თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) საუბიელო გამოფენა გალერეა ვერნისაჟში

7
10 თებერვალს 17:00 საათზე, "გალერეა ვერნისაჟში" გაიხსნება თენგიზ მირზაშვილის (ჩუბჩიკა) გამოფენა, რომელიც მხატვრის 90 წლის იუბილეს ეძღვნება. 
ფერმწერი, გრაფიკოსი თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის სვანეთში. დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის თეატრალურ-დეკორაციული ფერწერის ფაკულტეტი (1958). ავტორია პატარა ზომის პეიზაჟებისა და ჟანრული სურათების, რომლებშიც ძირითადად ასახულია ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული კავშირი, აგრეთვე თბილისური ყოფა–ცხოვრება. მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა წიგნი–ალბომი"ფიროსმანი" (ტ. I – III). იყო ე. ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ–ერთი დამაარსებელი (1968). წარმატებით მუშაობდა წიგნის გრაფიკაში ("კაცია–ადამიანი?" 1974; ვაჟა–ფშაველას ქალიშვილის გულქან რაზიკაშვილის ნაამბობი "მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი", 1991) და სხვა.გააფორმა "თბილისის ხუროთმოძღვრული გზამკვლევი" (1958). მისი ნახატების გამოფენა მოეწყო გერმანიაში, კანადაში, ავსტრიაში, საფრანგეთში და სხვა. ნამუშევრები ინახება შ. ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის და დ. შევარდნაძის სახ. ეროვნული გალერეის, მოსკოვის ტრეტიაკოვის გალერეებსა და კერძო კოლექციებში. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
"თენგიზ მირზაშვილს, როგორც მხატვარს, აქვს საოცარი უნარი, დაგიხატოთ სიმყუდროვის სურნელი, ფერით გადმოგცეთ იდუმალი მდუმარება.
მისი მრგვალი ხეები არ შრიალებენ: მთებიც „დგანან და ელიან“. მის პეიზაჟებს თავიანთი სუნთქვა აქვთ, სულ სხვა ატმოსფერო, სხვა სინამდვილე. ისინი არავის ჰგვანან, მხოლოდ თავის თავს. მხოლოდ მირზაშვილის მთებსა აქვთ ასეთი ნაოჭები, ასეთი ნისლი, ასეთი სიგლუვე, მხოლოდ მისი გლეხები დგანან ასე, ანდა მიდიან ყოველთვის ზემოთ, მთაში..." - ვახუშტი კოტეტიშვილი. 
7