გენეტიკურად გაუმჯობესებული ადამიანები შესაძლოა კოსმოსური მოგზაურობის მომავალი იყოს

3
მთვარეზე, მარსზე და მათ საზღვრებს მიღმა ადამიანის დასახლების განხილვისას, დიდი ყურადღება ეთმობა მოგზაურობის დროს, კვებასა და რადიაციის რისკს 🧑🏼‍🚀🚀
• რა მდგომარეობაა ამ სფეროში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში?
• უკვე გვყავს თუ არა ადამიანი, რომლის გენიც რედაქტირებულია?
• რატომ დააპატიმრეს ჩინელი მეცნიერი?
✦ ეჭვგარეშეა, რომ ღრმა კოსმოსში მძიმე პირობების წინაშე აღმოვჩნდებით და სწორედ ამიტომ ამბობს ზოგიერთი მეცნიერი, რომ გენომის რედაქტირება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ადამიანმა მზის სისტემაში უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლოს.
წიგნ "ასტრონავტების დასასრულში" ლორდ რისი და თანაავტორი დონალდ გოლდსმიტი აღწერენ მზის სისტემის შესწავლის სარგებელს რობოტული კოსმოსური ხომალდებისა და სხვა მოწყობილობების გამოყენებით.
ასევე, გარკვეული შეთანხმება იყო მიღწეული გენი რედაქტირების ტექნოლოგიის გამოყენებასთან დაკავშირებით, რათა ადამიანმა კოსმოსში მოგზაურობა შეძლოს.
ჩვენი გენომი გახლავთ მთელი ის დნმ, რომელიც ჩვენს უჯრედებშია.
2011 წლიდან, ჩვენ შევძელით გენომის მარტივად და ზუსტად რედაქტირება.
გენური ინჟინერიის პირველ ტექნოლოგიას Crispr-Cas9 ჰქვია, რომელიც დღეს შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სასკოლო ლაბორატორიებში, ასევე საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზეც კი.
შემდეგ გაჩნდა სხვა მეთოდებიც, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის გენომში მცირე ცვლილებების შეტანა შეუძლიათ.
გენის რედაქტირების პოტენციალი, რომელიც შემდგომში კოსმოსში მოგზაურობის საშუალებას მოგვცემს, თითქმის უსაზღვროა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ამ ეტაპზე გადაუჭრელი საფრთხე, რომელსაც ასტრონავტები ღრმა კოსმოსში აწყდებიან, არის რადიაციის მაღალი დოზა, რომელსაც შეუძლია ზიანი მიაყენოს სხეულს და გაზარდოს სიმსივნის განვითარების რისკი.
შესაძლოა, გენომის რედაქტირების გზით, შევძლოთ და ადამიანის ორგანიზმში მცენარეებისა თუ ბაქტერიების გენები შევიტანოთ, რომლებსაც შეუძლიათ რადიაციის განეიტრალება.
ასევე შეიძლება დაგვეხმაროს ადამიანებში ისეთი გენების იდენტიფიცირება და ჩასმა, რომლებიც ანელებენ დაბერებას და ეწინააღმდეგებიან უჯრედების დაშლას.
გარდა ამისა, შეგვეძლო შეგვექმნა რადიაციისადმი მდგრადი კულტურები, რადგან ეკიპაჟებს მოუწევთ საკუთარი საკვების მოყვანა.
პლუს ამას, შეგვეძლო მედიცინის ასტრონავტის მოთხოვნილებებისა და მისი გენეტიკური შემადგენლობის შესაბამისად მორგება.

✦ გენები ექსტრემალური პირობებისთვის.

