სპორტულ მედიცინაში და მწვავე ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციაში, აქტუალური თემაა, ყინულის გამოყენება არ გამოყენების საკითხი. თანამედროვე კვლევების საფუძელზე მუდმივად იცვლება პოსტტრავმული მკურნალობის მეთოდები. ამიტომ გასაკვირი არცაა, როდესაც ყინულის გამოყენება რიგ შემთხვევებში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
სპორტში მიღებული ტრავმებისას ექიმები ათლეტებს დაზიანებულ ადგილზე ყინულს ადებენ, რაც ზოგადად ადამიანებში ამ მეთოდის სანდოობას იწვევს. აქედან გამომდინარე, ჩნდება კითხვა: არის კი ეს მიდგომა თანამედროვე კვლევებთან თანხვედრაში?
ყინულის გამოყენება პირველად 1978 წელს მწვავე დაზიანების მართვის პროტოკოლში გვხვდება, როდესაც ტერმინი RICE ( Rest — დასვენება, Ice — ყინული, Compression — კომპრესია, Elevation — ელევაცია) ექიმმა გეიბ მირკინმა გამოიყენა (Mirkin, G. & Hoffman, M., 1978). მისი მიზანი იყო ანთებითი პროცესის შემცირება და განკურნების დაჩქარება. ეს პროტოკოლი ჩვენს კულტურაში ღრმად ჩაისახა და 20 წლის განმავლობაში, ტრავმებს “RICE-ing”-ით ვმკურნალობდით, სანამ არ დაემატა P (Protection) დაცვა და წარმოიქმნა PRICE ტერმინი. 14 წლის შემდეგ კი PRICE-ი POLICE-მა შეცვლა (Protection — დაცვა, Optimal Loading — ოპტიმალური დატვირთვა, Ice — ყინული, Compression — კომპრესია, Elevation — ელევაცია) (Bleakley, C. M., Glasgow, P. & MacAuley, D. C., 2012).
რა გახდა ცვლილებების მიზეზი
კვლევებმა გვაჩვენა, რომ ოპტიმალური დატვირთვა (Optimal Loading) ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციის პროცესს, რომელიც გამოწვეულია ადრეული ეტაპებზე მსუბუქი მექანიკური დატვირთვით. შესაბამისად დადგინდა, რომ დასვენება (Rest) ან მოძრაობის ნაკლებობა საზიანოა გამოჯანმრთელებისთვის (Mirkin, G., 2014).
რაც შეეხება ყინულს
ლიტერატურაში არსებობს კონსესუსი იმის შესახებ, რომ ყინული მოქმედებს, როგორც დიდი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება კანის ტემპერატურის გაგრილებით. ის ღრმა კუნთებზე გავლენას არ ახდენს და მათი ტემპერატურა უცვლელი რჩება ყინულის ზედაპირული გამოყენებისას. უმეტესობა აცხადებს (და სავარაუდოდ, ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის გამო), რომ ტრავმისას ყინულის გამოყენებით “უკეთესად გრძნობს თავს“, მინიმუმ მოკლევადიან პერიოდში. მაგრამ რა არის დაზიანების დაუყოვნებლივ გაყინვის საშუალო და გრძელვადიანი შედეგები?
2014 წელს ექიმმა გეიბ მირკინმა ცვლილებები შეიტანა კვლევაში და როგორც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ნებისმიერი მეცნიერი გააკეთებდა, ყინული ამოიღო მისი თავდაპირველი პროტოკოლიდან. მან აღნიშნა, რომ მწვრთნელები იყენებდნენ მის “RICE” სახელმძღვანელოს ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ როგორც ახლა ჩანს, ყინულმა და მოსვენებამ დახმარების მაგივრად შეიძლება შეაფერხოს განკურნების პროცესი (Mirkin, G., 2014).
დოქტორი მირკინი საუბრობს ანთებითი პროცესის აუცილებელ სარგებელზე. ტრავმისას ჩვენი სხეული აგზავნის სიგნალებს ანთებით უჯრედებში (მაკროფაგები), რომლებიც გამოყოფენ ინსულინის მსგავს ჰორმონს — ზრდის ფაქტორს — GF-1. ეს უჯრედები იწყებენ შეხორცებას დაზიანებული ქსოვილის „მკვლელობით“. ყინულის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ რეალურად შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ სხეულის მიერ IGF-1 ბუნებრივი გამოყოფა და ამით შევაფერხოთ შეხორცების პროცესის დაწყება (Mirkin, G., 2014).
