იაპონური კომპანია 2050 წლისთვის კოსმოსური კოშკის აშენებას გეგმავს

5
წარმოიდგინეთ, გრძელი ჯაჭვი, რომელიც აკავშირებს დედამიწას კოსმოსთან და შეუძლია გაგვიყვანოს, როგორც ორბიტაზე, ასევე მცირე დროში სხვა ციურ სხეულებზე.
სწორედ ეს არის კოსმოსური ლიფტის ძირითადი იდეა 🤔
✦ მეცნიერთა ვარაუდით, მარსზე მისასვლელად საჭირო ექვსიდან რვა თვის ნაცვლად, კოსმოსური ლიფტი სამიდან ოთხ თვეში ან თუნდაც 40 დღეში მიგვიყვანს წითელ პლანეტაზე.
კოსმოსური ლიფტების შექმნის იდეა არც ახალია და, რა თქმა უნდა, არც მარტივი, რადგან ტექნოლოგიური გამოწვევების გარდა, სხვა საზრუნავიც გვაქვს.
თუმცა, იაპონური კომპანია Obayashi Corporation-ი მტკიცედ აცხადებს, რომ მას საჭირო გამოცდილება აქვს მსგავსი კონსტრუქციის ასაშენებლად.
Obayashi Corporation-მა, რომელიც ცნობილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი კოშკის, Tokyo Skytree-ს აშენებით, 2012 წელს გამოაცხადა, რომ კოსმოსური ლიფტის აშენებით კიდევ უფრო დიდ სიმაღლეებს მიაღწევს.
იმავე წლის ანგარიშში კომპანიამ განაცხადა, რომ 2025 წლისთვის დაიწყებდა 100 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტს, ხოლო 2050 წელს შეიყვანდა ექსპლუატაციაში.
იოჯი იშიკავაზე (2012 წლის ანგარიშის ავტორი და კომპანიის წარმომადგენელი მომავლის ტექნოლოგიების დეპარტამენტიდან) დაყრდნობით, "ბიზნეს ინსაიდერი" ამბობს, რომ კომპანია სავარაუდოდ ვერ დაიწყებს მშენებლობას 2025 წელს, მაგრამ მუშაობს პროექტის უხეშ დიზაინზე, პარტნიორების მოზიდვაზე და ა.შ.

• იაფი გზა კოსმოსში გასასვლელად

ადამიანებისა და ობიექტების კოსმოსში რაკეტებით გაშვება ძალიან ძვირია.
მაგალითად, NASA-მ თქვა, რომ "არტემისის" 4 მისიიდან თითოეულის გაშვება 4.1 მილიარდი დოლარი დაჯდება.
შორს რომ არ წავიდეთ და მოკლედ გითხრათ, მიზეზი რაკეტების საწვავია.
ხოლო, კოსმოსური ლიფტის შემთხვევაში, არ დაგვჭირდება რაკეტები და არც საწვავი.
იშიკავამ მოხსენებაში დაწერა, რომ იმ ტიპის კოსმოსურმა ლიფტმა, რომელიც კოსმოსში ტვირთის გადაზიდვას ელექტრომაგნიტური მანქანების გამოყენებით გულისხმობს, შეიძლება შეამციროს 453.59 გრამი (1 ფუნტი) ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება 57 დოლარამდე.
შედარებისთვის, SpaceX-ის Falcon 9-ს იგივე წონის ტვირთი დაახლოებით 1227 დოლარად გააქვს კოსმოსში და არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი რაკეტა გასაშვებად.
კოსმოსური ლიფტი უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საკმაოდ მომგებიანია, რადგან არ იარსებებს რაკეტების აფეთქების საშიშროება და ასევე მივიღებთ ნულოვან გამონაბოლქვს.
იშიკავამ თქვა, რომ კომპანია კოსმოსურ ლიფტს ხედავს, როგორც ახალი ტიპის საჯარო სამუშაოების პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს მთელ კაცობრიობას.

• დედამიწაზე არ გვაქვს საკმარისი ლითონი ამ კონსტრუქციის ასაშენებლად

ამჟამად, კოსმოსური ლიფტის აშენების ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება არის ის, თუ რისგან უნდა დამზადდეს ჯაჭვი ან მილი, რომელზეც/რომელშიც მანქანები იმოძრავებენ და გაუძლებს იმ უზარმაზარ ზეწოლას, რომლის ქვეშაც მოუწევს ყოფნა.
იშიკავას მოხსენებაში ნათქვამია, რომ კომპანიამ შესაძლოა გამოიყენოს ნახშირბადის ნანომილები.
ნანომილი გახლავთ გრაფიტის დახვეული ფენა და მასალა, რომელიც გამოიყენება ფანქრებში.
იგი გაცილებით მსუბუქია და ნაკლებად სავარაუდოა, ფოლადთან შედარებით, სტრესის ქვეშ დაზიანდეს, ამიტომ კოსმოსური ლიფტი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მცირე ზომის.
მიუხედავად იმისა, რომ ნანომილები ძალიან მყარია, ისინი ასევე მცირე ზომის გახლავთ.
ყველაზე გრძელი ნანომილი მხოლოდ 60.96 სანტიმეტრია.
იშიკავას თანახმად, იმისთვის, რომ სათანადოდ დაბალანსდეს გეოსინქრონულ ორბიტასთან, სადაც ობიექტები დედამიწის ბრუნვასთან სინქრონში არიან, ჯაჭვი უნდა იყოს მინიმუმ 35 405 კმ სიგრძის.
იშიკავამ ასევე თქვა, რომ მკვლევრებს შეიძლება დასჭირდეთ სრულიად ახალი მასალის შემუშავება.

• დამატებითი პრობლემები

ახალი მასალა რომც შემუშავდეს, ან უკვე არსებულისგან აშენდეს, ჯაჭვი დაზიანებისკენ მუდამ იქნება მიდრეკილი და დამატებით გამოწვევებს მაინც ვერ გავექცევით.
გასათვალისწინებელია დედამიწის ამინდის პირობებიც:
ტორნადოები, სეზონური ქარები, ქარიშხლები და ელვა, რომლის დარტყმამაც ჯაჭვი შეიძლება ააორთქლოს.
ლიფტის ბაზის ეკვატორზე განთავსებამ შეიძლება ქარიშხლების პრობლემა მოგვაცილოს და ასევე უნდა იყოს განთავსებული ოკეანეში, რათა ტერორისტებისგან მაქსიმალურად იყოს დაცული.
» ,,ეს გამოწვევების ზედაპირია და მათ მხოლოდ ერთი კომპანია ვერ გაუმკლავდება. ჩვენ გვჭირდება პარტნიორობა", - თქვა ქრისტიან ჯონსონმა, რომელმაც კოსმოსურ ლიფტზე მოხსენება გასულ წელს (2023) გამოაქვეყნა.
» ,,რა თქმა უნდა, ფინანსების მოზიდვა მნიშვნელოვანია", - დასძინა იოჯი იშიკავამ.
,,ეს არ არის ჩვენი მიზანი და დაპირება (2025 წლისთვის მშენებლობის დასრულება)." - დაამატა იოჯიმ.
ანუ, 2050 წელი სავარაუდო თარიღია.
იშიკავას თქმით, მშენებლობისთვის 25 წელი იქნება საჭირო და დაწყებამდე ბევრი დაბრკოლება უნდა გადაილახოს.
» ,,ვფიქრობ, ეს შეფასებები ოპტიმისტურია,” - თქვა ჯონსონმა,
,,თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ხვალ ტექნოლოგიური გარღვევა გვექნება”.
მომზადებულია Sciencealert-ზე დაყრდნობით.
5