თბილისის საჯარო ხელოვნების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში - "საჯარო სივრცეში მუდმივი პროექტების ხელშეწყობა, ქ. თბილისი, ავლაბრის მოედანი" გაიმარჯვა პროექტმა: დავით ნათიძე, "წინააღმდეგობა".
დავით ნათიძე ბელგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანია. მისი შემოქმედებითი ძიებები მჭიდროდაა დაკავშირებული და ინსპირირებული მოდერნისტული ქანდაკების ტრადიციასთან. იგი ძირითადად ბუნებრივ ქვაში მუშაობს, დიდ ყურადღებას აქცევს მასალის ბუნებრივ თვითესებს და მინიმალისტური ჟესტით, მეტად ნატიფ და ელეგანტურ ქანდაკებას ქმნის.
აღმაფრთოვანებელია როგორ ახერხებს ხელოვანი ნაცნობი ფორმების ერთი შეხედვით გამარტივებას და აბსტრაგირებას ისე, რომ შინაარსი არ დაიკარგოს და გაჩნდეს სივრცე ინტერპრეტაციისთვის.
ავლაბრის მოედანზე გამოცხადებული კონკურსისთვის შექმნილ ნამუშევარში ნათიძე რეფლექსირებს საჯარო ქანდაკების ისტორიასა და ტრადიციაზე და ერთგვარ თანამედროვე ინტერპრეტაციას გვთავაზობს. ნამუშევარი „წინააღმდეგობა“ კრემისფერ პორტუგალიურ კირქვაში გამოთლილი ადამიანის პორტრეტია, რომელიც თითქოს მოფრიალე ნაჭრიდან იკვეთება. თვალებდახრილი, რთულად ამოსაკითხი გამომეტყველება თითქოს გარე სამყაროსგან მოწყვეტილი, ინტროსპექტიული მზერით უღრმავდება საკუთარ თავს. ხელოვანის თქმით, ნამუშევარი წინააღმდეგობის გაწევის ჰეროიკულ აქტს, მამაცი ბუნების თავდადებისა და ხასიათის სიმტკიცის აღნიშვნაა.