ივლისის ცხელი ღამეა. სავარძელში ჩაგეძინათ.
უცბად გეღვიძებათ და ვერ ხვდებით, რა ხდება.
ტელევიზორი ჩართულია, მაგრამ ხმა არ ისმის.
გონებას ძაბავთ და ცდილობთ, გაიგოთ, რას ხედავთ ეკრანზე.
მოჩვენების მსგავსი, ჩაფხუტიან სკაფანდრებში ჩაცმული ორი თეთრი ფიგურა კუპრივით შავი ცის ქვეშ ცეკვავს.
ისინი უცნაურ პატარა ნახტომებს აკეთებენ, რის შემდეგაც მტვრის ოდნავ შესამჩნევ ღრუბლებს შორის, საკმაოდ მაღლა იწევიან;
მაგრამ, რაღაც რიგზე ერარის.
მიწაზე ძალიან ნელა ეშვებიან. სკაფანდრების სიმძიმის მუხედავად, გეგონება, ლივლივებენო.
თვალებს იფშვნეტთ, მაგრამ სიზმრისმაგვარი სურათი არ ქრება.
იმ მოვლენებს შორის, რომლებიც 1969 წლის 20 ივლისს „აპოლო 11-ის" მთვარეზე დაშვებას უკავშირდება, არარეალურობის განცდა ჩემთვის ყველაზე მეტად დაუვიწყარია.
ნილ არმსტრონგი და ბაზ ოლდრინი მოუქნელად დახტოდნენ მთვარის ნაცრისფერ, მტვრიან ზედაპირზე;
მათ ზევით, ცაზე, დიდი განათებული დედამიწა ეკიდა, მაიკლ კოლინზი კი მთვარის დროებით თანამგზავრად ქცეულ ხომალდში მყოფი, ეულად დარაჯობდა ორბიტაზე თავის საგუშაგოს.
ეს მართლაც განსაცვიფრებელი ტექნოლოგიური მიღწევა და შეერთებული შტატების ტრიუმფი გახლდათ.
დიახ, ასტრონავტებმა სიკვდილის საფრთხე არად ჩააგდეს და მართლაც არნახული სიმამაცე გამოავლინეს.
დიახ, ეს ისტორიული ნაბიჯი იყო კაცობრიობისთვის, როგორც არმსტრონგმა გვითხრა მაშინ, როცა მთვარეზე ფეხი პირველად დადგა.
თუმცა, თუ ტრანსლაციისას ხმას გამორთავდით, მართვის ცენტრსა და სიმშვიდის ზღვას შორის მიმდინარე საოცრად რუტინულ, მონოტონურ საუბარს არ მოუსმენდით და მხოლოდ შავ-თეთრი ტელევიზორის ეკრანის ყურებით დაკმაყოფილდებოდით, გეგონებოდათ, რომ ადამიანმა ფეხი მითებისა და ლეგენდების სამყაროში შედგა.
მთვარეს ადამიანი თავისი არსებობის დასაბამიდან იცნობდა.
ის უკვე ცაში იყო, როცა ჩვენი წინაპრები ხეებიდან მიწაზე ჩამოვიდნენ, როცა გამართულად სიარული ისწავლეს, როცა ქვის პირველი იარაღები შექმნეს, როცა ცეცხლი „მოიშინაურეს“, როცა მიწათმოქმედებას შეუდგნენ, ქალაქები ააშენეს, დედამიწის დამორჩილება გადაწყვიტეს.
ფოლკლორსა და პოპულარულ სიმღერებში განდიდებულია იდუმალი კავშირი მთვარესა და სიყვარულს შორის.
ინგლისურ ენაში „თვეს“ (month) და კვირის მეორე დღეს (Monday) სახელები მთვარის პატივსაცემად ეწოდა.
მისი ავსება და მილევა - ნახევარმთვარე, სავსე მთვარე, ისევ ნახევარმთვარე, ახალი მთვარე - ყოველთვის სიკვდილისა და ხელახლა დაბადების ზეციურ განსხეულებად აღიქმებოდა.
მთვარეს უკავშირდება ქალების ოვულაციური ციკლიც და სიტყვა „მენსტრუაციაც“ (mensis – ლათ. „თვე“). მიიჩნეოდა, რომ მთვარის შუქზე ვინც დაიძინებდა, ჭკუიდან შეიშლებოდა. ეს დამოკიდებულება დღესაც შენარჩუნებულია სიტყვაში „მთვარეული".
ერთ-ერთ სპარსულ ზღაპარში სიბრძნით განთქმულ ვეზირს ეკითხებიან, რა უფრო სასარგებლოა, მზე თუ მთვარეო.
