არ მინდა ვიყო ომის მატიანე...

13
არ მინდა ვიყო ომის მატიანე...
თარიღების კორიანტელი, ომების ვრცელი აღწერები, დაჭრილთა და გარდაცვლილთა რაოდენობები... შორეულ „ზღაპარს“ გავდა, ამბავს, რომელიც მეგონა რომ არასდროს განმეორდებოდა... მაშინ, როდესაც ისტორიის ფურცლებს თვალს ვადევნებდი, ვერ და არ წარმოვიდგენდი, რომ გაცოცხლდებოდნენ ომის ქრონიკები... ჩვეულებრივი დილა იყო, არაფრით გამორჩეული... მზე თითქოს გამოცოცხლდაო და ადრიანად ჰქონდა თვალი გახელილი. მეც ენერგიით აღსავსე სამსახურისკენ გავემართე. უცბად თვალები წყალსაცავივით ამევსო, მივხვდი რომ თავს ვეღარ ვიკავებდი, ეს არც ჩვეულებრივი დილა და არც მშვიდობიანი დღე იყო - „ომი დაიწყო“. ამ სიტყვების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა... ვუყურებდი სკოლაში მორბენალ დიდებსა და პატარებს და ვფიქრობდი, როგორი იყო იგივე ასაკის ადამიანების ბედი, როცა ზარის ხმის ნაცვლად ბომბების ჭექა ისმოდა, ვუყურებდი და მტკიოდა საქანელაზე დახეული დათუნიით ობლად დარჩენილი ბავშის ბედი, ვუყურებდი და მახრჩობდა სასადილოს ნაცვლად ბუნკერებში დამალული პატარების ბედი, ვუყურებდი და ბრაზი მახრჩობდა წიგნებთან ჯდომის ნაცვლად თავშესაფარში აკანკალბული წყვილი თვალების გამო... ვუყურებდი და ვფიქრობდი, როგორ შეუძლია ამ ომს იყოს თან ასე შორს და თან ასე ახლოს?!
ვუყურებდი დედებს, რომლებიც შვილებს თავჩაღუნული აცილებდნენ და ვფიქრობდი რა იქნებოდა მეც, რომ დედას სამსახურის ნაცვლად ომში გავეცილებინე?! მუჭისოდენა გული ნამეცეცის ტოლა გამიხდა, რადგან ვერც დედის ტკივილიანი თვალები და ვერც საკუთარი მიწა, წარმოსადგენადაც კი, ვერ გავიმეტე ამ ტკივილისთვის... და როგორ სტკივათ უკრაინელ დედებს, როცა ვერ წარმოდგენილი ამბები სისხლიან რეალობად იქცა, როცა საკუთარი ნაწილების თავადვე მოგლეჯა და „გაწირვა“ დასჭირდათ. დღეს ყველაზე უკეთ გავუგე ცხრა ძმა ხერხეულიძის დედას, დღეს ყველაზე უკეთ გავუგე სამშობლოსთვის გულგადადებულ, შვილგადადებულ დედებს, მამებს, ბებიებს და ბაბუებს... და ალბათ რუს დედებსაც ძალიან ტკივათ...
ვუყურებდი ხანდაზმულებს, რომლებიც მიდიოდნენ რუს ჯარისკაცებთან შიშველი ხელებით და თხოვდნენ უკან დახევას ყველაზე დიდი იარაღით - სამშობლოს სიყვარულით დაცულნი, ანთებულნი, დროშაშემოხვეულნი! და განა დროშაა ძალის მომცემი, როცა სააქოს თვალის გასასწორებლად ძლივსღა იკრებ ბოლო ძალებს?! ალბათ დროშაზე მეტად იდეა, იდეა თავისუფლებისა და დღეს ყველაზე უკეთ გავიგე რატომ ჯობია ნაძრახ სიცოცხლეს სახელოვანი სიკვდილი.
არ მინდა ვიყო ომის მატიანე, არ მინდა ვხედავდე გატეხილ გულებს და სასო დაკარგულ თვალებს, მაგრამ დღეს უკრაინა მტკივა და უკრაინასთან ერთად ჩემი სამშობლო მტკივა! მჯერა სამართლიანობის, მჯერა თანამეგობრობის, მჯერა სამშობლოსთვის გულანთებული ადამაინების გამარჯვების. ამ გამარჯვებამდე კი მე კვლავ შორიდან გავიზიარებ ყველა თვალების ტკივილს, რადგან „მე, როგორ უნდა მეძინოს მშვიდად, როცა შენ წევხარ სისხლის გუბეში?!“. დიდება გმირებს! დიდება თავისუფლებას!
13