მე ვიყავი თეატრში და ვუყურებდი ფარდას. ვიყავი აღელვებული და ფრთხილი. ველოდებოდი.
ჯერ იყო სიტყვა, სიტყვა იყო თეატრი და თეატრი იყო სიტყვა.
„აი, ეს არის თეატრი, მარადიული ბავშვობის აკვანი, სიკეთე და დიდსულოვნება...“ და სამუდამოდ მოვხვდი წრეში, სადაც ბავშვური კისკისი ისმის და ხმა მსახიობის, რომელიც გადმოდის სცენიდან და გეკითხება - „ვინ არის მსახიობი?“
პასუხს ისევ მისგან მოელი. აბა შენ რა გაგეგება, ფარდის მიღმა დარჩენილ, სკამზე ემოციებისგან მოკეცილ და თავბრუდასხმულს. ერთი ისღა დაგრჩენია, თვალებში ჩახედო და გაიქროლოს აზრმა - „აი, ეს არის თეატრი...“
გივიკო ბარათაშვილი ჯერ კიდევ საკუთარი თეატრის ძიებაშია. ბოლომდე დღესაც არ იცის, რატომ გადაწყვიტა ამ პროფესიაში ყოფნა. მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა.
„ბევრი სხვადასხვა რაღაც ვცადე მანამდე ცხოვრებაში და უცბად, რაღაც ეტაპზე როცა 22 წლის გავხდი, მივხვდი, რომ კიდევ რაღაც უნდა მეცადა, სხვა. მანამდე ვიყავი ფოტოგრაფი, მემონტაჟე, ოპერატორობა მინდოდა, დისტრიბუციაში ვმუშაობდი. ყველაფერს მივედ-მოვედე და მერე, რაღაც კონკრეტულმა ფაქტებმა მიმახვედრა - მოდი, ხომ არ მეცადა ეს?"
თეატრში ყოველი დღე განსხვავებულია. შესაძლოა, ყველაფერი რუტინულად მოგვეჩვენოს, თუმცა, ყოველი ახალი ჩვენება განსხვავებულ ემოციებს ბადებს.
განსაკუთრებულ ემოციებს პრემიერები აჩენს. რეჟისორები და მსახიობები,
სხვადასხვა ადამიანებთან ერთად, თვეების განმავლობაში ამზადებენ იმას, რაც
მაყურებელმა სულ რამდენიმე საათში, ან უფრო ნაკლებ დროში უნდა ნახოს. ამ
დროს, გივიკოს თქმით, განსაკუთრებული ღელვა იბადება.
„ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ უნდა მივიღო ეს ღელვა და ამაში ცუდი
არაფერია. ამით სიამოვნება დავიწყე. თან არის ძალიან დიდი შიში, რომელსაც
ჯერ ვერ ვუმკლავდები... არ ვიცი, უნდა გავუმკლავდე თუ - არა“.
ფრანგი ფილოსოფოსი ჟაკ რანსიერი თავის წიგნში „ემანსიპირებული
მაყურებელი“ წერს:
„მე მჯერა, ეს რაღაც უბრალოდ წინაპირობაა იმისა, რომ თეატრი თავისთავად
კომუნიტარულია“.
თეატრი ხდება კავშირი სუბიექტსა და საზოგადოებას შორის. ქმნის
განსხვავებულ ბმას და ისტორიას ინტერაქციის ელემენტს ამატებს.
დღეს თეატრალურ დადგმებში ხშირია, როდესაც მსახიობები თამაშის
განმავლობაში კითხვებით აუდიტორიას მიმართავენ, მათ განსხვავებული
ფორმებით დადგმაში რთავენ, თუმცა, გივიკო ბარათაშვილის აზრით, მთავარი
ინტერაქცია არა უშუალოდ მაყურებელთან საუბარი, არამედ ის ემოციებია,
რომელსაც სპექტაკლი მაყურებელს სძენს.
„არსი რაც არის ინტერაქციის და თეატრის არის, რომ შიგნით შეგეხოს რაღაც.
შიგნით თუ იგრძენი რაღაც და ჩართულად იგრძენი თავი, შეიძლება, საერთოდ
არ მოვიდეს შენთან ვიღაც კითხვით, არც გამღეროს და არც გაცეკვოს... მთავარი
ინტერაქციაც, ალბათ, ეგ არის, რომ შენც იმ ყველაფრის ნაწილად იგრძნო თავი,
რაც ხდება. რასაც ჩვენ ვეძახით ინტერაქციულ თეატრს, ჩემი აზრით, არ არის
საინტერესო. მე, ყოველ შემთხვევაში, თუმცა ეს ძალიან ინდივიდუალურია, არ
მიყვარს, როცა მოდიან ჩემთან და მაწუხებენ როგორც მაყურებელს. მირჩევნია,
რომ შიგნიდან შევწუხდე, ვიდრე ფიზიკურად“.
