ერთგვარი ღია მიმართვა/მილოცვა პროკურატურის თანამშრომლებს...

1
დღეს, თურმე პროკურატურის თანამშრომელთა პროფესიულ დღეა და მეც გამახსენდა ერთ-ერთი საქმე... ეს იყო ორი წლის წინ⤵️⤵️⤵️
ვიცავდი მძიმე დანაშულის ჩადენაში მხილებულ და ბრალდებულ პირს, რომელიც უკურნებელი სენით იყო დაავადებული და როგორც ადვოკატმა, ვიმოქმედე სტანდარტული ალგორითმით, - დასაბუთებული განცხადებით მივმართე პროკურორს საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით.
ამ საკითხთან დაკავშირებით, მომიწია ერთხელ შეხვედრა უშუალოდ საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელ პროკურორთან, რომელთანაც ადრე არ მქონია შეხება და არც შორიდან ვიცნობდი, თუმცა მისმა ქცევამ ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო⤵️⤵️⤵️
ამბავი იყო ასე, - კონკრეტული ვიზიტორის მისვლისას, მორიგე გასძახებს ხოლმე შესასვლელში მდგომ დაცვის თანამშრომელს „ნივთებით“ ან „ნივთების გარეშე“... ჩემს შემთხვევაში კი დაშვებულ იქნა საშვი „ნივთებით“, რამაც სასიამოვნოდ გამაოცა, რადგან, როგორც წესი, პირადი ნივთებით (საათი, ტელეფონი და ა.შ.) იღებენ მხოლოდ მათთან „დაახლოებულ“ პირებს, ან უბრალოდ ისეთებს, რომლებიც გულმოდგინედ, მორჩილებით „ეტენებიან“...
კაბინეტის ზღურბლთან მისვლისას ოდნავ შევყოვნდი და დაველოდე იქ მყოფ პროკურორთაგან რომელი მომაქცევდა ყურადღებას, რადგან სახეზე არც ვიცნობდი ჩემი საქმის პროკურორს...უმალვე წამოდგა და მომეგება ჩემზე საკმაოდ უმცროსი ახალგაზრდა მამაკაცი, მან თავაზიანად მიმიწვია საკუთარ სამუშაო მაგიდასთან...ჩვენი საუბარი იყო ხანმოკლე. იმის თხოვნაც კი ვერ მოვასწარი, რომ წინასასამართლო სხდომამდე ადრე მიემართა სასამართლოსთვის საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე... მან, უბრალოდ, დამასწრო და საკუთარი ინიციატივით აღმითქვა, რომ მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადაში მოამზადებდა შესაბამის შუამდგომლობას. სულ ეს იყო, ის კვლავ წამოდგა და გამომაცილა კაბინეტიდან... ჩემი პატიმრობაში მყოფი კლიენტი კი მალევე გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდანვე...
თითქოს, არაფერია განსაკუთრებული ამ ამბავში🤔 პროკურორი ასეც უნდა იქცეოდეს-ო იტყვით ალბათ, მაგრამ ეს ასე არ არის!.. განსაკუთრებული და გასაკვირი გახდა დღევანდელობაში ეთიკა, პროფესიონალიზმი და განათლება სახელმწიფო უწყებებში. მხოლოდ ჭეშმარიტად განათლებულ ადამიანს ესმის მოვალეობა, გააჩნია პასუხისმგებლობა და კულტურულობა კი მისთვის სისხლის შემადგენელი ელემენტია. ასე, რომ მერწმუნეთ, ამ ახალგაზრდა პროკურორის ქცევა ნამდვილად იყო ეთიკური, ქმედება - პროფესიონალური და შესაბამისად, ის უდავოდ განათლებული ადამიანია.
და მეც, მხოლოდ მას მივულოცავდი პროფესიულ დღეს. უფრო მეტიც, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზეც წარვადგენდი, რომ შემეძლოს, რადგან დარწმუნებული ვარ, - ის, მეტ-ნაკლებად შეეცდებოდა მაინც ასეთი მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების სათანადოდ, პროფესიული ღირსებით მართვას. მენდეთ სიტყვაზე, ადამიანის ამოცნობაში ალღო იშვიათად მღალატობს...
გულითადად მივულოცავდი ასევე პროკურატურის იმ თანამშრომლებს, რომელთაც შესწევთ კარგად ნათქვამის კარგად გაგების უნარი❣️
სხვებს კი, უბრალოდ, ვეტყოდი, რომ ახალგაზრდეებო, მლიქვნელობა (подхалимство) ჩემი ძლიერი მხარე არასდროს არ ყოფილა და არც იქნება. თითოეულ კონკრეტულ საქმეზე მათთან ურთიერთობისას, ყოველთვის დავიცავ პროფესიული ეთიკის ნორმებს, თუმცა მათგან არაადეკვატურობისა და პროფესიითვის შეუსაბამო ქცევის ნებისმიერი გამოვლინება აღქმული იქნება ჩემი კლიენტის ინტერესების საზიანო ქმედებად და ვიმოქმედებ უკიდურესად, კანონის შესაბამისად. გარდა ამისა, შევახსენებდი, რომ ნებისმიერი თანამდებობა დროებითია და ამდენად, ნურაფერი ნუ გაუკვირდებათ ცხოვრებაში... ვთხოვდი🙏🏻 - თავიანთი ქცევით, რაც მეტწილად განპირობებულია ხასიათის ინდივიდუალური თავისებურებებითა („წიკებით“) და არაკომპეტენტურობით, რეპუტაციულ ზიანს ნუ მიაყენებენ სახელმწიფო უწყებას და რაც მთავარია - მოქალაქეს, ა დ ა მ ი ა ნ ს❗️❗️❗️
P.s. ვიცი, - გაინტერესებთ კონკრეტული პროკურორის ვინაობა...შემიძლია მხოლოდ ინიციალების დაწერა „ბ.შ.“ აქვე, შევნიშნავ, რომ მას მერე არ შევხვედრივარ, შესაბამისად, არ მქონია კომუნიკაცია.
პატივისცემით,
ადვოკატი/საქართველოს მოქალაქე⚖️🇬🇪
1