თაობები დასაქმების სფეროში: მილენიალები VS Z თაობა

9
მილენიალებსა და Z თაობას შორის განსხვავება იმაზე მკვეთრია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. დიახ, მართალია, რომ ორივე თაობა სოციალური მედიის აქტიური მომხმარებელია, მეტიც, ამ თაობებისთვის ტექნოლოგიებთან სიახლოვე ერთ-ერთი დამახასიათებელი საერთო თვისებაა, თუმცა როცა საქმე დასაქმებასთან მიდგება, მათი პროფესიული დამოკიდებულებები და ხედვა შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს.   
Z თაობისთვის არსებობს 4 ძირითადი საკითხი, სამუშაო გარემოში პრიორიტეტულია:
სამუშაოს მნიშვნელობა/შინაარსი - ანაზღაურებაზე ყურადღების გამახვილების მაგივრად, Gen Z-ისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია საქმე, რასაც აკეთებს. ეს შეიძლება იყოს ქალთა უფლებებისთვის თუ კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. მათ სჯერათ, რომ რეალურ ცვლილებას ახორციელებენ იმ სფეროში, სადაც საქმიანობენ. “Lever”-ის კვლევის მიხედვით, Gen Z-ის 42%-ს ურჩევნია რომ იმუშაოს ისეთ გარემოში, სადაც დამსაქმებლის და მისი ღირებულებები ემთხვევა, ვიდრე მაღალი ხელფასი ჰქონდეს.
მოქნილი სამუშაო გარემო - Gen Z აფასებს კომპანიებს, რომლებიც პრიორიტეტს ანიჭებენ თავიანთი თანამშრომლების მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას. Gen Z-ის მხარდასაჭერად, დღითიდღე იცვლება და იხვეწება დამსაქმებლის მიდგომები. კომპანიებში ინერგება მენტალური ჯანმრთელობის დღეები, ოთხდღიანი სამუშაო კვირები და ჰიბრიდული თუ დისტანციური სამუშაო გრაფიკები.
თანამშრომლებს შორის დადებითი ურთიერთობა - Gen Z თვლის რომ გარემოში, სადაც დღის უმეტეს ნაწილს ატარებს და სხვადასხვა სახის პრობლემებს უმკლავდება, აუცილებელია რომ ისეთ ხალხთან ერთად იყოს, ვისთანაც საერთო ინტერესები გააჩნია და ერთნაირ ღირებულებებს იზიარებენ. ამისთვის საჭიროა დამსაქმებლის ჩართულობა და ხელშეწყობა. წარმატებულ მეთოდებად ითვლება თიმბილდინგი და სხვადასხვა სპორტული აქტივობა. არაფორმალურ გარემოში ჩამოყალიბებული ურთიერთობები საბოლოო ჯამში დადებითად აისახება თანამშრომლების სამუშაოს ხარისხზე.
სიახლის დანერგვა - ამ თაობისთვის მნიშვნელოვანია თითოეული ქმედება ინოვაციური იყოს და ემსახურებოდეს რეალურ გავლენას. მოძველებული მეთოდები და ერთ დავალებაზე დიდი ხნით შეყოვნება სწორედ ისაა, რაც მათ მოდუნებას იწვევს. თუ გვსურს, რომ Gen Z დავაინტერესოთ, უნდა მივცეთ საშუალება, რომ თავიანთი თავი მაქსიმალურად გამოამჟღავნონ და ნაკლებად დავტვირთოთ ისეთი საქმეებით, რაც რუტინული და მოსაბეზრებელია.
ხოლო რაც შეეხება მილენიალებს, მათთვის შემდეგი 4 საკითხია სამუშაო გარემოში პრიორიტეტული:
ანაზღაურება - მილენიალებისთვის ანაზღაურება ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირ შემთხვევაში შეიძლება სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობოს მათი გადაწყვეტილება, რადგან მათ სამსახურთან ერთად უწევთ სხვადასხვა საქმის შეთავსება. მილენიალები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ სამუშაო ადგილზე სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობების ქონასაც. ამ თაობის წარმომადგენლები ორგანიზაციის შიგნით აფასებენ ტრენინგებსა და მენტორების ყოლას, რაც საშუალებას აძლევთ მუდმივად განივითარონ ახალი უნარ-ჩვევები და დარჩნენ მიმზიდველები შრომის ბაზრისთვის.
სამუშაო გრაფიკი - მილენიალებისთვის სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსი უპირველესია, ამიტომ ამ თაობისთვის მოქნილი სამუშაო გრაფიკი უფრო მისაღებია. ისინი ყოველთვის აქცევენ ყურადღებას თუ დღეში რამდენი საათი ან კვირაში რამდენი დღე მოუწევთ მუშაობა და მხოლოდ ამის შემდეგ განსაზღვრავენ შეძლებენ თუ არა თავიანთ პირად ცხოვრებასთან ერთად სამსახურის შეთავსებას.
მრავალფროვანი სამუშაო გარემო & რუტინა - 2019 წელს ჩატარდა კვლევა მილენიალებთან, სადაც გამოკითხულთა თითქმის 80% დათანხმდა სამსახურს, სადაც საჭირო იქნებოდა დიდი ოდენობით მივლინებები. შესაძლოა ეს სურვილი უკავშირდებოდეს მილენიალების მახასიათებელს, ჰქონდეთ მრავალფეროვანი სამუშაო. მილენიალებს, რომლებიც საკმაოდ ახალბედები არიან მუშაობისთვის, ეძებენ სამსახურს, სადაც შეძლებენ ჩაეფლონ ბიზნესის ყველა ასპექტში, სწრაფად ისწავლონ და დადებითი გავლენა მოახდინონ ორგანიზაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გამოკითხვა ადასტურებს მილენიალების სწრაფვას სამუშაო გარემოს მრავალფეროვნებისკენ, აქვე ბევრი ფაქტი არსებობს მათი დადებითი გაწნყობების შესახებ რუტინასთან მიმართებით. მილენიალებისთვის რუტინული საქმიანობა არ წარმოადგენს წნეხს ან რაიმე სახის სტრესორს, პირიქით, ისინი ხშირ შემთხვევაში ასეთ საქმიანობას უპირატესობასაც კი ანიჭებენ.
ურთიერთობა მენეჯერებთან  - მილენიალებისთვის სამუშაო გარემოში უშუალო შეხება მენეჯერებთან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მენეჯერებთან მათი ურთიერთობა იმდენად გადამწყვეტია, რომ უმეტეს შემთხვევაში მილენიალების მოტივაციასა და საქმიანობის ხარისხს ზუსტად ეს განაპირობებს.
ვინაიდან, დასაქმების სფეროში ზუსტად ეს ორი თაობა წარმოაგენს მთავარ რგოლს, ეს ინფორმაცია დაგვეხმარება მათი ზოგადი დამახასიათებელი თვისებებისა და ხედვების განსაზღვრაში. განხილული ორი თაობიდან მსგავსებები და ბევრი განსხვავება იკვეთება, რაც თავისმხრივ განაპირობებს დასაქმების პროცესში მათ საერთო ან განსხვავებულ მიდგომებსა და დამოკიდებულებებს.
9