გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი

7
გუდარეხის მონასტერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ გუდარეხთან ახლოს მდებარეობს. კომპლექსი XIII საუკუნით თარიღდება. კომლექსი მოიცავს: მთავარ ტაძარს, სამრეკლოს, საჟამნოს, ჯვრიან შენობას, ჩუქურთმიან შენობას, გალავანს, ჭიშკარს, სასახლეს, საჯინიბოს, მარანს, სენაკებსა და სხვა დანიშნულების ნაგებობეს, პილასტრებიან შენობას, კლდეში გამოკვეთილ ნაგებობებსა და შალვას ეკლესიას. გუდარეხის მონასტრის სავიზიტო ბარათი მისი სამრეკლოა, რომელიც საქართველოში ყველაზე ძველ დათარიღებულ სამრეკლოს წარმოადგენს და წარწერის თანახმად, 1278 წელს არის აგებული. სამონასტრო ანსამბლის მთავარი ტაძარი გამოირჩევა მაღალი ოსტატობით შემკული ჩუქურთმებით. განსაკუთრებით გამორჩეულია ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადი, რომელიც გუმბათოვანი ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამთავისისეული დეკორითაა შემკული. მონასტრის ერთ-ერთი განსაკუთრებულად ღირსშესანიშნავი ნაგებობაა გალავანი, რომელიც ცხოველხატული წყობითა და ულამაზესი ბურჯებით გამოირჩევა. ზღუდის გარეთ გამოვლენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი. არქეოლოგიური აღმოჩენები გვიჩვენებს, რომ გუდარეხს ჰქონია საკუთარი კერამიკული წარმოება. ასევე აქ ნაპოვნი 18 ქართული და 1 მონღოლური მონეტა XIII საუკუნეში გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე მიუთითებს.  
მონასტრისკენ მიმავალი გზა, სოფ. გუდარეხის შემდეგ, ტყეში მიდის, რომელიც ყველა სეზონზე ულამაზესია. მისვლა შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის მანქანით, ასევე ფეხით. სოფლიდან დაახლოებით სამი კილომეტრია მონასტრამდე.
7