ბავშვის უფლებები

2
ბავშვის უფლებები
ნათქვამია "თავისუფლება წესრიგში უნდა იყოს". საინტერესოა რეალურ ცხოვრებაში ასეა, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ადამიანის ძირითადი უფლება-თავისუფლებები ყოველწამიერად ირღვევა. სამწუხაროდ, საზოგადოებამ ბოლომდე ვერ გაითავისა ძირითადი უფლების არსი, ვერ გააცნობიერა, რომ ძირითადი უფლებები არ არის სახელმწიფოს ან სხვა ვინმეს ნაბოძები/ნაჩუქარი, არამედ გვეძლევა დაბადებიდანვე. ადამიანები ხშირად იმასაც ივიწყებენ, რომ სანამ ზრდასრულ ადამიანებად ჩამოყალიბებოდნენ, ბავშვები იყვნენ, რომლებსაც ანალოგიურად, დაბადებიდანვე აქვთ ბუნებითი უფლებები. ევერეტ კუპი (ქირურგი, ბავშვთა ექიმი) ამბობს: "ცხოვრებაში არ არსებობს უფრო მაღალი პრივილეგია და პასუხისმგებლობა, ვიდრე მომავალი თაობის აღზრდა". ჩემი აზრით, საუბედუროდ, მშობლები თუ სხვები სწორედ აღზრდის პროცესში ივიწყებენ ბავშვთა უფლებებს და საკუთარ კეთილდღეობასა თუ კომფორტს ანიჭებენ უპირატესობას.
ედუარდ შევარდნაძე საქართველოს სამოქალაქო კოდექსს "მეორე კონსტიტუციას" უწოდებს, ვინაიდან მასში ასახულია ადამიანის გარკვეული უფლებები, მათი დაცვის მექანიზმები და, საკუთრივ, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობისა თუ ქმედუანარიანობის არსი. მგონია, რომ ხშირ შემთხვევაში, საზოგადოება ნებსით თუ უნებლიეთ ვერ/არ იგებს ფიზიკური პირის მნიშვნელობას. ფიზიკური პირი ცოცხალი ადამიანია, ადამიანში კი ბავშვიც იგულისხმება, რომელსაც აქვს უნარი ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომლებიც წარმოეშობათ დაბადების მომენტიდან. აგრეთვე, ბავშვებს აქვთ უნარი თავისი ნებითა თუ მოქმედებით, სრული მოცულობით შეიძინონ და განახორციელონ სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, რომლებიც სრულწოლოვანების მიღწევისთანავე წარმოეშობათ.
სამწუხაროდ, ბევრჯერ იქნა უგულებელყოფილი და დღემდე ირღვევა ბავშვთა უფლებები, სწორედ ამიტომ "სასანთლეზე ანთებულ სანთელად" გვევლინება ბავშვის უფლებათა კონვენცია, რომელიც საერთაშორისო დონეზე ბავშვის უფლებების პირველი კრებულია და სავალდებულოა, ეს უფლებები თითოეული ბავშვისთვის იყოს გარანტირებული. ეს დოკუმენტი 18 წლამდე ყველა ადამიანს ეხება გენდერის, წარმომავლობის, რელიგიის, შეზღუდული შესაძლებლობის მიუხედავად.
