გიგანტური „თვალის კაკალი“ - იდეალური ადგილი მზის სისტემის გარეთ სიცოცხლის საძიებლად

2
LHS-1140b შეიძლება მთლიანად ყინულით იყოს დაფარული, ან გარკვეული მონაკვეთი ოკეანით იყოს მოცული 🌊
✦ 2017 წელს იდენტიფიცირებული ეგზოპლანეტა, როგორც მზის სისტემის მიღმა სიცოცხლის არსებობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ციური სხეული, კიდევ უფრო პერსპექტიული და უცნაური გახდა.
ეს უცხო პლანეტა მთლიანად დაფარულია ყინულით და ერთი ნაწილი მუდმივად მიმართულია მასპინძელი ვარსკვლავისკენ, რის გამოც ამ ეგზოპლანეტას ოკეანის მონაკვეთი გააჩნია, რომელიც დაახლოებით 4000 კმ-ს მოიცავს.
» „ყველა ამჟამად ცნობილი ზომიერი კლიმატის მქონე ეგზოპლანეტიდან, LHS-1140b შეიძლება იყოს საუკეთესო არჩევანი, რომ ერთ დღეს ირიბად დავადასტუროთ თხევადი წყლის არსებობა ჩვენი მზის სისტემის მიღმა არსებულ უცხო პლანეტის ზედაპირზე“, - ამბობს მონრეალის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსი ჩარლზ კადიე.
,,ეს იქნება მთავარი ეტაპი პოტენციურად სიცოცხლის მხარდამჭერი ეგზოპლანეტების ძიებაში.”
აღნიშნული ეგზოპლანეტის რადიუსი დედამიწის რადიუსზე დაახლოებით 1.73-ჯერ, ხოლო მასა 5.6-ჯერ მეტია და ითვლება კლდოვან პლანეტად.
გარდა ამისა, თავის ვარსკვლავთან ბევრად უფრო ახლოს ბრუნავს, ვიდრე დედამიწა და ერთი სრული ბრუნის შესრულებას სულ რაღაც 25 დღეს ანდომებს.
მისი ვარსკვლავი მზეს რომ ჰგავდეს, პლანეტა სიცოცხლის არსებობისთვის შეუსაბამო იქნებოდა, მაგრამ ვარსკვლავი წითელი ჯუჯაა და მასსა და პლანეტას შორის მანძილი ქმნის იმას, რასაც სასიცოცხლო ზონას ვუწოდებთ.
ამრიგად, პლანეტაზე თხევადი წყლის არსებობას ვარსკვლავიც ხელს უწყობს.
სასიცოცხლო ზონაში ყოფნა ავტომატურად არ ნიშნავს სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობების არსებობას.
ამიტომ, LHS-1140b-ის ქიმიური შემადგენლობის შესახებ მეტის გასაგებად, კადიემ და კოლეგებმა, ჯეიმს ვების დახმარებით, მის ატმოსფეროში შეიხედეს.
ამ პლანეტის სისტემა ჩვენგან სულ რაღაც 50-ზე ნაკლები სინათლის წლითაა დაშორებული, რაც საკმარისად ახლო მანძილია, რათა დეტალური ინფორმაცია შევაგროვოთ იმის შესახებ, თუ როგორ იცვლება სინათლე, როდესაც ეგზოპლანეტა დედამიწასა და მის ვარსკვლავს შორის გადის.
პლანეტის ატმოსფეროში მკვლევრებმა აზოტის არსებობის მტკიცებულება აღმოაჩინეს, რის გამოც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას მეორადი ატმოსფერო აქვს - ის, რომელიც წარმოიქმნა ეგზოპლანეტის ფორმირების შემდეგ და არა მასთან ერთად.
კუბურ სანტიმეტრზე 5.9 გრამი სიმკვრივით, პლანეტა სავარაუდოდ მინი-ნეპტუნი ან წყლის პლანეტაა.
თუ ეს წყლის პლანეტაა, მაშინ მას შეიძლება ჰქონდეს გლობალური ოკეანე, რომლის ერთი მხარეც გაყინულია, ხოლო მეორე ყოველთვის ვარსკვლავისკენაა მიმართული, რაც საკმარისი პირობაა თხევადი წყლის არსებობისთვის.
ვარსკვლავისკენ მიმართულ რეგიონში ტემპერატურა შეიძლება იყოს დაახლოებით 20 გრადუსი ცელსიუსი, რაც შესაძლოა წყალქვეშა სიცოცხლის არსებობას უწყობდეს ხელს.
ამ მტკიცებულებების აღმოჩენა ცხადყოფს, რომ მეტი კვლევაა საჭირო და მკველვრები ამბობენ, რომ მინიმუმ კიდევ ერთი წელი დასჭირდებათ ატმოსფეროს არსებობის დასადასტურებლად და კიდევ ორი ან სამი წელი ნახშირორჟანგის არსებობის შესახებ მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.
2