“რა მოულოდნელად ბერდებიან მშობლები… ჯერ ძალა ელევათ, მათივე აშენებული სახლის კიბეებზე სიარული უძნელდებათ, ძველებური ხალისი უქრებათ და ისეც აღარ იღიმიან, შიშებს რომ გაგიქრობდნენ ბავშვობაში…
დედის შავი და აბრეშუმივით ნაზი თმები, თეთრი, ოდნავ უხეში თმებით იცვლება, მამის მკაცრი ხასიათი გულაჩვილებული ბავშვის ხასიათში გადაიზრდება… უფრო იშვიათად გადიან ეზოს გარეთ და უფრო ხშირად ჯდებიან ღუმელთან… შეიძლება იჩხუბონ კიდეც, მაგრამ მათ ჩხუბს მარტის თოვლის ძალა აქვს…
ერთმანეთს ამხნევებენ ადგომის დროს და საღამომდე მორიგეობით უმატებენ ღუმელში შეშას… ერთმანეთს ახსენებენ წამლის დალევას და ჩაიში ნაკლები შაქრის ჩაყრას… უფრო ხშირად გირეკავენ ტელეფონზე და იშვიათად ჩამოდიან ქალაქში… შვილებთან საუბარზე მეტად შვილიშვილებთან საუბარი უხარიათ და შიშით გაბარებენ ბავშვები არ გაგიცივდეთო…
ასეთები არიან მოხუცი მშობლები:
ძალაგამოცლილები, გამხდრები, ცხოვრებისგან ოდნავ წელში მოხრილები, მაგრამ ყველაზე მეტად ახლა გიყვარს ისინი, ახლა გეშინია მათი დაკარგვის, რადგან უკვე კარგად ხვდები რომ, მშობლების გარეშე, ნახევარი ადამიანი ხარ ამ ქვეყანაზე…”
ანა ლაშხელი ონიანი🤍