ნელამავალნი მიკროსკოპული ცხოველები გახლავთ, რომლებსაც ზოგჯერ "წყლის დათვებს" უწოდებენ.
ექსპერიმენტებმა აჩვენეს, რომ ეს პაწაწინა არსებები უძლებენ ექსტრემალურ ტემპერატურას, წნევას, მაღალ რადიაციასა და შიმშილს.
მათ შეუძლიათ კოსმოსის ვაკუუმსაც კი გაუძლონ.
გენეტიკოსები ნელმავლების გენომის შესწვალას ცდილობენ.
Nature-ში გამოქვეყნებული ნაშრომი ცდილობდა მათი ძირითადი გენებისა და პროტეინების იდენტიფიცირებას, რომლებიც ამ მცირე არსებებს, სტრესის მიმართ, ასეთ მდგრადობას ანიჭებენ.
რომ შეგვეძლოს მოსავალში ნელმავლების ზოგიერთი გენის ჩასმა, იქნება თუ არა ეს მოსავალი გამოსხივებისა და გარემოსმიერი სტრესის მიმართ რეზისტენტული? ნამდვილად ღირს, რომ შევისწავლოთ.
კიდევ უფრო დამაინტრიგებელი ის არის, რომ შეიძლება თუ არა ნელმავლების გენების ჩასმა ჩვენს გენომში, რათა უფრო მდგრადები გავხდეთ კოსმოსის მკაცრი პირობების მიმართ.
მეცნიერებმა უკვე დაადასტურეს, რომ, ლაბორატორიაში, ადამიანის ის უჯრედები, რომლებშიც ნელმავლების გენები იყვნენ ჩასმული, მეტად მდგრადები არიან რენტგენული გამოსხივების მიმართ.
ნელმავლებიდან გენის გადატანა, ჯერჯერობით, მხოლოდ ჰიპოთეტური მაგალითია იმისა, თუ როგორ შეგვიძლია შევცვალოთ ადამიანები და კულტურები, რათა უსაფრთხო იყოს კოსმოსური მოგზაურობა.
დაგვჭირდება გაცილებით მეტი კვლევა, თუ მეცნიერები ოდესმე მივლენ ამ ეტაპამდე.
წარსულში, რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლება ცდილობდა მკაცრი შეზღუდვები დაეწესებინა გენის რედაქტირებისა და ერთი სახეობიდან მეორეში გენის გადატანის ტექნოლოგიისთვის.
როგორც ჩანს, გერმანია და კანადა ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილები არიან ამ საკითხში, ხოლო რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, შეზღუდვები ნელ-ნელა იხსნება.
2018 წლის ნოემბერში, ჩინელმა მეცნიერმა ჰე ძიანკუიმ გამოაცხადა, რომ შექმნა პირველი გენომ რედაქტირებული ბავშვები.
მან ჯერ კიდევ არ დაბადებულ ტყუპებს ისეთი გენი ჩაუნერგა, რომელიც მათ აივ ინფექციის მიმართ მდგრადს ხდის.
მეცნიერი მოგვიანებით დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს და ნება დართეს ხელახლა ჩაეტარებინა კვლევა.
კოსმოსურ რბოლაში, რომელიც სულ უფრო დაძაბული ხდება, ზოგიერთმა ქვეყანამ შეიძლება წინ გადადგას ნაბიჯი გენომის რედაქტირების სფეროში, რასაც სხვა ქვეყნები, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნები, სადაც მკაცრი შეზღუდვებია, ვერ ახერხებენ.
ცხადია, ვინც გაიმარჯვებს, მიიღებს უზარმაზარ სამეცნიერო და ეკონომიკურ სარგებელს.
თუ ლორდ რისი და სხვა ფუტურისტები მართლები არიან, ამ სფეროს აქვს პოტენციალი, უზრუნველყოს ჩვენი კოსმოსური საზღვრების გაფართოება, თუმცა საზოგადოებაც უნდა ეთანხმებოდეს ამ ყოველივეს.
სავარაუდოდ, დიდი წინააღმდეგობა იქნება ადამიანის სახეობის სამუდამოდ შეცვლის შიშის გამო.
ერთი ან ორი ქვეყანა, სავარაუდოდ, გადადგამს უდიდეს ნაბიჯს, რა დროსაც სხვები უკან დახევას ამჯობინებენ.
მხოლოდ მაშინ გავიგებთ, რამდენად რეალურია ეს იდეები.
📝სემ მაკკი, ასოცირებული პროფესორი და მეცნიერების ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის კანდიდატი, Manchester Metropolitan University-ში.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.
3