ბორელმა ევროკავშირის საზღვაო ძალებს ტაივანის სრუტეში პატრულირებისკენ მოუწოდა

0
ევროპის კავშირის საგარეო ურთიერთობების ხელმძღვანელმა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის სამხედრო-საზღვაო ძალებს მოუწოდა, დაიწყონ ტაივანის სრუტეში პატრულირება. "ტაივანი ჩვენი ეკონომიკური, კომერციული და ტექნოლოგიური საზრუნავია. სწორედ ამიტომ მოვუწოდებ ევროპის სამხედრო-საზღვაო ძალებს, დაიწყოს ტაივანის სრუტის პატრულირება და წარმოაჩინოს ნაოსნობის თავისუფლებისადმი ევროპის ერთგულება ამ სრულიად უმნიშვნელოვანეს ტერიტორიაზე", - წერს ბორელი კომენტარში, რომელიც ფრანგულმა გაზეთმა Journal du Dimanche-მა გამოაქვეყნა 23 აპრილს. ორი კვირის წინ ჩინეთმა ტაივანის მახლობლად სამდღიანი სამხედრო წვრთნები გამართა და წერტილოვანი დარტყმებისა და კუნძულის ბლოკადის სიმულაცია მოახდინა. მანევრები დაიწყო მას შემდეგ, რაც ტაივანის პრეზიდენტი ცაი ინ-ვენი დაბრუნდა შეერთებული შტატებიდან, სადაც იგი შეხვდა წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, კევინ მაკკარტის. ჟოზეპ ბორელმა სამშაბათს, ჩინეთთან ურთიერთობების შესახებ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, თქვა, რომ ტაივანი გეოპოლიტიკურად ევროპისთვის ერთობ მნიშვნელოვანია მშვიდობის გარანტიის თვალსაზრისით. ბორელის კომენტარები მოჰყვა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომელმაც ამ თვის დასაწყისში თქვა, რომ ევროპა არ უნდა „გაჰყვეს შეერთებულ შტატებს“ ტაივანის გამო ჩინეთთან კონფლიქტის შემთხვევაში. მაკრონის პოზიციამ, რომელიც ცოტა ხნის წინ ეწვია პეკინს, კრიტიკა გამოიწვია როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს თავისი ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევს და კუნძულს განიხილავს თავის მეამბოხე პროვინციად, რომელიც 1949 წელს გამოეყო ჩინეთს. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ და ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა „ტაივანთან გაერთიანება“ გამოაცხადეს თავიანთ „ისტორიულ მისიად“, რომლის განხორციელებასაც აპირებენ - საჭიროების შემთხვევაში - სამხედრო ძალის გამოყენებით.
0