თომას დვორჟაკის წიგნის "Khidi – The Bridge" პრეზენტაცია

9
31 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში თომას დვორჟაკის წიგნის „Khidi – The Bridge“ პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნი 2004-2013 წლებში თომას დვორჟაკის ქართულ ჯართან ერთად ერაყსა და ავღანეთში ყოფნის გამოცდილებას ეფუძნება. დვორჟაკის 268 ფოტო ფილმის სცენართანაა შერწყმული, რომელიც ჰოლანდიელი რადიო პროდიუსერის იერუნ სტაუტისა და რეინეკე სმიტის მიერ დაწერილ მის მოგონებებსა და ისტორიების საფუძველზე შეიქმნა.
წიგნი ფოტოგრაფიას, კინოს, მხატვრულობასა და დოკუმენტურობას აერთიანებს. ფოტოები თომას დვორჟაკს, ტექსტი კი იერუნ სტაუტსა და ინეკე სმიტს ეკუთვნის.
წიგნში ვკითხულობთ:
"ერთი შეხედვით, ჯარისკაცები, ტანკები და უდაბნოები ერთმანეთს ჰგავს; ერთნაირ სამხედრო ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები, ანონიმურ სამხედრო ბაზებზე, გაპარტახებული და ომგადავლილი პეიზაჟების ფონზე. მხოლოდ პიროვნულ ისტორიები, თავგადასავლები, აბსურდულობა და ადამიანური ემოციების კონტექსტი აცოცხლებს მათ და ხდის განსაკუთრებულს. ვიდრე ფოტოების დიდ არქივს გვაჩვენებდა, ჩვენს მეგობარს, თომას დვორჟაკს, ერაყსა და ავღანეთში ქართულ ჯართან ყოფნის შესახებ არაერთი ისტორია და მოგონება ჰქონდა ჩვენთვის გაზიარებული. როდესაც ფოტოები ვნახეთ, ისტორიებმა მეტი სიცხადე შეიძინა. ამ ამბის გადმოსაცემად ყველაზე შესაფერისი ხერხის ძიებისას შევქმენით კაპიტანი დათო შერვაშიძის პერსონაჟი და მისი ჯარისკაცები. ისინი ახლო აღმოსავლეთის უსახელო უდაბნოში სტრატეგიული მდებარეობის ხიდს იცავენ ანონიმური მეამბოხეებისგან. თომასის გამოცდილებასა და მონათხრობზე დაყრდნობით, დათოს ისტორიას წიგნის ტექსტის ფორმა მივეცით. ეს ფილმის სცენარია, რომელიც რეალურ ფილმად არასდროს გადაიქცევა. წიგნზე მუშაობას ვასრულებდით, როდესაც ავღანეთში მთავრობა დაეცა და “თალიბანმა“ ქვეყნის მართვაზე აიღო კონტროლი. ავღანეთიდან უკანასკნელი უცხოური ჯარების გაყვანა ამ საერთაშორისო მისიებს ჩრდილს აყენებს. და მაშინ, როდესაც დასავლელი მოკავშირეები ფულითა და ძვირადღირებული სამხედრო აღჭურვილობით მონაწილეობენ პროცესებში, ქვეყნებს, რომლებსაც სათანადო ფინანსური შესაძლებლობები არ გააჩნიათ, ქვემეხების საკვებად მხოლოდ ადამიანების შეთავაზება შეუძლიათ." იერუნ სტაუტი და ინეკე სმიტი, გარიყულა, საქართველო, 2021 წლის აგვისტო.
თომას დვორჟაკი 2004 წლიდან მაგნუმის წევრია. 2017- 2020 წლებში ის მაგნუმის პრეზიდენტის პოზიციას იკავებდა. მახვილი თვალითა და ხედვის სიღრმით, თომას დვორჟაკმა 1990-იანი წლებიდან მოყოლებული მე-20 საუკუნის ბევრი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გადაიღო. დვორჟაკმა 16 წლის ასაკში დაიწყო ჩრდილოეთ ირლანდიაში, ისრაელ პალესტინაში და დაშლილ იუგოსლავიაში მოგზაურობა კონფლიქტების გადასაღებად. მას შემდეგ მან გადაიღო 11 სექტემბრის შემდგომ მიმდინარე ომები ავღანეთსა და ერაყში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში - საქართველოში, ყირგიზეთსა და უკრაინაში მიმდინარე რევოლუციები.
1990-იან წლებში, თომას დვორჟაკი საქართველოში ცხოვრობდა და კავკასიის ხალხს, მათ კულტურასა და კონფლიქტებს იკვლევდა, რის საფუძველზეც 2010 წელს წიგნი "Kavkaz" გამოსცა.
წიგნის პრეზენტაციისას გაიმართება შეხვედრა თომას დვორჟაკსა და ინეკე სმიტთან, რომელსაც მოდერაციას ჟურნალისტი გიორგი ლომსაძე გაუწევს.
მისამართი: თბილისის ფოტოგრაფიის & მულტიმედიის მუზეუმი, მ. კოსტავას ქ. 14, სასტუმრო "სტამბა", დ ბლოკი, მეორე სართული.
დასწრება თავისუფალია.
9