ევროკავშირის სამხედრო პოტენციალი: მოკლე ისტორია და პროცესები

8
ავტორი: ლევან ჭანუყვაძე
პირველი და მეორე მსოფლიო ომის პერიოდი ევროპაში
ევროპა ომების კონტინენტია, ყოველ შემთხვევაში, ეს იდეა „წარმატებით“ მტკიცდებოდა მანამ, სანამ ევროპაში ევროკავშირისა და ნატოს სახით ერთგვარი დამცავი ფარი არ შეიქმნა, რომელიც კონტინენტზე ქვეყნებს შორის მშვიდობასა და პრობლემების დიპლომატიური გზით გადაჭრას უზრუნველყოფდა. ისტორიის განმავლობაში ამ კონტინენტზე იმაზე უფრო მეტი ბრძოლა და ომი მოხდა, ვიდრე ყველა სხვა კონტინენტზე ერთად აღებული. ძალიან შორეულ წარსულში რომ არ დავბრუნდეთ, მხოლოდ მეცხრამეტე საუკუნეში ევროპაში სამოცამდე შეიარეაღებული კონფლიქტი მძვინვარებდა, თუმცა, მეოცე საუკუნე კონტინენტისთვის ყველაზე სასტიკი და სისხლისმღვრელი აღმოჩნდა.
მეოცე საუკუნემ ევროპის კონტინენტი ომების ქარტეხილში გამოატარა. ქვეყნებს შორის მცირე კონფლიქტები მასშტაბურ მსოფლიო ომებში გადაიზარდა, რასაც შემდეგ სახელმწიფოების დაშლისა და ეროვნული თვითგამორკვევისთვის სასტიკი ბრძოლები მოჰყვა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ უკვე ნათელი გახდა, რომ ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება სამომავლო პერსპექტივაში ურთულესი იქნებოდა და საჭირო იყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, ბერკეტებისა და საერთო სტრატეგიის შექმნა, რომელიც კონტინენტს, გარკვეული პერიოდით მაინც, აარიდებდა თავიდან კიდევ ერთ მსგავს ფართომასშტაბიან კონფლიქტს. პირველი იდეა, რომელიც საერთო ევროპულ გეგმას ასახავდა გრაფ რიჩარდ ფონ კოუნდეჰოვ-კალერგის მანიფესტში „Paneuropa”(1923) გაჟღერდა. პან-ევროპული იდეა მოიცავდა გაერთიანებული ევროპული სისტემის შექმნას, რომელიც ეკონომიკურ თუ სოციალურ უერთიერთ თანამშრომლობასთან ერთად საერთო თავდაცვით პაცეფისტურ გეგმასაც მოიცავდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეამ საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა, საბოლოო შედეგს მაინც ვერ მიაღწია. ოცდაათიან წლებში, როცა ევროპაში „არამეგობრული“ მთავრობების ფორმირება დაიწყო, პან-ევროპულ სახელმწიფოს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მათ შორის ადოლფ ჰიტლერიც, რომელიც თვლიდა, რომ მსგავს პაცეფისტურ წყობას არ შეეძლო შეწინააღმდეგებოდა ისეთ ქვეყნებს, როგორებიც ამერიკა და საბჭოთა კავშირია მაშინ, თუ ისინი გადაწყვეტენ საკუთარი ინტერესების ევროპაში გატარებას, „But then the surprises which the world may perchance still experience could least of all be seriously opposed by a pacifistic democratic Pan European hodgepodge State.“ (Hitler A., 1928, p. 49).
საბოლოოდ, პან-ევროპული პაციფისტური დემოკრატიული სახელმწიფოს იდეა პრაქტიკაში ვერ განხორციელდა. ევროპის ორ უმნიშვნელოვანეს სახელმწიფოში, გერმანიასა და იტალიაში ხელისუფლება ჩაიგდეს რადიკალურმა მემარჯვენე მთავრობებმა ჰიტლერისა და მუსოლინის სახით, რამაც ცხადი გახადა ევროპაში ახალი ომის საშიშროება და სახელმწიფოებს აიძულა გადართულიყვნენ ამ ომის პრევენციულ რეჟიმზე.
1939 წელს ევროპაში მეორე მსოფლიო ომი დაიწყო. ახალი ომის დაწყება სხვადასხვა მიზეზით იყო გამოწვეული, მათ შორის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ვერსალის ზავით გერმანიისთვის დაწესებული სანქციებითა და შეზრუდვებით, რომელთა უპირველეს მიზანს სამომავლო პერსპექტივაში ამ უკანასკნელის მიერ აგრესიული ქმედებების პრევენცია და ევროპაში მშვიდობის შენარჩუნება წარმოადგენდა, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ამან კიდევ უფრო გაამწვავა მოვლენები და ევროპა უფრო მასშტაბურ ომში ჩაითრია.
