"უსასრულობის კიდე" - ალექსანდრე ვარვარიძის პერსონალურ გამოფენა "ბაია გალერეაში", რომელიც 25 მარტიდან 7 აპრილამდე უმასპინძლებს მნახველს.
ალექსანდრე ვარვარიძე 90-იანი წლებიდან აქტიურად ჩანს სახელოვნებო სივრცეში. ამ პერიოდში მან საქართველოსა თუ მის საზღვრებს გარეთ მისი შემოქმედება 30-მდე პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენას ითვლის. მათ შორის გახლდათ გამოფენა ამერიკელ მხატვრებთან ერთად, ჰოლივუდში მდებარე საგამოფენო სივრცეში Mash Gallery-ში.
ალექსანდრე ვარვარიძის შემოქმედების ძირითადი მიმართულება ფერწერაა, აბსტრაქციონისტული მხატვრობა, რომელშიც ზოგჯერ ფიგურატიული ელემენტებიც ჩნდება. ფიგურატიულ გამოსახულებებში მხატვარი ფორმის აბსტრაჰირებული ინტერპრეტაციით რეალიზმისგან დისტანცირდება და გამოსახულების სპეციფიკურ მოდელს ქმნის, საავტორო ექსპრესიონისტული მოდიფიკაციით. ვარვარიძის ნამუშევრები ემოციურად დაძაბულობისა და ჰარმონიის ზღვარზეა, ზეთის საღებავებით შესრულებული მრავალშრიანი ზედაპირები სხვადასხვა ტექსტურებისა და დამატებითი მედიუმების საშუალებითაა შექმნილი. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 20 ფერწერული ნამუშევარი, ფიგურატიული და აბსტრაქტული კომპოზიციები, შესრულებული სხვადასხვა პერიოდში.
გამოფენა გაიხსნება 25 მარტს (შაბათი) 18:00 სთ. დასწრება უფასოა. გახსნის დღეს გალერეა ღია იქნება 21:00 სათამდე.