"ნიკალა" "დიორამა ფროდაქშენის" პირველი ნამუშევარია, რომლის პრეზენტაცია 31 ოქტომბერს 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში ჩატარდება.
თოჯინური ანიმაცია "ნიკალა" ფიროსმანის ცხოვრებასა და შემოქმედებას განსხვავებულ ჭრილში ასახავს. ეს არის ისტორიის განსხვავებული ხედვა, რომელშიც მოქმედი პირები თოჯინები არიან. დიორამა კი არის სცენის მცირე ზომის მაკეტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი სახის გარემო შევქმნათ. ამ შემთხვევაში კი მოქმედება მთლიანად მორგებულია XIX-XX საუკუნის თბილისის ესთეტიკასა და სიტუაციას. თოჯინური ანიმაცია კი მხოლოდ გამოსახულებით, მუსიკითა და გარემოს ხმებით შეგვაგრძნობინებს ამ დიდი ხელოვანის შემოქმედებასა და იმ ცხოვრებისეულ გზას, რომელიც მან საკმაოდ რთულად გაიარა.
თოჯინური ანიმაციის "ნიკალას" გადასაღებად შეიქმნა 10-ზე მეტი დიორამა და 8 თოჯინა. ანიმაციის ქრონომეტრაჟი შეადგენს 5 წუთს. ეს არის სთოფ მოუშენის პრინციპით გადაღებული პროდუქტი, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა ძველი ქართული ანიმაციების შესაქმნელად. ეს ტექნიკა საშუალებას გვაძლევს, ხელშესახები გავხადოთ თითოეული დეტალი და განსხვავებულად წარმოვაჩინოთ ამბავი.