შეიძლება ითქვეს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს შექმნილი ანტინაცისტური კოალიცია, რომელიც თითქმის მთელ ევროპას მოიცავდა დიდ ბრიტანეთის, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მეთაურობით, მეოცე საუკუნის ევროპაში მასშტაბური კოალიციური სამხედრო ურთიერთობების ჩამოყალიბების პირველი შემთხვევა იყო. რა თქმა უნდა, ალიანსი სამ განსხვავებულ პოლუსს მოიცავდა და მათი კავშირი მხოლოდ ვითარების შესაბამისი იყო.
მეორე მსოფლიო ომი ანტი-ფაშისტური კოალიციის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც გადაწყვიტა, გერმანია პირველი მსოფლიო ომის მსგავსად ისევ დაესაჯა, თუმცა ამჯერად კიდევ უფრო მკაცრად. სახელმწიფო ორ ნაწილად, დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიად გაყვეს, რომლებიც მიმართულებების შესაბამისი გავლენების ქვეშ მოექცნენ, თუმცა ამ ამბავში მთავარი ისაა, რომ გერმანია, ევროპის ყველაზე დიდი სახელმწიფო ბუნებრივი რესურსების უდიდესი მარაგით ფაქტობრივად შეუიარაღებელი და დაუცველი დარჩა. განიარაღებული ქვეყნის მიუხედავად, ევროპის დიდი ქვეყნები აცნობიერებდნენ, თუნდაც დაშლილი გერმანიიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეს. კიდევ უფრო დიდი იყო იმის საშიშროება, რომ საბჭოთა კავშირს, რომელიც უკვე ფაქტობრივად შემოსული იყო აღმოსავლეთ ევროპაში, გესჩენოდა კიდევ უფრო გაფართოების ინტერესი ევროპაში.
ამერიკის ჩართვა ევროპულ თავდაცვით გეგმაში
ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, 1947 წლის 4 მარტს საფრანგეთის ქალაქ დიუნკერკში საფრანფეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელი მოეწერა ახალი სამხედრო-თავდაცვითი კოალიციის შექმნას, რომელიც მიზნად ისახავდა ამ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო სამხედრო კოოპერაციას და საერთო თავდაცვითი სტრატეგიის შემუშავებას, თუმცა რეალურად, ამ ხელშეკრულების ინიციატორი, ბრიტანელი პოლიტიკოსი ერნესტ ბევინი იმედოვნებდა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას ბევრად უფრო დიდი შედეგები მოყვებოდა. ბევინის აზრით, მან ამ კოალიციით ანახა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, რომ ევროპული სახლმწიფოები იწყებენ მჭიდრო თანამშრომლობას ერთმანეთთან, რათა დაიცვან საკუთარი თავი აღმოსავლეთიდან მომდინარე საფრთხისგან, საბჭოთა კავშირის სახით.
"Moreover, in doing this, he hoped to convince the Americans that Europeans were working closely together to defend themselves and that because of the threat from the militarily powerful USSR, the US should become directly involved in European defence.“
(Martin J. Dedman, 2010, p. 32)
ამერიკის შეერთებული შტატები ისედაც აცნობიერებდა ევროპაში შექმნილ ვითარებას და უკვე ჰქონდა დაწყებული მუშაობა მასში პირდაპირი ჩარევისა და ზეგავლენის მოხდენის გეგმებზე. ტრუმენის დოქტრინა (1947) და მარშალის გეგმა (1948) არ მოიცავდა ამერიკელების მიერ პირდაპირ ჩარევას ევროპულ პოლიტიკასა და ეკონომიკაში, ეს არ მოსწონდა ბევინს, მას უფრო მეტის სურდა, რის გამოც, მან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა ოფისს დაავალა, მოეძებნათ გზა, რომ როგორმე დასავლეთის ქვეყნები ერთ ბლოკში გაეერთიანებინათ. ის აცნობიერებდა, რომ უსაფრთხოების მთავარი გარანტორი საერთო ინტერესის გარშემო შექმნილი კოალიცია უნდა ყოფილიყო, სწორედ ამიტომ, მისმა ოფისმა შეიმუშავა საერთო საბაჟო კავშირის იდეა. ეს იდეა ემყარებოდა აზრს, რომ ერთი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბრძოლა პირდაპირ პროპორციული იქნებოდა ალიანსში მყოფი მეორე ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალისა, რაც ქმნიდა იმის გარანტიას, რომ ყველა ქვეყანა ერთიანი ძალისხმევით ეცდებოდა კონფლიქტის ესკალაციით საკუთარი ეკონომიკის გადარჩენას. ეს ალიანსი ბევინისთვის არათუ მხოლოდ სურვილს, არამედ აუციებლობას წარმოადგენდა, რათა მომავალში საფუძვლად ჩადგომოდა დასავლეთ ევროპის სამხედრო კავშირს და ამის საშუალებით შეეჩერებინათ ევროპაში კომუნიზმის შემოდინება (Martin J. Dedman, 2010, p. 33).
