იუპიტერისა და სატურნის ბუნებრივი თანამგზავრების ტერაფორმირება

4
შეიძლება თუ არა ჩვენი ნდობა სხვა პლანეტებზე ზემოქმედების საქმეში, მაშინ როცა დედამიწაზე ასეთი ქაოსი დავამყარეთ? 🤔
✦ იუპიტერის მსგავსი პლანეტების თანამგზავრთა ტერაფორმირება სხვადასხვა ხარისხის სირთულეების დაძლევას გულისხმობს.
ყველაზე ადვილი შესაცვლელი ალბათ ტიტანია.
მას უკვე აქვს ატმოსფერო, რომელიც დედამიწის ატმოსფეროს მსგავსად, ძირითადად N2-ისგან შედგება, წნევა კი ჩვენი პლანეტის ატმოსფერული წნევის მაჩვენებელთან უფრო მიახლოებულია, ვიდრე ვენერასა და მარსზე.
მეტიც, მნიშვნელოვანი სათბურის აირები, მაგალითად, NH3 და H2O, სავარაუდოდ ტიტანის ზედაპირზე ყინულის სახით დალექილია.
ისეთი საწყისი სათბურის აირების შექმნა, რომლებიც ტიტანის ამჟამინდელ ტემპერატურაზე არ გაიყინება, და ამავე დროს, ბირთვული სინთეზით ზედაპირის გათბობა, შესაძლოა, ის პირველი ნაბიჯები აღმოჩნდეს, რომლებიც ერთ დღეს ტიტანის ტერაფორმირებამდე მიგვიყვანს.
თუ სხვა ციური სხეულების ტერაფორმირებისთვის დამაჯერებელი მიზეზი იარსებებს, ამ უდიდესი საინჟინრო პროექტების ხორცშესხმა, შეიძლება, ხელმისაწვდომიც გახდეს იმ ვადებში, რომლებიც წინა სტატიებში აღინიშნა.
ეს მიზანი რეალურია, როცა საქმე ასტეროიდებზე, მარსზე, ტიტანსა და გარე პლანეტების სხვა მთვარეებზე მიდგება, მაგრამ ალბათ განუხორციელებელია ვენერაზე.
ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა პლანეტებისა და კოსმოსური ობიექტების გარემოთა მასშტაბური გარდაქმნა მხოლოდ მაშინ შეიძლება კომპეტენტურად და გონივრულად განხორციელდეს, როცა ობიექტებს დღევანდელზე უკეთ გავიცნობთ და იქაური პირობების თავისებურებებსაც უკეთ შევისწავლით.
ტერაფორმირების „ადვოკატები“ ჯერ სხვა სამყაროების ხანგრძლივი და გულმოდგინე მეცნიერული კვლევის იდეის „უფლებადამცველები“ უნდა გახდნენ.
შესაძლოა, როდესაც ტერაფორმირების სირთულეებს კარგად გავაცნობიერებთ, ხარჯები ან გარემოსადმი მიყენებული ზარალი მეტისმეტად დიდი მოგვეჩვენოს და მხოლოდ გუმბათიანი თუ მიწისქვეშა ქალაქების ან სხვა ადგილობრივი, დახურული ეკოლოგიური სისტემების მშენებლობით დავკმაყოფილდეთ – ვგულისხმობ „ბიოსფერო 2-ის" გაუმჯობესებულ ვერსიებს, ოღონდ სხვა პლანეტებზე.
ეგებ, დედამიწის მსგავს ადგილებად ციური სხეულების გადაკეთების ოცნებაზე სულაც უარი ვთქვათ?
ან, იქნებ, არსებობს ტერაფორმირების უფრო მოქნილი, ეკონომიური და გარემოსთვის უსაფრთხო გზებიც, რომელთა შესახებაც ჯერ წარმოდგენაც კი არ გაგვაჩნია.
თუმცა, თუკი ამ საქმეს ნამდვილად ხელს მოვკიდებთ, მაშინ ჯერ გარკვეულ კითხვებს უნდა ვუპასუხოთ.
თუ ყველა სახის ტერაფორმირება ხარჯებისა და სარგებლის წონასწორობას გულისხმობს, რამდენად შეგვიძლია, დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი მეცნიერული ინფორმაცია არ განადგურდება?
რამდენად კარგად უნდა ვიცნობდეთ ამა თუ იმ პლანეტას, სანამ შესაბამისი სფეროს ინჟინრებს სასურველი მიზნისკენ მიმართული მოქმედების დაწყებას მივანდობთ?
რა გარანტია არსებობს საიმისოდ, რომ ადამიანი კვლავაც უწყვეტად გააგრძელებს მიღებული ახალი გარემო პირობების შენარჩუნებასა და განახლებას, მაშინ როცა ჩვენი პოლიტიკური ინსტიტუტები ასეთი ხანმოკლე სიცოცხლისუნარიანობით ხასიათდება?
თუ პლანეტაზე, სავარაუდოდ, სიცოცხლე თუნდაც მხოლოდ მიკროორგანიზმების სახით არსებობს, გვაქვს კი ადამიანებს მისი შეცვლის უფლება?
რამდენად დიდია ჩვენი პასუხისმგებლობა, მზის სისტემის პლანეტები და სხვა ციური სხეულები დღევანდელ მდგომარეობაში შევინარჩუნოთ მომავალი თაობებისთვის, რომლებიც, შესაძლოა, ისეთ მეთოდებს გამოიყენებენ, რომელთა წარმოდგენაც კი, არასაკმარისი ცოდნის გამო, გვიჭირს?
