ეს ჰიპნოზური ფრაზა, მემკვიდრეობით რომ გადმოგეცათ იმ დროიდან, თვითონ რომ შვილი იყავით, ალბათ ხშირად გამოგიყენებიათ ბავშვის დასამშვიდებლად, როგორც ნაცადი და უებარი წამალი და ამ სიტყვების განმკურნებელი ძალაც შეგიგრძვნიათ.
ბავშვები ყველაზე იოლად შთაგონებადი ხალხია, განსაკუთრებით მათგან, ვინც მათთვის უპირობო ნდობის ობიექტია, მაგრამ მთლიანად გულუბრყვილობას ნუ მივაწერთ შთაგონების დადებით შედეგს. ჰიპნოზში ყოველთვის ორი მხარე მონაწილეობს - ამ შემთხვევაში, თქვენ და ბავშვი. ნურც მთლად “საყვარელ სულელად” ჩათვლით პატარა ადამიანს, რომელმაც თქვენგან, სანდო და უსაფრთხო პირისგან იდეალურად მიიღო და თავის სასიკეთოდ, ტკივილგამაყუჩებლად გამოიყენა ის, რაც იმ წამს აწყობდა, სჭირდებოდა. კონკრეტულ სიტუაციაში ფსიქიკური მექანიზმი ცნობიერად თუ არაცნობიერად, გამართულად მუშაობს და სასარგებლო შეთავაზებას ყოყმანის გარეშე ირჩევს.
ჰიპნოზიორი მშობლები, რომლებიც წაქცევის შემდეგ ფეხატკიებულ ბავშვს კოცნით უყუჩებენ ტკივილებს, ნამდვილად უნაკლოდ კეთილი ჯადოქრები არიან. ისინი კი ვინც… “ოხ ეგ საზიზღარი! მოიცა, მაგას რა ვუქნა!!!” - მივარდებიან იატაკს ან სათამაშოს, რომელსაც ბავშვი წამოედო და ფეხების ბაკუნით და მრისხანე სახით მიჩექმავენ ხოლმე თითქოსდა ტრავმის გამომწვევ საგანს თუ მიზეზს, ბავშვში ერთგვარად შურისძიების გზით კმაყოფილების მიღწევის ინფორმაციულ კოდს დებენ. დებენ აზრსაც, რომ ყოველი მარცხი არა მისი, არამედ სხვისი ბრალია და განცდილი ტკივილი გარემოში არსებულ ობიექტზე ან სუბიექტზე რისხვის გადატანით შუშდება.
ბავშვების შემთხვევაში სასურველზე მეტად სასურველია ყოველი ჩვენი ზეგავლენა იყოს მაქსიმალურად ოპტიმისტური. აუცილებლად ტკივილებისა და წყენის დაძლევაში დამხმარე, შიშის მომხსნელი და არა პირიქით, ჩვენივე შფოთვის და აგრესიის მათში გადამტანი, რომ მაქსიმალურად იმედიანი ცხოვრებისეული პოზიციები ჩამოუყალიბდეთ და შემდეგში იოლად გაართვან თავი ცხოვრებაში წარმოქმნილ სიტუაციებს.
ჰიპნოზი სრულიად პრაგმატული, შეთანხმებული, ინტერესთა თანხვედრით განხორციელებული, ნდობაზე და წინასწარ განწყობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა.
ნდობის ფორმატში ზოგჯერ თაღლითობასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი, მაგრამ გამოფხიზლება დროულად ხდება ხოლმე. მაგალითად, თუ თქვენ სარეცხი ფხვნილის ან შოკოლადის რეკლამით მოგაჯადოვეს, მაგრამ შეძენილმა პროდუქციამ იმედი გაგიცრუათ, არ შეგეშინდეთ, ეგრე არ დარჩებით, სულ მალე გამოხვალთ მდგომარეობიდან, მარტივად, მეორედ აღარ იყიდით. ერთჯერადად თანხას კი დაკარგავთ, მაგრამ თავის მსხვერპლად ჩათვლას მაინც ნუ იჩქარებთ, საბოლოოდ ყველაზე მეტად ცრუქუცა კომპანია დაზარალდება, არავინ რომ აღარ გაებმება მახეში.
საპირისპიროდ, თუ რეკლამა 99%-ით პატიოსნად აღწერს პროდუქციის ღირსებებს, მაშინ დიდი ხნით დარჩებით თქვენი ნებით მოჯადოებული და, რაც მთავარია, კმაყოფილი.
მოკლედ, რამდენადაც ჰიპნოზი ჩვენივე ნების და ჩართულობის გარეშე არ არსებობს, მთელი ჩვენი იდენტობაც თვითჰიპნოზის შედეგია. ჩვენი პიროვნება ამოშენებულია უამრავი ჩვენივე გემოვნებით შერჩეული ფორმით, მასალით, რაც კი გზადაგზა შემოგვხვდა, შევისრუტეთ და ისევ ვაგრძელებთ შესრუტვას. ხანდახან მტვერიც შეგვყვება, მაგრამ მთავარია, ფილტრები დროულად გავრეცხოთ ხოლმე.
დოროთი ნედერმაიერი ანგარიშობს, “ცხოვრება მხოლოდ ათი პროცენტით არის ის, რასაც გამოსცდით. ოთხმოცდაათით კი - ის, როგორ რეაგირებთ იმაზე, რაც გამოსცადეთო”.
ჩემებურად ასე ვიტყოდი, ცხოვრების 10% სხვადასხვა მნიშვნელობის ჩვენს თავს გადახდენილი ამბავია, 90% კი ამ ამბების აღქმის და ფსიქოლოგიური მეტაბოლიზმის საკითხი, განცდილის ვიბრაცია და ენერგია, რომელიც ხანგრძლივად განსაზღვრავს მომდევნო ქმედებებს და აყალიბებს რეაქციებს. ასე იქმნება ადამიანი, გადამუშავების და ამგვარად, მუდამ თვითშთაგონების პროცესში და თუ თვლის, რომ არ უმართლებს, თვითჰიპნოზისთვის საუკეთესო რეკომენდაციას, უილიამ ჯეიმსის ფრაზას შევთავაზებ:
“შეცვალე მოვლენების მიმართ დამოკიდებულება და შეიცვლება რეალობა.”
შეცვალე თვითჰიპნოზის შინაარსი, ის კარი დახურე, სხვა კარი გახსენი, სხვა ინფორმაციის და დამოკიდებულების მიმართ გაზარდე მიმღებლობა.