დახუჭე თვალები და წარმოიდგინე

12
ბავშვობაში ასე მასწავლეს - „დახუჭე თვალები და წარმოიდგინე ყველაფერი რაც გსურს, ეს ოცნებებთან დააგახლოვებსო.“ ყოველთვის როცა რაღაც განსაკუთრებით რთულ მისაღწევად მეჩვენებოდა სწორად ასე ვიქცეოდი. როცა გავიზარდე კი მივხვდი, რომ დედას ჩემთვის ვიზუალიზაციის თეორია უსწავლებია.
24 თებერვლიდან ჩემი ძილისწინა ღამეების რუტინად სწორედ ვიზუალიზაცია იქცა - წარმოვიდგენ, როგორ ბრუნდებიან ჯარისკაცები შინ, როგორ სრულდება ბომბების გულისგამაწყალებელი წვიმა, როგორ ბრუნდებიან ქვეყნიდან უსაფრთხოების მიზნით გასული ქალები და ბავშვები შინ, საკუთარ სამშობლოში და მათ ამაყად ეგეგბიან ქმრები, მამები, ომში დარჩენილი ქალები ყველაზე ძვირფასი საჩუქარით - თავისუფლებით! მაგრამ დილაობით, როგორც კი ვიწყებ იმის შემოწმებას სიზმარი იყო თუ არა ბედნიერი წამები ყველა ოცნება მეფუშება... ხანდახან მინდა, ძალიან მინდა შემეძლოს ღმერთს
ვესაუბრო და ვკითხო, ხომ მალე დაგვეხმარება, ხომ მალე დაგვიცავს...
ხანდახან მინდა წარმოვიდგინო, რომ ის უბრალოდ მრავალტანჯული იობივით ცდის ამ ხალხს და ძალიან მალე მათაც შვიდმაგად დაუბრუნებს დაკარგულ სიცოცხლეებს, იმედებს, ადამიანებს...
ხანდახან ძალიან მინდა ცა სარკე იყოს და ყველა ის ადამიანი, რომელთა გამოც დღეს პიროვნებები საკუთარ სამშობლოში ან უმოწყალოდ იხოცებიან ან გარბიან, ცაში ახედვისას მათ თვალებს ხედავდეს, თვალებს, რომლებიც სიკვდილის წინაც შეახსენებთ, რომ არცერთი ზომის ძალაუფლება არ ღირს ბავშვების ცრემლად, უდანაშალო ადამიანების სისხლად...
ხანდახან ძალიან მინდა თეისტი, ათეისტი, თეთრი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ოთხუკთხედი და სამკუთხედი, ყველა ფერის, ფორმის, ზომის გონება და გული გაერთიანდეს და ყველა ნატვრა ამ სიცოცხლეების, ამ სახელმწიფოს გადარჩენას მიუძღვნას...
ალბათ ცოტა სასაცილოც კია კითხულობდე ზოდიაქოებს, ეძებდე წინასწარმეტყველებს, ეცნობოდე რაციონალურ სტატიებს ერთდროულად, მაგრამ სხვა რა დაგვრჩენია? ვეძებოთ ყველაში და ყველაფერში ღმერთი, ღმერთი რომელიც გვეტყვის, როდის გავიღვიძებთ სიკეთით სავსე, ტკივილისაგან დაცლილ სამყაროში.
მშვიდობა უკრაინას!
დიდება გმირებს!
12