ჩვენს შთამომავლებს მცენარეების ყადრი უკეთ ეცოდინებათ.
ჰოდა, თუ ბალახი ასეთი ფასეულია, მაშინ ადამიანის ღირებულება როგორიღა იქნება?
ამერიკელი რევოლუციონერი ტომ პეინი თავის თანამემამულეებს ასე ახასიათებდა:
» „სურვილები, რომლებიც აუცილებლად თან სდევს ველური მიწების დამუშავებას, ისეთ საზოგადოებრივ მდგომარეობას აყალიბებს, როგორსაც ვერ აფასებენ იმ ქვეყნებში, მთავრობათა მუდმივი დავებითა და ინტრიგებით რომ იხლიჩება.
ამგვარ ვითარებაში ადამიანი ხდება ის, ვინც უნდა იყოს.
მისთვის ყველა ადამიანი... ნათესავია."
როდესაც ჩვენი შთამომავლები ხრიოკი და უკაცრიელი პლანეტებისა თუ ბუნებრივი თანამგზავრების გარდაქმნას საკუთარი თვალით იხილავენ, ისინი სიცოცხლეზე ზრუნვას ბუნებრივად დაიწყებენ.
დედამიწაზე ჩვენი სახეობის ქცევის შესახებ არსებული ცოდნით შეიარაღებულნი, ამ გამოცდილებას სხვა პლანეტებზე გამოიყენებენ, რათა შემდგომ თაობებს თავიდან აარიდონ ის ტანჯვა, რომლის გადატანაც მათ წინაპრებს უწევდათ;
რათა ჩვენი წარსულისა და შეცდომების გათვალისწინებით, კოსმოსშიც განაგრძონ ის, რაც არასდროს დასრულდება – ადამიანის ევოლუცია.
📘"მკრთალი ლურჯი წერტილი", კარლ სეიგანი.