ბრიტანეთის სავაჭრო საბჭო (The Board of Trade) ბევინის გეგმაში ამერიკულ იმპერიალისტურ იდეებს ხედავდა და ეშინოდა, რომ შეიძლება ამით შერყეულიყო ლონდონის პოზიციები მსოფლიოში და ის იმპერიალისტური ზრახვები, რომლებიც ამერიკას ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჰქონდა, კიდევ უფრო მასშტაბური გამხდარიყო (Milward, 1984, p. 245). ამ და სხვა მიზეზების გამო, გაერთიანებულმა სამეფომ საბოლოოდ უარი თქვა შეერთებოდა საბაჭო კავშირს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სარისკო საკითხი იყო. დიდი ბრიტანეთი იმ დროისთვის საკმაოდ ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდა, მისი მხრიდან ამერიკასთან და დასავლეთ ევროპასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა არცთუ სასიამოვნო ტონი გამოდგა, რამაც მაშინდელ პოლიტიკურ ელიტაში გაურკვევლობა გამოიწვია. ზოგადად, თუ გადავხედავთ ბრიტანეთის ურთიერთობას კონტინენტური ევროპასთან, თანამედროვეობაშიც და ადრეც, ჩევამჩნევთ, რომ ამ კუნძულოვან სახელმწიფოს არასდროს არ სურს, სრულად იყოს ჩართული კონტინენტურ საკითხებში და მით უმეტეს, ეს საკითხები პირდაპირ შეეხოს მას და შეცვალოს ბრიტანული დღისწესრიგი. ვერსალის ხელშეკრულებითაც (1919) კი, რომლის ამ შედეგით დასრულებაშიც ბრიტანეთს უდიდესი წვლილი მიუძღვის, მან არ ისურვა მიეღო ტერიტორია კონტინენტზე. ყველაზე ახლო წარსულში, ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვება კიდევ ერთი ფაქტია, რომ ბრიტანული პოლიტიკური და ეკონომიკური დღისწესრიგი მუდამ ხელშეუხებელი და გარეძალებისგან ჩაურეველი უნდა იყოს.
ბრიუსელის პაქტი და NATO-ს შექმნა
ქვეყნის სუვერენიტეტში პირდაპირ ჩარევას, ფედერაციული ევროპული სახელმწიფოსა და სუპრანაციონალური ორგანიზაციის შექმნას არც ბევინი ემხრობოდა, რადგან მისთვის პრიორიტეტი იყო სხვადასხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციების კოოპერაცია. სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარეობდა ბრიუსელის პაქტი (1949), რომელსაც ხელი დიდ ბრიტანეთთან ერთად საფრანგეთმა, ბელგიამ, ნიდერლანდებმა და ლუქსემბურგმა მოაწერეს. ამ პაქტით, ევროპის ეს ხუთი ქვეყანა თანხმდებოდა ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ საკითხებში თანამშრომლობაზე, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, კოლექტიურ თავდაცვაზე, ეს ნიშნავდა, რომ ბევინის გეგმა ფორმალურად გაფორმდა. ევროპაში ჩამოყალიბდა ალიანსი, რომელიც უზრუნველყოფდა თითოეული წევრი ქვეყნის თავდაცვაზე. ქვეყნებთან. ამის მიუხედავად, ეს პაქტი და მასში შემავალი ხუთ ქვეყანა სულაც არ იყო საკმარისი იმისთვის, რომ დასავლეთ ევროპის უსაფრთხოების გარანტი გამხდარიყო. ხუთი ქვეყანა აქტიურად აწარმოებდა მოლაპარაკებებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და კანადასთან, ისევე როგორც ევროპის სხვა ქვეყნებთან. საბჭოთა კავშირის საფრთხე კვლავ აქტუალური იყო, მეტიც, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მისი საგარეო პოლიტიკა კიდევ უფრო აგრესიული გახდა და როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ ამერიკასა და აზიაში დაიწყო გავრცელება. სწორედ აზიაში გამწვავებულმა ვითარებამ კიდევ უფრო დააჩქარა ევროპის თავდაცვაზე ზრუნვის პროცესი და ამერიკის აქტიური ჩარევა ამ კონტინენტის შიდა პოლიტიკაში.
