გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!

3
"ვინც გინდა იყოს ჩემი მკითხველი,
ქალი, კაცი, გინდ გასათხოვარი,
შენთან მაქვს ერთი შესახვეწნელი,
გთხოვ აღმისრულო ეს სათხოვრი:
---
ცხოვრებაში რა შესვლასა იწყებ
და ბედიც კეთილ-გუნებიანი
თან დაგდევს, იმ დროს ნუ დაივიწყებ,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
---
იყავი ტურფა, იყავ უებრო,
მდიდარი, ბრძენი, მხნე და ჭკვიანი,
მაგრამ ფიქრისგან არ განიშორო,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
---
შემთხვევამ მოგცა ბევრი ქონება,
ხელმწიფედ დაგსვა, გქმნა სრულ სვიანი?
მაშინაც გმართებს უფრო ხსოვნება,
რომ შენ ხარ მხოლოდ ადამიანი!
---
ეგებ, კეთილო, ბედს არ უყვარდი,
მოგიკლა გული, გყო სევდიანი?
ნუ დაეცემი, დასდექ, გამაგრდი,
გახსოვდეს, რომ ხარ ადამიანი!
---
დაე, იცვალოს გარემოება,
თუნდ ხალხის ხმამაც მოგცეს ზიანი,
თვით ნუ იცვლები, მოვა დროება,
გიცნობენ, რომ ხარ ადამიანი.
---
ცხოვრების მიზნად სიმართლე გქონდეს
და სიყვარული მოძმეთა ვალად;
სამშობლო შენი მარად გახსოვდეს,
თუ კი გსურს გახდე ადამიანად!"
(მამია გურიელი)
3