2019 წელს ყინული საბოლოოდ ამოიღეს პოსტტრავმული მართვის პროცესიდან და უახლესი და სრულყოფილი აბრევიატურის გამოყენებით ჩაანაცვლეს: PEACE & LOVE (Protection — დაცვა, Elevation — ელევაცია, Avoid Anti-Inflammatory Drugs — მოერიდეთ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებს, Compression — კომპრესია, Education & Load — განათლება და დატვირთვა, Optimism — ოპტიმიზმი, Vascularisation — ვასკულარიზაცია და Exercise — ვარჯიში) (Dubois, B. & Esculier, J-F., 2020).
გაყინვის დაზიანებების ნეგატიური ეფექტის შესახებ ახალი აღმოჩენილი მტკიცებულებებით ჩნდება კითხვა:
”თუ ყინული ანელებს შეხორცებას, მაშინაც კი, თუ მას შეუძლია დროებით გააყუჩოს ტკივილი, უნდა გამოვიყენოთ თუ არა იგი?”
ალბათ არა, რადგან აუცილებელია პაციენტის მდგომარეობის შეფასება და მიღებული შედეგიდან გამომდინარე გადაწყვეტილების მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ანთებითი პროცესი შეიძლება საჭირო იყოს დაზიანების აღმოსაფხვრელად, ზომიერზე მეტი ან ხანგრძლივი შეშუპება არასასურველია. ზედმეტი შეშუპება იწვევს ზეწოლას დაზიანებულ ქსოვილზე, ზღუდავს მოძრაობას, შეიძლება გაზარდოს ტკივილი და შეამციროს კუნთის ფუნქცია (Scott, A., Khan, K. M., et al., 2004). ეს ხშირად ვლინდება მყესების მწვავე დაჭიმულობისას (მაგალითად, კოჭ-წვივის დაჭიმულობა), სადაც შეშუპება იმდენად გამოხატულია, რომ იზღუდება სახსრის მოძრაობის დიაპაზონი. კიდევ ერთი მაგალითია ოთხთავა კუნთის ართროგენული ინჰიბიცია, წინა ჯვარედინი იოგის ოპერაციის შემდეგ.
ამ შემთხვევებში ყინულის გამოყენება შეიძლება იყოს სწორი, რადგან მიზანი არ არის შეშუპების სრული პრევენცია, არამედ მისი განვითარების შეფერხება (Palmieri, R. M., Ingersoll, C. D., et al., 2004). შედარებისთვის, კუნთის გაწყვეტა ხშირ შემთხვევაში ნაკლებად იწვევს შეშუპებას და შესაბამისად ყინულის გამოყენება დაზიანების მენეჯმენტის ადრეულ ეტაპზე (ან საერთოდ) არ იქნება შედეგის მომტანი.
მიმდინარე კვლევების მიხედვით, ყინული დღეს უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე წარმოგვედგინა. მძიმე დაზიანებების ან ისეთი შეშუპების დროს, რომელსაც შეუძლია შეაფერხოს აღდგენის პროცესი, ყინული სასარგებლო შეიძლება იყოს მხოლოდ ადრეულ ეტაპებზე.
რა უნდა იყოს ჩვენი ძირითადი აქცენტი?
წაახალისეთ ადამიანები, რომ უსაფრთხოდ დაუბრუნდნენ მოძრაობას, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ.
გამოყენებული ლიტერატურა:
1) Mirkin, G. & Hoffman, M. (1978). The sportsmedicine book. (1st ed.). Little Brown and Co.
2) Bleakley, C. M., Glasgow, P. & MacAuley, D. C. (2012). PRICE needs updating, should we call the POLICE? British Journal of Sports Medicine. 46, 220–221.
4) Dubois, B. & Esculier, J-F. (2020). Soft-tissue injuries simply need PEACE and LOVE. British Journal of Sports Medicine. 54, 72–73.
5) Scott, A., Khan, K. M., et al. (2004). What do we mean by the term “inflammation”? A contemporary basic science update for sports medicine. British Journal of Sports Medicine. 38, 372–380.
6) Palmieri, R. M., Ingersoll, C. D., et al. (2004). Arthrogenic muscle response to a simulated ankle joint effusion. British Journal of Sports Medicine. 38, 26–30.