ბრიუსელის პაქტი, რომელსაც დასავლეთის კავშირი (the Western Union) ეწოდა ითვალისწინებდა მეოთხე პუნტს, რომელიც ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. სწორედ მეოთხე პუნქტის მიხედვით განისაზღვრებოდა ალიანსის წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა სხვა წევრზე თავდასხმად და აქტიურდებოდა კოლექტიური თავდაცვითი სისტემა. პაქტის გაფრომებიდან მალევე, საბჭოთა კავშირმა დაიწყო ნორვეგიის შევიწროება (1948), რასაც დაემატა დასაბლეთ ბერლინის ბლოკადაც. დასავლეთ ბერლინი ამ პერიოდში ერთადერთი ადგილი იყო, საიდანაც ამერიკელებს ლეგიტიმურად შეეძლოთ საკუთარი სამხედრო ძალის მობილიზება ევროპაში. თუმცა, საბჭოთა კავშირმა ფაქტობრივად ჩაუკეტა ეს გზა ამერიკას, რამაც სენატს აიძულა მიეღო რეზოლუცია 239, რომელიც აძლევდა საშუალებას ამერიკას, განეხილა და ჩართულიყო კოლექტიური თავდაცვის სისტემებში. ამერიკის სენატის ეს გადაწყვეტილება გარდამტეხი აღმოჩნდა, რადგან ამით ცივი ომი კიდევ უფრო გამძაფრდა, მანამდე არსებული არაფორმალური ბლოკები უკვე ახლოს იყო გაოფიციალურებასთან, ამასთან, ატომური იარაღის საფრთე ორივე ამ სუპერ-სახელმწიფომ თანაბრად იგრძნო. რისკების მიუხედავად, ამერიკელთა ეს გადაწყვეტილება გამართლებული იყო, რადგან ამით ისარგებლებდა როგორც თავად ეს სახელმწიფო, ისე მთელი დასავლეთ სამყარო. თავისთავად, ამერიკული სამხედრო ტექნიკა ამ რეოლუციის მიღებიდან უკვე რამდენიმე თვეში დიდი რაოდენობით გამოჩნდა ევროპაში, რაც სიგნალი იყო წითელი ბანაკისთვის, რომ ამერიკა არ აპირებდა პოზიციების დათმობას, ამას მოყვა 1949 წლის ბრიუსელის აქტიც, რომლითაც 4 აპრილს გამოცხადაა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) შექმა.
NATO-ს შექმნას თავიდან უფრო სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, რადგან წევრი სახელმწიფოები არ ელოდნენ, რომ უახლოეს მომავალში საბჭოთა კავშირი ევროპაში ქმედით ნაბიჯებს გადადგავდა, თუმცა მაინც, ყველაფერი იმდენად არაპროგნოზირებადი იყო, რომ დიდი ბრიტანეთი დათანხმდა წასულიყო ამ პრეცენდენტზე და სამხედრო ძალაუფლება ევროპულ თავდაცვაზე გაეყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად.(Martin J. Dedman, 2010, p. 36). ევროპელთა ორივე მოსაზრება გამართლდა, საბჭოთა კავშირმა ევროპაში არ დაიწყო სამხედრო კონფლიქტები, არამედ მეტად უფრო მოულოდნელად, კორეაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის გავლით მოახდინა შიდა არეულობის დაწყება, რომელიც შემდგომ ომში გადაიზარდა (კოერის ომი, 1950-1953) გაერთიანებული ერების სამხედრო სარდლობასა და საბჭოელების მიერ შეიარაღებულ მებრძოლებს შორის. ამ ომის დროს გაერთიანებული ერების სამხედრო ძალებს სათავეში ამერიკული სარდლობა ედგა, თუმცა ომი ისე არ წარიმართა როგორც მათ სურდათ. შედარებით უფრო სუსტად შეიარაღებულმა კორეელებმა დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ამერიკელებს. ეს აჩვენემდა, თუ რამდენად ძლიერი შეიძლება ყოფილიყო საბჭოთა კავშირი რეალურად გადამზადებული სამხედროებისა და ტექნიკის ხარჯზე, რამაც განგაშის სიგნალი ჩართო ჩრდილოეთ ამერიკასა და დასავლეთ ევროპაში. სწორედ ამ ვითარებაში, გადაწყდა, რომ NATO უნდა გამხდარიყო იმაზე უფრო აქტიური, ვიდრე ის აქამდე იყო.
