გიული ალასანია სააკაშვილზე: „გული წაუვიდა და გაშავდა“

0
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი „ძალიან სუსტად არის.“ მისივე თქმით, 22 აპრილს ყოფილი პრეზიდენტის გონების კარგვის ეპიზოდს მასთან ერთად შეესწრო ექთანიც. „გუშინდელი შემთხვევის შემდეგ ძალიან სუსტად არის. სულ მეშინია, რომ არ წამოიწიოს და არ წაიქცეს. გარდა ამისა, სიტყვები ავიწყდება, მაგას კი არა მე მავიწყდება, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის მოწმე გავხდი. მე რომ მკითხოთ, ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ყველაფერი ჩემ თვალწინ ხდებოდა და ექთანიც იქ იყო, ყველანი ერთად ვიყავით. ამ ყველაფრის მოწმე ექთანი იყო. რომ ჩაიკეცა, გული წაუვიდა და შავი იყო“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 2022 წლის 12 მაისიდან მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ. თბილისის საქალაქო სასამართლომ და სააპელაციო სასამართლომ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. ამის გამო ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. დაპატიმრების პირველივე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ პატიმრობაშია. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.  
0