ვრცელდება ხმები, რომ ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა სხვა პლანეტაზე სიცოცხლე აღმოაჩინა

2
• Ars Technica იტყობინება, რომ მუდმივმა ჭორებმა იმის შესახებ, რომ ჯეიმს ვებმა (JWST) აღმოაჩინა პლანეტა სიცოცხლის აშკარა ნიშნებით, ახლახან მიაღწია ახალ მწვერვალს სამეცნიერო საზოგადოებაში.
მიუხედავად იმისა, რომ NASA-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა Ars-ს უთხრა, რომ ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი „საბოლოო მტკიცებულება“, მათ აღიარეს, რომ ჰორიზონტზე სიცოცხლის აღმოჩენის დიდი შესაძლებლობაა, რომლის კვლევასაც დასჭირდება წლები, რათა საბოლოოდ დადასტურდეს.
» „მოსალოდნელია, რომ JWST-ის დაკვირვებებმა შეიძლება მიგვიყვანოს პოტენციური ბიონიშნების იდენტიფიცირებამდე, რამაც შეიძლება საცხოვრებლად მეტ-ნაკლებად სავარაუდო გახადოს კონკრეტული ეგზოპლანეტა“, - განუცხადა Ars-ს კნიკოლ კოლონმა, ჯეიმს ვების პროექტის ეგზოპლანეტების მეცნიერთანამშრომლის მოადგილემ.
„საჭირო იქნება მომავალი მისიები ეგზოპლანეტის სიცოცხლისუნარიანობის საბოლოოდ დასადასტურებლად ან უარსაყოფად“.
• Ars ამბობს, რომ ეს გახლავთ პასუხი, რომელიც ფორმულირებულია ყოველგვარი გაურკვეველი ჭორების ჩასახშობად, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, მაინც ტოვებს კარს ღიას რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობისთვის.ჯეიმს ვების ირგვლივ ხმაური, ჯერ კიდევ გასულ წელს ეგზოპლანეტა K2-18 b-ზე პოტენციური ბიონიშნების აღმოჩენით დაიწყო.
ეჭვია, რომ აღნიშნული ეგზობურთი ოკეანური პლანეტაა, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 8.6-ჯერ მასიურია და დაახლოებით 120 სინათლის წელიწადითაა ჩვენგან დაშორებული.
Ars-ის ცნობით, აჟიოტაჟი კვლავ განახლდა მას შემდეგ, რაც ჟურნალ The Spectator-ის ბოლო სტატია გამოქვეყნდა სათაურით "ჩვენ ახლახან აღმოვაჩინეთ უცხოპლანეტელები?" - სტატიაში წარმოდგენილია ასტრონომიული საზოგადოების გავლენიანი ადამიანების შეხედულებები, მათ შორის ციტატა CNBC-ის ინტერვიუდან ბრიტანელ ასტრონავტ ტიმ პიკთან.
» ,,პოტენციურად, ჯეიმს ვების ტელესკოპმა შესაძლოა უკვე აღმოაჩინა უცხო სიცოცხლე“, - თქვა პიკმა The Spectator-თან.
„მათ უბრალოდ არ სურთ ამ შედეგების გამოქვეყნება ან დადასტურება მანამ, სანამ ბოლომდე არ იქნებიან დარწმუნებული ამაში, მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ პლანეტა, რომელიც, როგორც ჩანს, ასხივებს ბიოლოგიური სიცოცხლის ძლიერ სიგნალებს“, - დასძინა პიკმა.
• ეჭვგარეშეა, რომ მტკიცებულებები, ჯერჯერობით, იმედისმომცემია.
K2-18 b-ზე აღმოჩენილი ბიონიშანი გახლავთ მოლეკულა, რომელსაც ეწოდება დიმეთილ სულფიდი, სუნის მქონე ნივთიერება, რომელსაც დედამიწაზე მხოლოდ ცოცხალი ორგანიზმები აწარმოებენ.
ეს უზარმაზარი მინიშნებაა იმისა, რომ ამ ეგზოპლანეტას შესაძლოა ოკეანეები და წყალბადით მდიდარი ატმოსფერო ჰქონდეს.
კიდევ უფრო იმედისმომცემია ის ფაქტი, რომ ეგზოპლანეტა მდებარეობს მისი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონაში, ანუ "ოქროს" ზონაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ზედაპირი სიცოცხლისთვის არც ძალიან ცხელია და არც ძალიან ცივი, როგორც ჩვენ მოგვეხსენება.
მაგრამ, მტკიცებულებები, როგორც კოლონმა თქვა, არ არის საბოლოო. აღმოჩენის დასადასტურებლად საჭიროა დამატებითი დაკვირვებები, შესაძლოა სრულიად ახალი ინსტრუმენტების გამოყენებითაც კი.
უფრო მეტიც, შესაძლებელია, მივიღოთ ის სურათი, რომ დიმეთილ სულფიდის წარმოქმნა სიცოცხლის გარეშეცაა შესაძლებელი.
ცხადია, ნამდვილ მეცნიერებს არ სურთ აჩქარება და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთება, რადგან ეს საკითხი საკმაოდ სენსიტიურია კაცობრიობისთვის.
» „ვფიქრობ, რომ ძალიან, ძალიან მალე გვექნება ნაშრომი, რომელსაც ექნება ძლიერი მტკიცებულება ეგზოპლანეტაზე ბიონიშნების შესახებ“, - თქვა რებეკა სმეთურსტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა The Spectator-თან.
2