ევროპის შეიარაღება და საერთო ჯარის იდეა
დასავლეთ სამყაროში გაჩნდა შიში, რომ გერმანია გახდებოდა ისეთივე სადაო საკითხი, როგორც კორეა. საბჭოთა კავშირმა აღმოსალვეთ გერმანიაში ჩააყენა თავისი ჯარების დაახლოებით 15 პროცენტი, რაც დაახლოებით 10 დანაყოფით მეტი იყო, ვიდრე დასავლეთ გერმანიაში მდგარი ამერიკული და ევროპული ჯარებისა. კომუნისტების შეჭრამ საბჭოთა კავშირში გამოიწვია პანიკური ტალღა, რასაც მოყვა დასავლეთ გერმანიის კანცლერის, კონრად ადენაუერის მოწოდება ევროპისა და ამერიკისთვის, რომ სასწრაფოდ გაემაგრებინათ დასავლეთ გერმანია, რათა არ მომხდარიყო იგივე, რაც მოხდა კორეაში და აღმოსავლეთ გერმანია არ შეჭრილიყო დასავლეთში. მერიკის შეერთებული შტატების სენატმა და შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობამ გაითვალისწინა ადენაუერის მოწოდება და სასწრაფო წესით დაიწყო ევროპის შეიარაღება. კორეის ომის მსვლელობისას, ამერიკელთა მიერ გამოყოფილი საგარეო დახმარებების უმეტესობა ევროპაში მიდიოდა, რათა მომხდარიყო ამერიკული ჯარისთვის შესაბამისი პირობების შექმნა, პირველ რიგში, სამხედრო პორტებისა და აეროდრომების აშენება. მაშინდელ ევროპაში არსებული აეროდრომების რიცხვი 1950 წლიდან 1954 წლამდე 14-იდან 120-ამდე გაიზარდა, რაც საშუალებას აძლევდა ამერიკულ ძალებს სამხედრო ტრანსპორტერებით სწრაფად და დაცულად გადმოესხათ საკუთარი ქვეითები და რაც მთავარია, ევროპაში გადაეყვანათ ზებგერითი და ატომური სამხედრო თვითმფრინავები. ევროპაში დაიწყო სამხედრო ინდუსტრიალიზაცია და საფრანგეთში და ბრიტანეთში აშენდა ახალი სამხედრო საწარმოები, სადაც იწარმოებოდა შეიარაღება და თვითმფრინავები ამერიკული სტანდარტებით ამერიკელებისთვის, თუმცა ამ შეიარაღების დიდ ნაწილს ამერიკა გადასცემდა ევროპულ ქვეყნებს. სწორედ ამ პერიოდში ჩამოყალიბდა და სტრუქტურული და გამართული სახე მიიღო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის საჰაერო თავდაცვითმა ძალებმა. ამერიკელების დახმარებით აშენებული ეს საწარმოები დღემდე მუშაობს ისეთი კომპანიებისთვის, როგორებიც  Boeing და Airbus არის. ორივე ეს კომპანია ცნობილია მათი კომერციული თვითმფრინავებით, თუმცა რეალურად, მათი შემოსავლების უდიდესი ნაწილი სამხედრო ხაზზე, McDonnell Douglas-სა და Eurofighter Typhoon-ზე მოდის, რომლებიც დღეს ყველაზე განვითარებულ და საშიშ სამხედრო თვითმფრინავების სერიად ითვლებიან, რუსულ Sukhoi-სთან ერთად.
კორეის ომის დასრულების შემდეგ, ევროპა ისე იყო შეიარაღებული, როგორც არასდროს. ახლა მას უკვე დადასტურებულად ყავდა არაევროპული მოკავშირეებიც, რომელთაც შეეძლოთ საბჭოთა კავშირისითვის ჯეროვანი კონკურენციის გაწევა და ომის შემთხვევაში, თავდაცვითი ძალების მნიშვნელოვნად გაძლიერება. ერთისმხრივ, NATO გახდა ის ორგანიზაცია, რომელსაც უნდა დაყრდნობოდა მთელი დასავლეთ ევროპა, თუმცა აქ იყო მეორე, უფრო რთული პოლიტიკური საკითხი. ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაცია ფაქტობრივად ორ კონტინტენტზეა გადაჭიმული, რაც ამცირებს სწრაფ და შეთანხმებულ კოორდინაციას, ასევე ზრდის შანსებს, რომ შესაძლუა, ორი კონტინტენტის ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვას და კრიტიკულ სიტუაციაში, უთანხმოებამ მოშალოს მთელი თავდაცვითი სისტემა. ამასთან, საფრანგეთი კატერგორიული მოწინააღმდეგე იყო გერმანიის დამოუკიდებელი შეიარაღებისა და მიიჩნევდა, რომ თუ გერმანია კვლავ უნდა შეიარაღებულიყო, ეს უნდა მომხდარიყო საერთო ევროპული არმიის ქვეშ (Kanter A. 1970. p. 205). სწორედ ამ საფრთხეების გამო, საფრანგეთის პრეზიდენტმა, რენე პლევინმა წარადგინა გეგმა, სადაც ის მიუთითებდა, რომ უნდა შექმნილიყო სუპრანაციონალური სამხედრო ორგანიზაცია, რომელშიც ერთი დროშის ქვეშ გაერთიანებული იქნებოდა ევროპის ჯარები და ეყოლებოდა ერთიანი მმართველობა, ამასთან, მისი აზრით, გერმანელებს ამ საერთო სამხედრო სივრცეში კვლავ სუსტი სტატუსი უნდა ჰქონოდათ, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ მათ არ უნდა დაეკავებინათ მაღალი სამხედრო პოზიციები და არ უნდა ჰქონოდათ უფლება გამოეყენებინათ ეროვნული სიმბოლიკა, რაც, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო იმ დასავლეთ გერმანიისთვისაც კი, რომელიც ამ პერიოდში არცთუ ისე სახარბიელო თავდაცვით პოზიციაში იყო.
