5 ივნისს დინამო არენაზე გაიმართა სარაგბო ჩემპიონატის, დიდი ათის ფინალური შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ბათუმის "ბათუმი" და ბოლნისის "ყოჩები" დაუპირისპირდნენ. ძალიან კარგია, რომ ფინალში ერთმანეთს არათბილისური კლუბები დაუპირისპირდნენ :) თამაში დიდად სანახაობრივი ვერ გამოვიდა, ჩემი აზრით, თუმცა იყო რამდენიმე კარგი მომენტი და ხაზის კარგი გაჭრები. გამარჯვება კი ბათუმმა იზეიმა და მეოთხეთ მოიგო გათამაშება. მერჩივნა "ყოჩებს" მოეგოთ, მაინც ერთ-ერთი უძველესი კლუბია ჩემპიონატში და ბოლოს 2007 წელს იზეიმეს ჩემპიონობა.
მოკლედ, სარაგბო ბატალიების გარდა იყო ქართული რაგბის ლეგენდების დაჯილდოებები და სიურპრიზები. საკმაოდ ემოციური გამოდგა მსაჯის, ნიკა ამაშუკელისთვის მოწყობილი სიურპრიზი. ნიკა არის მაგალითი იმისა თუ როგორ შეიძლება მიაღწიო დიდ მწვერვალებს შრომით და მონდომებით. ნიკა ამაშუკელი ერთადერთი მსაჯია სარაგბო მეორე ეშელონის ქვეყნიდან, რომელმაც ექვსი ერის გათამაშება იმსაჯა და ასევე საკლუბო საერთაშორისო ტურნირები და შვიდკაცას სერიები. რაგბის კავშირის სიურპრიზი კი იყო, ელექტრომობილი, რომელიც პირდაპირ სტადიონზე შემოუგორეს მფლობელს.
რაგბის მოყვარულებისთვის საკმაოდ კარგი საღამო გამოვიდა ფინალის გახსნის და დახურვის ცერემონიებით.
ფოტოები აღებულია დიდი ათის facebook გვერდიდან.