ალბათ, ყველამ ვიცით ან გაგვიგია სპარტანული აღზრდის მეთოდები, მაგრამ დღემდე ზოგიერთი ადამიანი შესაძლოა გაუცნობიერებლად ახსენებს ფრაზას: "ბავშვები დღესაც ამ მეთოდებით უნდა იზრდებოდნენ" . ისმის კითხვა - ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ბავშვსაც აქვს უფლებები, სპარტანული აღზრდის მეთოდებით კი ეს უფლებები ფეხქვეშაა გათელილი. უკეთ, რომ გავიგოთ რაზეა საუბარი, გავიხსენებ რამდენიმე ისტორიულ ფაქტს. პლუტარქეს მიხედვით, აღზრდის პროცესი იწყება ბავშვის დაბადებისთანავე და არ არის დამოკიდებული მამის ნებაზე. მამას ბავშვი მიჰყავს "ლესხაში". ეს იყო ადგილი, სადაც ისხდნენ უხუცესები და ამოწმებდნენ ახალშობილს. თუკი ბავშვი ძლიერი და ჯანმრთელი იყო, ოჯახს უბრუნებდნენ გამოსაკვებად, თუკი ჩვილი სუსტი და მახინჯი აღმოჩნდებოდა, მას აპოსკეტში აგდებდნენ (აპოსკეტი - უფსკრული ტაიგეტის მახლობლად) როგორც მივხვდით, აქ ზედმეტია საუბარი ბავშვის სიცოცხლისა თუ თანასწორობის უფლებაზე. იმ დროს ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციას შეზღუდული შესაძლბელობის ქონის გამო. ბავშვებს ჩალის საგებებზე ეძინათ, ხოლო ტანსაცმლის ტარების უფლებას 12 წლის ასაკიდან აძლევდნენ. საუბედუროდ, ადრეც და ახლა, უფროსებს, ვგულისხმობ, ზრდასრულ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ბავშვებს ღირსება არ ელახებათ, უფრო მეტიც, ღირსება არ გააჩნიათ. სამწუხაროდ, მსგავსი მარაზმული სიტუაცია დღემდე გრძელდება, განსაკუთრებით აფრიკის კონტინენტზე თუ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში. ამის ნათელი მაგალითი ნაჩვენებია მალალა იუსაფზაის ავტობიოგრაფიული წიგნში "მე ვარ მალალა", რომლის შინაარსი ასეთია - გოგო, რომელიც იბრძოდა სწავლის უფლებისთვის, თალიბანმა კი მისი მოკვლა სცადა. არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბავშვებს აქვთ განათლების მიღების უფლება. ამ უფლების უგულებელყოფა კი დანაშაულია.
გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ბავშვებს, უფრო მეტად, გოგოებს ასაკის შეუსაბამოდ და აზრის გაუთვალისწინებლად ათხოვებენ და ამით, ფაქტობრივად ბავშვობას, ბავშვად ყოფნის უფლებას ართმევენ. ყოველივე აღნიშნული ეწინააღმდეგება ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-13 მუხლის 1 ნაწილის I წინადადებას -"ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას აზრი". ძალიან ბევრ აღმოსავლურ სახელმწიფოში ბავშვს, უმეტესად გოგონას, არა თუ აზრის გამოთქმის, არამედ ხმის ამოღებიდ უფლებაც არა აქვს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "სამართალი ურმით დადის". ბავშვთა უფლებების დამრღვევებსა და მოძალადეებს სამართლიანი სამართალი გასცემს პასუხს. სამართლის დარგები ბავშვთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე დგანან. სისხლის სამართალი აბორტის აკრძალვის გზით ჯერ კიდევ დაუბადებელი ბავშვის ინტერესებს იცავს. საკონსტიტუციო სამართალი აღიარებს ბავშვის ძირითად უფლება-თავისუფლებებს, ხოლო სამოქალაქო სამართალი იცავს ბავშვის ქონებრივ უფლებებს და აღიარებს, რომ ბავშვსაც გააჩნია საკუთრება. აღნიშნულის ნათლად დასანახად მოვიყვან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის I (პრიმა) ნაწილს - "ბავშვის საკუთრებაში არსებულ 1000 ლარზე მეტი ღირებულების მოძრავი ნივთის მისი მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ განკარგვა დასაშვებია ბავშვის საუკეთესო ინტერესების შესაბამისად, სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კანონმდებელმა ყურადღება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე გაამახვილა.
საბოლოოდ, თუ ინდიფერენტული დამოკიდებულება გვექნება ბავშვთა უფლებების მიმართ, გავზრდით იმათ, ვინც შემდგომში სხვის უფლებებს დაარღვევს.
მცირეინფორმაცია ავტორი - ლანა რასოევი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. ინტერესის სფერო - ადამიანის უფლებები
2