2024 წლის 13 მარტს, 17:00 საათზე, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის საგამოფენო დარბაზში, გაიხსნება გურამ ნიკოლაძის პერსონალური გამოფენა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ხელოვანის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები. დამთვალიერებელს ექნება საშუალება ნახოს გურამ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ქანდაკებები - შალვა ქიქოძის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, ნიკოლოზ კანდელაკისა და სხვათა პორტრეტული გამოსახულებები.
გურამ ნიკოლაძემ 1977 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ქანდაკების მიმართულებით. 1984 წლიდან მუშაობდა ედმონდ კალანდაძესთან. 1984 წლიდან არის საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი.
ქანდაკების გარდა, ხელოვანი მუშაობს დაზგურ გრაფიკასა და ფერწერაში. მისი ნამუშევრებია: იაკობ გოგებაშვილის ბიუსტი (2019), თბილისი, უზნაძის ქუჩა; იოსებ ყიფშიძის ბიუსტი (2020), თბილისი, თსუ; ირაკლი ციციშვილის ბიუსტი (2016), თბილისი, თაბუკაშვილის ქუჩა; ფარნაოზ ლაპიაშვილის ბიუსტი (2019), თბილისი, კარგარეთელის ქუჩა; გენერალ გიორგი კვინიტაძის ქანდაკება (2021), თბილისი, მთაწმინდის პანთეონი; დიმიტრი ამილახვრის ბიუსტი (2021), პარიზი. შალვა ნუცუბიძის ბიუსტი (2023), თბილისი, თსუ და ა.შ.
გამოფენა გაგრძელდება 2024 წლის 24 მარტამდე.