„მთვარე, – უპასუხებს ვეზირი, რადგან მზე დღისით ანათებს, როცა ისედაც სინათლეა.
ამ ყველაფერს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა, მით უმეტეს, მაშინ, როცა ადამიანები სიცოცხლის დიდ ნაწილს ბუნებაში ატარებდნენ;
თუმცა, მთვარე მათთვის მაინც უცნაურად მოუხელთებელი ფენომენი იყო.
მთვარე მიუღწევლის მეტაფორას წარმოადგენდა.
ამის დამადასტურებელი გამოთქმები ყველა ენაში არსებობს.
თითქმის მთელი ჩვენი ისტორიის განმავლობაში წარმოდგენა არ გვქონდა, რა იყო მთვარე.
სული? ღმერთი? საგანი?
ის დიდს, ჩვენგან ძალიან დაშორებულს სულაც არ ჰგავდა. მთვარე იყო პატარა და ახლომყოფი – ცაში ეკიდა, თეფშისხელა, ჩვენ თავზემოთ, ოდნავ მაღლა.
ანტიკური ხანის ბერძენი ფილოსოფოსები ბეჯითად განიხილავდნენ ვარაუდს, რომ მთვარე ზუსტად იმხელაა, რამხელაც ჩანს" (წრფივ და კუთხურ გაზომვებს შორის განსხვავების არცოდნის თვალსაჩინო დასტური).
მთვარეზე სიარულის ხსენებაც კი ამ ხალხს ალბათ შეშლილის ბოდვად მოეჩვენებოდა.
მათთვის ის უფრო ადვილი წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი ცაში კიბით ავიდეს ან, დიდ ფრინველზე ამხედრებული აფრინდეს, მთვარეს ხელი ჩაავლოს და დედამიწაზე ჩამოიტანოს.
ცხადია, ეს ვერავინ შეძლო, მაგრამ უამრავი ლეგენდა არსებობდა გმირების შესახებ, რომლებმაც ამის გაკეთება სცადეს.
მხოლოდ რამდენიმე საუკუნის წინ, საყოველთაოდ გავრცელდა იდეა მთვარის, როგორც ჩვენგან დაახლოებით 400 000 კილომეტრის მანძილზე მდებარე ადგილის შესახებ.
მთვარის ბუნების გაგებიდან მის ზედაპირზე სიარულსა თუ ხალისიან ნახტომებამდე არსებული გზა დროის სწორედ ამ მოკლე მონაკვეთში განვვლეთ.
ჩვენ გამოვითვალეთ სხეულების მოძრაობა კოსმოსში;
გამოვყავით თხევადი ჟანგბადი ჰაერიდან;
გამოვიგონეთ დიდი რაკეტები, ტელემეტრია, სანდო ელექტრონიკა, ინერციული ნავიგაცია და უამრავი სხვა რამ.
მერე კი ცაში გავცურეთ.
მე გამიმართლა, რომ „აპოლოს“ პროგრამის განხორციელებაში ვმონაწილეობდი.
თუმცა, სულაც არ ვადანაშაულებ მათ, ვინც ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი ჰოლივუდის ერთ-ერთ პავილიონში იყო გადაღებული.
გვიანდელ რომის იმპერიაში წარმართი ფილოსოფოსები თავს ესხმოდნენ ქრისტიანულ დოქტრინას ქრისტეს სხეულის ცად ამაღლებისა და ბიბლიით აღთქმული მკვდრეთით აღდგომის თაობაზე, იმ საბაბით, რომ სიმძიმის ძალა ყველა „მიწიერ სხეულს“ მიწისკენ იზიდავს.
ნეტარი ავგუსტინე პასუხობდა:
„თუ ადამიანს შეუძლია, გამოიგონოს და ააგოს გემი, რომელიც წყალზე ტივტივებს, თანაც, იმ ლითონისგან, რომელიც წყალში იძირება...
რამდენად უფრო დამაჯერებელია, ღმერთმა, ჩვენთვის დაფარული საშუალებებით, ისეთი პირობები შექმნას, რომ მიწიერი სხეული ცად ამაღლდეს“;
გაწყვიტოს ჯაჭვი, რომლითაც ის დედამიწაზეა მიბმული?
მაშინ ვერავინ იოცნებებდა, რომ ეს „დაფარული საშუალებები" ერთ დღეს ჩვენთვისაც ხელმისაწვდომი გახდებოდა.
ათას ხუთასი წლის შემდეგ, ცაში აფრენა ვისწავლეთ. 💙
— მკრთალი ლურჯი წერტილი, კარლ სეიგანი. ✨