დებატების კულტურა

12
მაშინ, როდესაც გვაძალებენ კერძს, რომელიც არ გვიყვარს; გვთავაზობენ პროფესიას, რომელიც ჩვენი არაა; გვისაბუთებენ პოზიციას, რომელსაც არ ვეთანხმებით და უბრალოდ მაშინ, როდესაც სამქე ეხება წარსულში დასმული პასუხგაუცემელი შეკითხვების ამოწურვას, აწმყოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტას და მომავალის უზრუნველსაყოფად ახალი იდეების გენერირებას საუკეთესო არჩევანი დებატებია. აიმაღლე ხმა, ისწავლე საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად წარმოდგენა და შეცვალე ჯანსაღი დებატებით შენი, ჩემი, ჩვენი მომავალი უკეთესობისკენ.
ამ სტატიაში, მე გესაუბრებით დებატების როლზე, მნიშვნელობასა და ეთიკაზე. თუ თქვენი მიზანი ერთი ნაბიჯით წინ წასვლაა, მაშინ მომყევით!
დებტები თანამედროვე მსოფლიოში სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება. დღეს, მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენთანაც ის ჩაშენებულია საშუალო და უმაღლესი განათლების სასწავლო პროგრამებში. ამის მიზეზი ძალიან მარტივია, დებატები უზრუნველყოფს ყველა იმ ნიშან-თვისების ჩამოყალიბება-განვითარებას, რომელიც 21-ე საუკუნეში კონკურენტ-უნარიან პიროვნებას ჭირდება კარიერული წინსვლისთვის. ეს უნარები ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის ტონი ვანგერის ნაშრომების თანახმად შემდეგია:
• კრიტიკული აზროვნების უნარი;
• პრობლემის გადაჭრის უნარი;
• გუნდური მუშაობისა და ლიდერობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციისა და წერის უნარი;
• საჭირო ინფორმაციის მოპოვებისა და ანალიზის უნარი.
შესაბამისად, თუ თქვენი მიზანი კარიერული წინსვლა და განვითარებაა, მაშინ ამისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოკლე და ეფექტური გზა დებატების ტექნიკების შესწავლაა.
დებატების ჯანსაღი კულტურის დანერგვა არა მხოლოდ პიროვნულ წინსვლას, არამედ საზოგადოებრივ კეთილდღეობასაც უზრუნველყოფს. ალბათ, არაერთხელ გინახავთ ცხარე კამათი, რომელშიც მხარეები გადადიან პიროვნულ შეურაცხყოფაზე, ფიზიკურ დაპირისპირებაზე და ა.შ. ყოველივე ეს დასტურია იმისა, რომ დებატებს ისევე, როგორც მხატვრულ კითხვას, ორატორობის ხელოვნებას, ფიზიკას, მათემატიკას სწავლა ჭირდება. სწორედ იმისთვის, რომ ყოველთვის არსებობდეს ორი, სამი და მეტი განსხვავებული აზრი, მომავალის უკეთესად მოწყობის მრავალგვარი ვერსია, აწმყოში არსებული კრიზისების დასაძლევად სხვადასხვაგვარი მექანიზმის ამუშავების  მოსაზრებები, საჭიროა დაინერგოს დებატების კულტურა, რომელიც გვასწავლის განსხვავებული აზრების ჰარმონიულ თანაარსებობასა და ამ აზრების კომბინაციით საუკეთესო ვერსიის შექმნას.
და აქვე, მანამდე სანამ შემდეგ ბლოგებში გაგიზიარებდეთ, სტრუქტურას, ფორმატებს, სპიკერების ფუნქციებს, საჭიროდ ვთვლი, რამდენიმე სიტყვით მიმოვიხილო ეთიკის ის უპირობო წესები, რომლებიც აუცილებელია ამ გზაზე დამდგარმა ადმიანებმა სწავლის პირველივე ეტაპებზე გაითვალისიწნონ:
◘ დაუპირისპირდით იდეებს იდეებით და არა პიროვნებებს პიროვნულად;
◘ აქციეთ თქვენ იარაღად კონტრ-არგუმენტი, შეურაცხყოფის, დამცირების და პიროვნული დისკრიმინაციის ნაცვლად;
◘ იყავით ტოლერანტები და გახსოვდეთ ნებისმიერ აზრს, როგორც არ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ მას აქვს არსებობის უფლება. მისი გამარჯვება კი თქვენ ოპონირებაზეა დამოკიდებული;
◘ გახსოვდეთ, რომ დაუშვებელია ირონია, დაცინვა, დისკრიმინაცია!
◘ და ბოლოს ყველაზე მთავარი - მოუსმინეთ ოპონენტს ბოლომდე, მისი დროის ფარგლებში. დებატებში დრო ყველაზე ფასეულია და არ გვაქვს უფლება სხვას თავის დრო წავართვათ.

ადმიანებს, რომლებსაც ესმით, იაზრებენ, ფლობენ დებატების კულტურას,აქვთ განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი და საკითხის მრავალგავრი პერსპექტივით დანახვის შესაძლებლობა. იმისთვის, რომ ჩვენი მომავალი მხოლოდ ერთ ვიწრო "ფანჯარაზე" არ იყოს დამოკიდებული, საჭიროა ვისწავლოთ დებატები, რომლებიც დაგვეხმარება მრავალი ახალი ფანჯრის ჩაშენებასა და კარების გაღებაში. დღეს, ისე როგორც არასდროს გვჭირდება ჯანსაღი კომუნიკაცია და ჯანსაღი კამათი, რომელიც მიგვიყვანს გადარჩენისა და განვითარების საუკეთესო ვერსიამდე.
ვიდებატოთ, განვითარებისთვის!









12