დმიტრი გუდკოვი: „რეპრესიები კიდევ უფრო სასტიკი გახდება“

1
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი წევრის, დმიტრი გუდკოვის თქმით, ვლადიმირ პუტინი და ყველა, ვინც ე.წ. სპეცოპერაციას გეგმავდა, იმედოვნებდა, რომ წარმატებას მოკლევადიან პერსპექტივაში მიაღწევდა, „დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ყველაფერი 7-10 დღეში,  ბლიცკრიგით დამთავრდებოდა, რომ ზელენსკი სადღაც გაფრინდებოდა, თვითონ კი დაამყარებდნენ კონტროლს და  გამართავდნენ გამარჯვების აღლუმს კიევში, მაგრამ ყველაფერი სულ სხვა სცენარით წარიმართა“. „ვერაფრით გაცდნენ ბახმუტს, უკვე დაიკარგა ქალაქები, რომლებიც რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა, არადა წინ კიდევ ერთი კონტრშეტევაა. ასი ათასზე მეტი ჯარისკაცი  დაიღუპა. აშკარაა, რომ ყოველივე ეს კარგად აღარ აღიქმება თვითონ რუსეთში. მიუხედავად მხარდაჭერის მაღალი მაჩვენებლებისა, ვხედავთ, თუ როგორ იქცევიან ურაპატრიოტები, როდესაც ისინი აკრიტიკებენ როგორც პუტინს, ასევე თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობას კორუფციისთვის, ქურდობისთვის, ომის წარმოების უუნარობისთვის“, - ამბობს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი. დმიტრი გუდკოვის თქმით, გაჭიანურებული და წარუმატებელი ომის გამო რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. შესაბამისად, მისი თქმით, პუტინი სულ უფრო მეტად დაეყრდნობა უშიშროების ძალებს, რომლებიც, თავის მხრივ, განსხვავებული აზრის ნებისმიერი გამოვლინების წინააღმდეგ ბრძოლას აღიქვამენ სოციალურ ლიფტად, თავის გამოჩენისა და დაწინაურების შესაძლებლობად. „სიტუაცია ნელ-ნელა თავად კრემლის კონტროლიდანაც გამოდის. უკვე სტალინის სასჯელებია შემოღებული (25 წლიანი პატიმრობები). სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობაც გასცდა ყოველგვარ ზღვარს. აშკარაა, რომ რეპრესიული მანქანა კიდევ უფრო დიდ სიჩქარეს აკრებს. რაღაც მომენტში, ვფიქრობ, ის დაიწყებს სისტემასთან ახლოს მდგომი ან თუნდაც სისტემას მიკუთვნებული ადამიანების დაფქვას, როგორც ეს ერთხელ მოხდა 1930-იან წლებში. ვერ წარმომიდგენია ვითარება, რომ რომელიმე პატრუშევი მივიდეს პუტინთან და თქვას: ჩვენ ყველა მტერი გავანადგურეთ, ციხეში ჩავსვით, ასე რომ შეგიძლიათ დაგვითხოვოთო. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. რეპრესიები, სამწუხაროდ, კიდევ უფრო სასტიკი გახდება“, - უთხრა დმიტირი გუდკოვმა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს.
1