თეატრი დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი პრობლემების წამოჭრაში.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან ერთად, თეატრი აქტიურად პასუხობს
მთავარ გამოძახილებს და საზოგადოებას თავის პოზიციას ხელოვნების
საშუალებით აწვდის. თეატრი ხდება ერთ-ერთი აქტივისტი და დგება უამრავი
ადამიანის გვერდით, როგორც ინდივიდი.
„ვფიქრობ, თეატრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ ყველაფერში, ასევე,
ნებისმიერი სახელოვნებო სფერო. ეგ არის ხელოვნება - უნდა უპასუხოს
აბსოლუტურად ყველაფერს. ყოველდღიურობას, რაც გვაწუხებს ჩვენ, როგორც
ინდივიდებს, ადამიანებს. კიდევ ბევრი რამაა, მაგრამ ეს ერთ-ერთი
აუცილებელია“. - ამბობს გივიკო ბარათაშვილი.
ამერიკელი დრამატურგის ლინ მანუელ მირანდას თქმით, თეატრი ერთობლივი
ხელოვნებაა და ის საუკეთესოა მაშინ, როდესაც დიდ, თბილ ჩახუტებას ჰგავს.
რა არის ის, რაც თეატრს გამოარჩევს? რა ასოციაციები ანიჭებს ამ
დაწესებულებას გამორჩეულ ნიშას?
დიონისეს თეატრიდან დღემდე თეატრი განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს. იცვლებიან თაობები, ჩნდება ახალი მიდგომები, თუმცა ინტერესი დაუცხრომელია. პანდემიის პერიოდთან ერთად, სივრცე, რომელიც პირად ინტერაქციებზეა აგებული, ფაქტობრივად, დაიხურა. თუმცა, სწორედ პანდემიის შემდგომ პერიოდში გაჩნდა ქართულ საზოგადოებაში გამორჩეული, განახლებული ინტერესი თეატრის მიმართ. გივიკო ბარათაშვილის თქმით, განსაკუთრებით ბევრმა ახალგაზრდამ დაიწყო სიარული. „მოდაში შემოვიდა თეატრი და საერთოდ არ არის ეგ ცუდი. ჯობია თეატრი იყოს მოდაში, ვიდრე სხვა რაღაცები. ეს კარგია, მიხარია“.
„გიგანტური თეატრის სცენაზე ყველა როლშია. უბრალოდ გმირები ურთიერთობენ გმირებთან ისტორიების შესაქმნელად“. - წერს შუნია თავის წიგნში „უკვდავი საუბრები“.
მთავარ ემოციებს ის ადამიანები ქმნიან, რომლებიც რეჟისორის შერჩეულ პერსონაჟებს ირგებენ, თავის სახეს, ხმას, სამოსს, თვალებს ჩუქნიან და ცხოვრებას უყოფენ.
„რაც უფრო რთულ ამოცანას გაძლევს რეჟისორი, თუნდაც პიესაში იყოს მოცემულობა, რომ სპექტაკლი უნდა ითამაშო სპექტაკლში, უფრო საინტერესოა. სირთულეების გადალახვა არის სწორედ ის, რაც შემდეგ გვზრდის“. - ამბობს გივიკო.
“ეს არის ხელოვნების და თეატრის მაგია: მას აქვს ძალა გარდაქმნას მაყურებელი, ინდივიდი ან მასები, გარდაქმნას ისინი და მიანიჭოს ეპიფანური გამოცდილება, რომელიც ცვლის მათ ცხოვრებას, ხსნის მათ გულებს, გონებას და ფიქრს“. - ამბობს ამერიკელი მსახიობი ბრაიან სტოკს მიტჩელი.
„ხელოვნება ცოცხალი და დამოუკიდებელია“ რამდენადაც ის ყველაზე ახლოს დგას ადამიანის შინაგან ბუნებასთან და გადმოსცემს ყველა იმ სათქმელს, რომელიც სხვა ნებისმიერ სივრცეში დაიკარგებოდა. თეატრი, როგორც ნაწილი დიდი ხელოვნებისა, სიცოცხლის და გამორჩეული სინამდვილის მატარებელია. ჩვენს წინ დგანან ადამიანები, რომლებიც ჩვენს თვალწინ ქმნიან ხელოვნებას.
„თეატრი არის ყველაზე ცოცხალი ხელოვნება, ჩემი აზრით, რადგან პირდაპირ გიდგას ცოცხალი ადამიანი და გელაპარაკება რაღაცას. კინო არ არის ასეთი ცოცხალი ხელოვნება, რადგან ეკრანი გაშორებს. რაღაც წარსულის ჩანაწერს უყურებ, რომელიც ადრე მოხდა სადღაც. და თეატრი ჩვენს თვალწინ ხდება, აქვე თამაშდება. არ ვიცი, შეიძლება, უცბად ცუდად გახდეს მსახიობი, გაითიშოს, რაც მომსვლია მე სცენაზე და მაგაზე ცოცხალი ხელოვნება არ ვიცი სხვა რომელია“.
- ნანუკა კოხოძე.