ვარდობისთვე | ნესტან აბდუშელიშვილი

11
"KOLGA TBILISI PHOTO 2023" -ის ფარგლებში, თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე ხელოვან ნესტან აბდუშელიშვილის სოლო გამოფენას - "ვარდობისთვეს" მასპინძლობს. 
გამოფენა 13 მაისს დაიწყო და 20 ივნისამდე გასტანს.
ნესტან აბდუშელიშვილი გამოფენაზე "ვარდობისთვე" ზრუნვის კონცეპტს, მისი მრავალგანზომილებიანობის კვლევას წარმოგვიდგენს. ნამუშევრებში ზრუნვა არეკლილია ინდივიდუალური და კოლექტიური გამოვლინებებით. ფოტოებში ზრუნვის მთლიანი სპექტრია გამოკვლეული - უზრუნველობიდან გადამეტებულ ზრუნვამდე, ცხოველურიდან ადამიანურამდე, ზრუნვა როგორც, გარემოსთან, სხვასთან და საკუთარ თავთან ურთიერთობის ფორმა. ნამუშევრებში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა თანამედროვე სამყაროს ინდივიდუალური გაუცხოებისა და თანაგრძნობისგან დაცლილ, უტილიტარისტულ ქაოსში გულგრილობისა და ზრუნვის ფენომენს. ხელოვანი ეხება ზრუნვის ინსტინქტურ, დედობრივ ხასიათს და სხვაზე ზრუნვის მისტიურობას.
გამოფენა აერთიანებს პეიზაჟებს, პორტრეტებს, ნატურმორტებს, სტატიკურ და მოძრავ გამოსახულებებს, ყვავილებს და ადამიანებს, ამინდისა და გარემოსგან ტრანსფორმირებულ მიტოვებულ ქანდაკებებს. ნამუშევრების ეს ერთობლიობა ღიად აჩვენებს ხელოვანის ფიქრის დინებას.
ფოტოები: KOLGA TBILISI PHOTO
11