იმ ვარსკვლავს ხედავ?

2
- იმ ვარსკვლავს ხედავ?
- რომელს, კაშკაშა წითელს გულისხმობ? - კითხვითვე პასუხობს ენ დრუიანს თავისი ქალიშვილი.
- ჰო. იცი, შეიძლება, ის იქ აღარც იყოს.
შესაძლოა, ახლა უკვე აღარც არსებობდეს, აფეთქების ან რაიმე სხვა მიზეზის გამო.
მისი სინათლე კი ჯერ კიდევ კოსმოსში მოგზაურობს და ეს-ესაა, ჩვენამდე მოაღწია.
თუმცა, მას ისეთს კი არ ვხედავთ, როგორიც არის, არამედ ისეთს, როგორიც იყო.
ამ მარტივ ჭეშმარიტებასთან ზიარებისას, ბევრ ადამიანს განუცდია გაოცების ამაღელვებელი გრძნობა.
მაინც რა არის ასეთი საკვირველი?
ჩვენს პატარა პლანეტაზე სინათლე მყისიერად ვრცელდება.
თუ ნათურა ანათებს, ის, რა თქმა უნდა, ფიზიკურადაც, სწორედ იქ არის, სადაც ვხედავთ.
ხელს გავიწვდენთ და შევეხებით: ნათურა ნამდვილად თავის ადგილზეა და თითებსაც დაგვწვავს.
თუ ვარვარას ძაფი დაზიანდა, ის ჩაქრება.
თუ დაზიანებულ ნათურას მოვხსნით, იმავე ადგილას ვერც მას და ვერც ნათებას ვეღარ დავინახავთ – ვერც ახლა და ვერც ბევრი წლის მერე.
ის აზრი, რომ შეგვიძლია, ნათურა მოხსნიდან რამდენიმე წლის შემდეგ დავინახოთ, აშკარა სისულელედ გვეჩვენება.
თუმცა, თუ რომელიმე მზისგან საკმაოდ შორს ვიმყოფებით, ის, შეიძლება, მთლიანად ჩაქრეს, ჩვენ კი კაშკაშა ნათებას ჯერ ისევ ვხედავდეთ.
მზის სიკვდილის შესახებ მხოლოდ მრავალი წლის შემდეგღა შევიტყობთ - იმ დროის გასვლის მერე, რამდენიც საჭიროა, რათა დიდი, მაგრამ არა უსასრულო სიჩქარით მოძრავმა სინათლემ კოსმოსის უზარმაზარი სივრცე გადმოკვეთოს და ჩვენამდე მოაღწიოს.
ვარსკვლავებსა და გალაქტიკებს შორის არსებული წარმოუდგენლად დიდი მანძილების გამო, ჩვენ მათ წარსულს ვუყურებთ, ზოგიერთს კი ვხედავთ ისეთს, როგორიც ის დედამიწის გაჩენამდე იყო.
ტელესკოპები დროის მანქანებია.
დიდი ხნის წინ, როცა ახალგაზრდა გალაქტიკამ მის ირგვლივ გაშლილ სიბნელეში სინათლის გამოსხივება დაიწყო, ვერც ერთი თვითმხილველი ვერ იტყოდა, რომ მილიარდობით წლის შემდეგ, ქვისა და ლითონის ნატეხები, ყინული და ორგანული მოლეკულები ერთმანეთს შეერწყმებოდა და შეიქმნებოდა ის, რასაც დედამიწას ვუწოდებთ;
ვერც ვერავინ იწინასწარმეტყველებდა, რომ აქ სიცოცხლე გაჩნდებოდა; განვითარდებოდნენ მოაზროვნე არსებები, რომლებიც ერთ დღესაც ამ გალაქტიკისეული სინათლის მცირე ნაწილს „დაატყვევებდნენ" და შეეცდებოდნენ, დაედგინათ, რა ძალამ გამოგზავნა ის მათი პლანეტისკენ.
მერე კი დედამიწა მოკვდება.
დღეიდან დაახლოებით 5 მილიარდი წლის შემდეგ, როცა ჩვენს პლანეტას მზე დაწვავს ან სულაც მთლიანად შთანთქავს, გაჩნდება სხვა პლანეტები და ვარსკვლავები, და იქ არაფერი ეცოდინებათ იმ ადგილის შესახებ, რომელსაც დედამიწა ჰქვია.
— მკრთალი ლურჯი წერტილი, კარლ სეიგანი.
ℹ️ ენ დრუიანი ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი, სამეცნიერო თემებზე მრავალი წიგნისა და ფილმის ავტორი და თანაავტორია. კარლ სეიგანის მეუღლე.
2