რენე პლევინის გეგმას მხარი დაუჭირა დასავლეთ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფომ, რომლებიც მანამდე ისედაც იყვნენ გაერთიანებული ჩრდილოატლანტიკურ კავშირში, თუმცა მისი რატიფიცირება ვერ მოხერხდა, ისევ საფრანგეთის მიერ. საფრანგეთის ნანციონალური ასამბლეა სამი წელი განიხილავდა ამ საკითხს. დეპუტატთა უმრავლესობა ანტი-გერმანულად იყო განწყობილი და არ სურდა დასავლეთ გერმანიასთან ერთად სამხედრო ალიანსში ყოფნა და მით უმეტეს მისი შეიარაღება, რაც შედეგზეც აისახა. პლევინის გეგმა საფრანგეთის პარლამენტმა უარყო, რაც აიხსნა იმით, რომ მათ არ სურდათ გერმანიის შეიარაღება, მათთან ერთად ალიანსში ყოფნა და რაც საბოლოოდ გამოიკვეთა, სუპრანაციონალური ორგანიზაციის მიერ საფრანგეთის ეროვნული იდენტობისა და ინტერესების დათრგუნვა. (Kanter A. 1970. p. 210) აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ გეგმის ჩავარდნაზე დიდი გავლენა იქონია სტალინის გარდაცვალებამაც, რამაც დეპუტატთა აზრით აღმოფხვრა საბჭოთა კავშირთან კონფლიქტის საშიშროება.
ევროკავშირი და თანამედროვე გამოწვევები.
პლევინის გეგმის შემდეგ ფაქტობრივად ასეთ მაღალ დონეზე აღარ ყოფილა ევროპაში საუბარი საერთო ჯარის შექმნაზე. ამ გეგმის შემუშავებამ და თითქმის ყველა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერამ, ამერიკა შეაშფოთა და უბიძგა მას ყველა იმ გადადგმლი ნაბიჯისკენ 1950-54 წლებში, რომელზეც ზემოთ უკვე ვისაუბრე.
ოფიციალურად ევროკავშირის შექმნის დღიდან, დაიწყო მუშაობა სხვადასხვა ტიპის თავდაცვით ორგანიზაციებზე, თუმცა არცერთი არ მოიცავს კოლექტიური თავდაცვის სტრატეგიას.  მიუხედავად იმისა, რომ ჩამოყალიბდა Common Security and Defence Policy, მისი მთავარი ფუნქცია სულაც არაა წევრ ქვეყნებზე თავდასხმის შემთხვევაში კოლექტიური თავდაცვა. ეს ორგანიზაცია კოორდინაციას უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, განავითარონ საკუთარი თავდაცვითი პოტენციალი ერთმანეთთან თანამშრომლობით. CSDP-ს 42-ე პუნქტის მე-7 ნაწილით, ამ კავშირის წევრი ქვეყნები ვალდებულნი არიან დაეხმარონ იმ ქვეყანას რომელიც გახდა სხვის მიერ თავდაცვის მსხვერპლი.
"If a Member State is the victim of armed aggression on its territory, the other Member States shall have towards it an obligation of aid and assistance by all the means in their power, in accordance with Article 51 of the United Nations Charter. This shall not prejudice the specific character of the security and defence policy of certain Member States."
(Common Security and Defence Policy, Article 42(7))
ერთი შეხედვით, ზემოთხხსენებული პუნქტი (CSDP, Article 42(7)) და NATO-ს მეხუთე პუნქტი ძალიან გვანან ერთმანეთს, თუმცა მათ განასხვავებთ დახმარების ტიპი. ჩრდილოატლანტიკური კავშირის შემთხვევაში, კავშირის წევრები ვალდებულნი არიან გაუწიონ სამხედრო დახმარება იმ ქვეყანას რომელიც გახდა სხვის მიერ თავდაცვის მსხვერპლი, თუმცა აქ, არაა დაკონკრეტებული თუ კონკრეტულად რა ტიპის დახმარებაზეა საუბარი და მოიცავს თუ არა ის კოლექტიურ სამხედრო დახმარებასაც. თუმცა, ამ პუნქტზე დაყრდნობით, რეალურადაც რომ იყოს შესაძლებელი კოლექტიური თავდაცვა, ეს მაინც გაჭირდება, რადგან ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნიდან 21 NATO-ს წევრია, რაც კონფლიქტში ავტომატურად ჩართავს სხვა არაევროპულ ქვეყნებსაც.
ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში, როცა  NATO გააქტიურდა ახლო აღმოსავლეთში, ევროპაში კვლავ დაიწყო საუბარი, რომ აუცილებელი იყო საერთო თავდაცვითი სტრატეგიის შექმნა. განსაკუთრებით, ევროპელ პოლიტიკოსებში ეს იდეა 2001 წელს იყო პოპულარული, როცა ამერიკაში 11 სექტემბერს ტერორისტებმა მასშტაბური ტერაქტი მოაწყვეს, რასაც ამერიკის მიერ მათ წინააღმდეგ გამოცხადებული ომი მოჰყვა. ეს ნაბიჯი საფრთხეში აგდებდა არამარტო ამერიკას, არამედ ევროპას, სადაც აუცილებლად გააქტიურდებოდა ისლამური რადიკალური ქსელი და დაიწყებოდა ტერაქტების მოწყობა. CSDP-ს აღსრულება ევროკავშირის ახალ ორგანოს, Military Planning and Conduct Capability-ს დაეკისრა, რომელმაც დაიწყო მშვიდობისმყოფელური ოპერაციების წარმართვა. ამის მაგალითი იყო ბალკანეთი, რომელიც NATO-სთვის პირველი ფართომასშტაბიანი საომარი ოპერაცია იყო, აქ, ევროკავშირმა საბრძოლო ოპერაციების პარალელურად და დასრულების შემდეგ, გაგზავნა მშვიდობისმყოფელთა პირველი ერთეულები, რომელმაც ფაქტობრივად პირველად გააერთიანა ევროკავშირის დროშის ქვეშ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის სამხედროები.
2009 წლის შემდეგ, ევროკავშირში საერთო სამშვიდობო მისიების იდეა კიდევ უფრო მასშტაბური გახდა, ბევრის აზრით, ეს იყო ერთგვარი შემზადების პროცესი ახალი სამხედრო სისტემისა და გაერთიანებული არმიის შექმნისთვის. ევროკავშირმა ათზე მეტი სამშვიდობო და მონიტორინგის მისია აწარმოა აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და აღმოსავლეთ ევროპის, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე.
ევროკავშირისთვისა და NATO-სთვის, დღეს მთავარ საფრთხეს კლავ აღმოსავლეთ საზღვარი და რუსეთი წარმოადგენს. იმ ფონზე, რომ 2008 წლიდან 2014 წლამდე რუსეთი კვლავ გამწვავებულ ექსპანსიურ პოლიტიკას აწარმოებდა პრო-ევროპული ქვეყნების მიმართ, წინა პლანზე ისევ გადმოინაცვლა საერთო თავდაცვითი სისტემის შექნის აუცილებლობამ. 2008 წელს, როცა რუსული სამხედრო ძალები საქართველოში შემოიჭრნენ და ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ევროკავშირმა ეს უდიდეს საფრთხედ ჩათვალა, რასაც მოწმობს ევროკავშირის 4 პრეზიდენტის (ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი (უკრაინა)) საქართველოში ვიზიტი და ნიკოლა სარკოზის მიერ მედიაციის პასუხისმგებლობის აღება. 2008 წელს საქართველოში ომის მთავარ საბაბად საქართველოს პრო-ევროპული პოლიტიკა მიიჩნევა. მართალია, სარკოზის მედიაცია წარმატებული ვერ აღმოჩნდა, თუმცა ამან კიდევ უფრო გააღრმავა საუბრები ევროპული არმიის შექმნის აუცილებლობაზე, რათა თავიდან აერიდებინათ რუსული საფრთხე.
კიდევ ერთი ფაქტი, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია იყო, თუმცა აქ ევროკავშირი მეტად უფრო სხვა პრობლემებზე იყო გადართული და პოლიტიკური დღისწესრიგირს პრიორიტეტად ეს კონფლიქტი არ მიიჩნიეს, რასაც ომის დასრულების შემდეგ უამრავი კრიტიკა მოყვა.
საერთო ევროპული არმია უდიდესი პოტენციალის მატარებელია, რადგან მას საბოლოოდ შეუძლია შეაჩეროს რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკა ევროპაში, თუმცა დღესაც, ევროპელი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ამ იდეას არ იზიარებს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ სუპრანაციონალური სამხედრო ორგანიზაციის ჩამოყალიბება გამოიწვევს ეროვნული იდენტობის დაკარგვასა და ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების უგულვებლყოფას.  ამის ნათელი მაგალითია ანკ ბიელეველდი, დანიის ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა დანიის პრეზიდენტ კაისა ოლონგრენს, რომელიც 2021 წელს აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული ჯარის შექმნის იდეას.
ზოგადად, 2021 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანია იმ ასპექტის გათვალისწინებით, რომ სწორედ ამ წელს დასრულდა ავღანეთიდან NATO-ს ჯარების გამოყვანა, სადაც, ფაქტობრივად ალიანსმა უდიდესი ზარალი განიცადა თან ისე, რომ შედეგი არ მიუღია. ამან კიდევ ერთხელ დააფიქრა ევროკავშირი, შეიძლება თუ არა, მთელი მათი თავდაცვა დამოკიდებული იყოს ამ ორგანიზაციაზე.