ყველა ეს კითხვა, შეგვიძლია, გავაერთიანოთ და ერთ საბოლოო შეკითხვად ჩამოვაყალიბოთ:
შეიძლება თუ არა ჩვენი ნდობა სხვა პლანეტებზე ზემოქმედების საქმეში, მაშინ როცა დედამიწაზე ასეთი ქაოსი დავამყარეთ?
შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ მეთოდების ნაწილს, რომლებითაც სხვა პლანეტების ტერაფორმირებას ვაპირებთ, იმ ზიანის გამოსასწორებლად გამოვიყენებთ, რომელიც დედამიწას მივაყენეთ.
პლანეტების ტერაფორმირებისთვის კაცობრიობის მზადყოფნის უმთავრესი ნიშანი საკუთარი პლანეტის მოწესრიგების დასრულება იქნება.
ასეთი შედეგი, შეგვიძლია, ჩვენი გონიერებისა და პასუხისმგებლობის სიღრმისეულ გამოვლინებად მივიჩნიოთ.
მზის სისტემის გარდაქმნისკენ პირველი ნაბიჯი დედამიწაზე სასიცოცხლო პირობების შენარჩუნების უზრუნველყოფაა.
ამის შემდეგ მზად ვიქნებით „გავფართოვდეთ“ და ასტეროიდებზე, კომეტებზე, მარსზე, გარე მზის სისტემის მთვარეებზე და უფრო შორსაც კი დავსახლდეთ.
XXII საუკუნისთვის ამ პროცესის დაწყების შესახებ ჯეკ უილიამსონისეული წინასწარმეტყველება, შეიძლება, სიმართლისგან არცთუ ისე შორს იყოს.
იმის წარმოდგენა, რომ ჩვენი შთამომავლები სხვა პლანეტებზე იცხოვრებენ და იშრომებენ, ზოგ ციურ სხეულს კი თავიანთი სურვილისამებრ გადააადგილებენ კიდეც, ყველაზე ექსტრავაგანტური სამეცნიერო-ფანტასტიკური წიგნის კითხვას ჰგავს.
„იყავი რეალისტი", – მეუბნება შინაგანი ხმა...
მაგრამ, ეს ყველაფერი ხომ რეალისტურია.
დღეს ტექნოლოგიური განვითარების მწვერვალზე ვიმყოფებით – სადღაც, შეუძლებელსა და ჩვეულებრივს შორის.
ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ ჩვენში შინაგანი კონფლიქტი ღვივდება.
ერთი საუკუნის შემდეგ, თუ მანამდე საკუთარ თავს რაიმე საშინელება არ დავმართეთ, ტერაფორმირება იმაზე შეუძლებლად არ მოგვეჩვენება, როგორადაც დღეს გვესახება კოსმოსური სადგურის აგება, რომელსაც მუდმივი ეკიპაჟი ეყოლება.
ჩემი აზრით, სხვა პლანეტებზე ცხოვრების გამოცდილებამ ადამიანი უნდა გარდაქმნას.
ჩვენი შთამომავლები, რომლებიც სხვაგან დაიბადებიან და გაიზრდებიან, ბუნებრივია, თავიანთი მშობლიური ადგილის ერთგულნი იქნებიან, დედამიწისადმი სიყვარული როგორც უნდა შეინარჩუნონ.
მათი ფიზიკური მოთხოვნილებები, ამ საჭიროებათა დაკმაყოფილების მეთოდები, იქაური ტექნოლოგიები და საზოგადოებრივი სტრუქტურები აუცილებლად ჩვენგან განსხვავებული იქნება.
დედამიწაზე ბალახის ღეროს არსებობა ჩვეულებრივი რამაა. მარსზე ეს სასწაულს გაუტოლდება.
იქ მცხოვრებ ჩვენს შთამომავლებს მცენარეების ყადრი უკეთ ეცოდინებათ.
ჰოდა, თუ ბალახი ასეთი ფასეულია, მაშინ ადამიანის ღირებულება როგორიღა იქნება?
ამერიკელი რევოლუციონერი ტომ პეინი თავის თანამემამულეებს ასე ახასიათებდა:
» „სურვილები, რომლებიც აუცილებლად თან სდევს ველური მიწების დამუშავებას, ისეთ საზოგადოებრივ მდგომარეობას აყალიბებს, როგორსაც ვერ აფასებენ იმ ქვეყნებში, მთავრობათა მუდმივი დავებითა და ინტრიგებით რომ იხლიჩება.
ამგვარ ვითარებაში ადამიანი ხდება ის, ვინც უნდა იყოს. მისთვის ყველა ადამიანი... ნათესავია."
როდესაც ჩვენი შთამომავლები ხრიოკი და უკაცრიელი პლანეტებისა თუ მთვარეების გარდაქმნას საკუთარი თვალით იხილავენ, ისინი სიცოცხლეზე ზრუნვას ბუნებრივად დაიწყებენ.
დედამიწაზე ჩვენი სახეობის ქცევის შესახებ არსებული ცოდნით შეიარაღებულნი, ამ გამოცდილებას სხვა პლანეტებზე გამოიყენებენ, რათა შემდგომ თაობებს თავიდან აარიდონ ის ტანჯვა, რომლის გადატანაც მათ ნინაპრებს უწევდათ;
რათა ჩვენი წარსულისა და შეცდომების გათვალისწინებით, კოსმოსშიც განაგრძონ ის, რაც არასდროს დასრულდება - ადამიანის ევოლუცია.
📘 მკრთალი ლურჯი წერტილი, კარლ სეიგანი.
4