"ბოინგის" კოსმოსური ხომალდი ჟონავს, თუმცა კომპანია მაინც გაუშვებს ასტრონავტებს

4
"ბოინგი" ერთ კოსმოსურ კაფსულას 2014 წლიდან ამზადებს და დღესაც პრობლემები აქვს 🤔
✦ "ნასა"კაფსულის მოლოდინშია, საერთაშორისო კოსმოსური სადგური კი ახალი ხომალდისა და ასტრონავტების გამასპინძლებას ელის.
Futurism-ის ცნობით, Boeing-ის კოსმოსურ კაფსულა "სტარლაინერზე" ბოლო ხარვეზი ამ თვის დასაწყისში შენიშნეს - ჟონავდა ჰელიუმი, რამაც დიდი ხნის ნანატრი გაშვება კიდევ ერთხელ შეაყოვნა.
პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე Boeing-მა და NASA-მ განაცხადეს, რომ აპირებენ გაშვების გაგრძელებას გაჟონვის გამოსწორების გარეშე.
იმის გათვალისწინებით, რომ "ბოინგი" ისედაც პრობლემებშია ჩაძირული - მისი თვითმფრინავების უსაფრთხოების თვალსაზრისით - ხომალდის გაშვება, ხარვეზის გამოუსწორებლად, კომპანიის მხრიდან ძალზედ გაბედული ნაბიჯი იქნება.
» „ჩვენ შევძლებთ ამ კონკრეტულ გაჟონვასთან გამკლავებას იმ შემთხვევაშიც, თუ გაჟონვის მაჩვენებელი მინიმუმ 100-ჯერ გაიზრდება“, - განაცხადა სტივ სტიჩმა "ნასადან", ციტირებს Agence France-Presse-ი.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუნდაც გაჟონვა მნიშვნელოვნად გაიზარდოს, მისი გავლენა გაშვების უსაფრთხოებაზე მინიმალური იქნება.
"სტარლაინერის" გაშვების უკანასკნელი მცდელობა 6 მაისს იყო, როდესაც ეკიპაჟი უკვე ხომალდში იმყოფებოდა, გაშვება გაუქმებულად გამოცხადდა და მიზეზად დასახელდა უცნაური ზუზუნი.
მოგვიანებით გაირკვა, რომ პრობლემა რაკეტა Atlas V-ის ჟანგბადის სარქველს ჰქონდა.
მართალია ეს არ გახლდათ "ბოინგის" ბრალი, მაგრამ გაშვების გაუქმების შემდეგ, "სტარლაინერზეც" იპოვეს ხარვეზი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ.
სტიჩის თქმით, გაჟონვით ფრენა არც ისე ცუდია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ამტკიცებს, რომ იგივე ხარვეზმა ხელი არ შეუშალა წარსულში განხორციელებულ წარმატებულ გაშვებას, მათ შორის SpaceX-ის Dragon კაფსულას, რომელიც NASA-ს მიერ შერჩეული ხომალდია ასტრონავტების დედამიწიდან ISS-ზე მისაყვანად.
მიუხედავად ამისა, გადაწყვეტილება მაინც არის ლოგიკური შეშფოთების მიზეზი.
კომპანია "ბოინგის" ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ პრობლემური ნაწილის შეცვლა ,,საკმაოდ ჩახლართული საქმეა", რადგან საჭიროა "სტარლაინერის" ქარხანაში დაშლა და ხელახლა ტესტირება.
როგორ შედეგსაც არ უნდა გვიჩვენებდეს პრაქტიკა, ეს გადაწყვეტილება "ბოინგის" მხრიდან ფინანსების ჟმოტვის კიდევ ერთი მცდელობაა, რამაც, სავარაუდოდ, გამოიწვია ყველა ის დეფექტი, რაც კომპანიის თვითმფრინავებს აქვთ.
6 მაისის გაშვების გაუქმების შემდეგ, "ნასას" კიდევ ერთმა კონტრაქტორმა, ValveTech-მა, "ბოინგი" გააფრთხილა, რომ მომდევნო გაშვებაც უნდა შეჩერდეს, ,,სანამ რაიმე კატასტროფა მოხდება".
მოკლედ, სანამ "ბოინგს" უსაფრთხოებასთან დიდი პრობლემები აქვს, "სტარლაინერის" შემდეგი გაშვება 1-ელ ივნისს არის ჩანიშნული.
იმედი ვიქონიოთ, რომ მისია წარმატებული იქნება და ასტრონავტებიც მშვიდობიანად მივლენ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე.
Image: myvuenews
4