რა დაგვანახა რუსეთ-უკრაინის ომმა.
ემანუელ მაკრონი და ანგელა მერკელი ის პოლიტკოსები არიან, რომლებიც ევროკავშირში უდიდესი ავოტორიტეტით სარგებლობენ, სწორედ მათ გააჟღერეს მაღალი ტრიბუნებიდან საერთო ჯარის შექმნის აუცილებლობა დამოუწოდეს სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, დაფიქრებულიყვნენ ამ შესაძლებლობებზე.  უკვე ვახსენე, რომ 2021 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბევრი პრობლემის გამო, თუმცა დღეის გადმოსახედიდან, ყველაზე დიდი პრობლემა ისევ რუსეთი და რუსეთის მიერ ამ წელს უკრაინის საზღვართან სამხედრო დანაყოფების გააქტიურებაა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქტიურად აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას და თითქმის ყოველკვირეულად აწარმოებდა რეპორტს მიმდანერი სიტუაციის ანალიზზე. უკვე 2021 წლის დეკემბერშივე გამოიკვეთა, რომ რუსეთი აუცილებლად აპირებდა შეჭრას უკრაინაში, თუმცა ქმედითი ნაბიჯების განხორციელება ვერ მოხერხდა. უკრაინა, რომელიც ევროპის უდიდესი სახელმწიფოა და გამოირჩევა ბუნებრივი რესურსების სიმრავლით არც ევროკავშირის და არც NATO-ს წევრი არაა. ამ ფაქტმა ის მარტივი სამიზნე გახადა რუსეთიისთვის. უკრაინაში რუსეთის შეჭრა ერთგვარი მინიშნებაა დასავლეთისთვის, რომ რუსეთი არ აპირებს თავის საზღვრებთან მიუშვას დასავლური სამყარო. 2022 წლის 24 თებერვალს, როცა რუსეთი უკვე ოფიციალურად შეიჭრა უკრაინაში, ევროპა წამიერ შოკს მიეცა, არავინ ელოდა, რომ ასეთ ხელაღებულ ნაბიჯს გადადგამდა.
ვფიქრობ, ეს აქტი აჩვენებს, თუ რამდენად დაუცველია ევროპა იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ძლიერი სახელმწიფო გადაწყვეტს კონტინენტზე შეტევას. ომი როგორ დასრულდება არავინ იცის. იმ შემთხვევაში, თუ ომში არ დამარცხდება რუსეთი, ის ეცდება კვლავ გააქტიურდეს, რათა აღადგინოს ის ძალთა ბალანსი, რაც ომამდე იყო ევროპაში, რაც საკმაოდ პრობლემატური საკითხი იქნება ევროკავშირისთვის. ამ ომში გამოჩნდა ისიც, რომ ამერიკული ბიუროკრატია საკმაოდ ნელია და მას რამდენიმე კვირა სჭირდება დაჩქარებული გადაწვეტილებების მისაღებად. შესაბამისად, იმ შემთხევავში, თუ დავუშვებთ, რომ ევროკავშრის რომელიმე წევრ სახელმწიფოს, რომელიც ნატოს წევრია, თავს დაესხა სხვა სახელმწიფო, შეიძლება სულაც არ იყოს საკმარისი დრო დარჩენილი, რომ ჯეროვანი სამხედრო დახმარება იქნას გაწეული.   
ცალკე საკითხია ევროკავშირის ის სახელმწიფოები, რომლებიც არ არიან NATO-ს წევრები. ასეთ შემთხვევაში, ისინი ფატობრივად მარტო რჩებიან მტრის წინაში, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მჭიდროდ ფუნქციონალური ორგანიზაციაა და მისი სწორად მუშაობისთვის აუცილებელია ყველა სახელმწიფოსა და ორგანოს კოორდინირებული მუშაობა.
Referencing
A.Hitler. (1928) Hitler's Secret Book. Germany
Martin J. Dedman. (2010) The Origins and Development of the European Union 1945-2008, second edition. Abingdon, Oxon.
Milward, Alan S. (1984) The Reconstruction of Western Europe 1945-51. London.
Kanter A. (1970) The European Defense Community in the French National Assembly: A Roll Call Analysis. Comparative Politics, Ph.D. Programs in Political Science, City University of New York.
Treaty of Alliance and Mutual Assistance between the United Kingdom and France, Dunkirk, 1947
Common Security and Defence Policy, Article 42(7) (2009)
Defence: is the EU creating a European army? European Parliament (24 June 2019), European Parliament. https://www.europarl.europa.eu/news/en/headlines/security/20190612STO54310/eu-army-myth-what-is-europe-really-doing-to-boost-defence
Tigner Brooks (13 November 2018) A ‘European’ army? eminently defensible but not probable for a long time to come. Atlantic Council.
8