კაპიტნის ჩანაწერები ,,ვოიაჯერის’’ ჟურნალში, კოსმოსურ აპარატს ეკიპაჟი რომ ჰყოლოდა

4
„ვოიაჯერს" რომ ეკიპაჟი პყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა.
აი, დაახლოებით რა ამბებს მოგვითხრობდნენ „ვოიაჯერ 1“ და „ვოიაჯერ 2“:
• დღე 1-ლი.
უსაფრთხოების ზომებსა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ. ✨
• დღე მე-2.
ვერ გავშალეთ საყრდენი, რომელიც სამეცნიერო კვლევის პლატფორმას იკავებს.
თუ პრობლემა ვერ გადავჭერით, ჩვენი ფოტოებისა და სხვა მონაცემების უმეტესობას დავკარგავთ.
• დღე მე-13.
უკან მოვიხედეთ, დედამიწასა და მთვარეს პირველი ერთობლივი სურათი გადავუღეთ. ულამაზესი წყვილია.🤩
• დღე 150-ე.
ძრავა გეგმის შესაბამისად ჩაირთო და შუალედური კურსის კორექციაც განხორციელდა.
• დღე 170-ე.
რუტინული შიდა სამუშაოები.
რამდენიმე თვე საინტერესო მოვლენების გარეშე. 😴
• დღე 185-ე.
კალიბრაციის მიზნით, წარმატებით გადავიღეთ იუპიტერის ფოტოები.😎
• დღე 207-ე.
პლატფორმის საყრდენი შევაკეთეთ, სამაგიეროდ, არ მუშაობს მთავარი რადიოგადამცემი.
იძულებულები ვართ, სარეზერვო გადამცემი გამოვიყენოთ.
ისიც თუ ვერ ჩავრთეთ, დედამიწა ჩვენ შესახებ ვერასდროს ვეღარაფერს შეიტყობს. 😞
• დღე 215-ე.
მარსის ორბიტა გადავკვეთეთ.
თავად პლანეტა მზის მეორე მხარესაა. 🙌
• დღე 295-ე.
ასტეროიდების სარტყელში შევედით.
აქ ბევრი დიდი ლოდია – კოსმოსის სანაპიროს კენჭები და რიფები, რომელთა უმეტესობა აღურიცხავია.
მათზე სათვალთვალოდ მორიგეობა დავაწესეთ.
იმედი გვაქვს, შეჯახებას თავიდან ავიცილებთ.😨
• დღე 475-ე.
ასტეროიდების მთავარ სარტყელს თავი დავაღწიეთ. ბედნიერები ვართ, რომ გადავრჩით.😌
• დღე 570-ე.
იუპიტერი ცაზე თანდათან უფრო გარკვევით მოჩანს.
მის ზედაპირზე იმაზე პატარა დეტალებს ვხედავთ, როგორების შემჩნევაც დედამიწის ყველაზე დიდი ტელესკოპებიდან შეიძლება. 🔭
• დღე 615-ე.
იუპიტერის ამინდის კოლოსალური სისტემებისა და ცვალებადი ღრუბლების ყურებამ მოგვაჯადოვა. 😲
პლანეტა უზარმაზარია. 🤐
ის ორჯერ, და უფრო მეტადაც, მასიურია, ვიდრე ყველა სხვა პლანეტა ერთად აღებული.
აქ არ არის მთები, ხეობები, ვულკანები, მდინარეები;
არ არსებობს საზღვარი ხმელეთსა და ჰაერს შორის;
აქ მხოლოდ მკვრივი გაზის გიგანტური ოკეანე და მოლივლივე ღრუბლებია;
ესაა პლანეტა ზედაპირის გარეშე.
ყველაფერი, რასაც იუპიტერზე ვხედავთ, ცაში მოძრაობს.
• დღე 630-ე.
ამინდი იუპიტერზე კვლავ გვაოცებს.
ეს უმძიმესი პლანეტა თავისი ღერძის გარშემო ერთ ბრუნს 10 საათზე ნაკლებს ანდომებს.
ასეთი სწრაფი ბრუნვა, მზის სინათლე, პლანეტის სიღრმეებიდან ამოსული ცხელი აირები ატმოსფეროს მოძრაობას იწვევს.
• დღე 640-ე.
ღრუბლები ულამაზეს, მომნუსხველ ნახატებს ქმნის, ისინი ზოგჯერ ვან გოგის „ვარსკვლავიან ღამეს“ გვაგონებს, ზოგჯერ კი უილიამ ბლეიკისა თუ ედუარდ მუნკის ნამუშევრებს.
არც ერთ მხატვარს დაუხატავს ასეთი რამ, რადგან ჩვენს პლანეტას ჯერ არავინ გასცდენია.
დედამიწაზე მცხოვრები ვერც ერთი მხატვარი წარმოიდგენს ასეთი უცხო და ულამაზესი სამყაროს არსებობას.
ახლოდან ვხედავთ იუპიტერის სხვადასხვა ფერის სარტყლებს და რკალებს.
თეთრი რკალები, სავარაუდოდ, მაღალი ღრუბლებია, შესაძლოა, ამიაკის კრისტალები; მოყავისფრო სარტყლები ალბათ უფრო ღრმა და ცხელი ადგილებია, რომლებშიც ატმოსფერო ეშვება, „იძირება“.
ლურჯი ადგილები, სავარაუდოდ, ღრუბლების სქელ საფარში არსებული ღრმა ხვრელებია, რომლებშიც სუფთა ცას ვხედავთ.
არ ვიცით, რატომაა იუპიტერი მოწითალო-ყავისფერი. იქნებ ეს ფოსფორის ან გოგირდის ქიმიური რეაქციების შედეგია.
ან იქნებ, ეს მიანიშნებს რთული, ღია შეფერილობის ორგანული მოლეკულების არსებობაზე, რომლებიც მაშინ წარმოიქმნება, როცა მზის ულტრაიისფერი სხივები იუპიტერის ატმოსფეროში შემავალ მეთანს, ამიაკსა და წყალს შლის და ამის შედეგად გაჩენილი მოლეკულური ფრაგმენტები ერთმანეთს ერწყმის.
თუ ასეა, მაშინ იუპიტერის ფერი გვამცნობს იმ ქიმიური აქტივობის შესახებ, რომელიც ოთხი მილიონი წლის წინ დედამიწაზე მიმდინარეობდა და სიცოცხლის გაჩენით დასრულდა.🌍🌎🌏
• დღე 647-ე.
დიდი წითელი ლაქა.
ღრუბლებიდან დიდ სიმაღლეზე ამოწეული გაზის გიგანტური სვეტი; ისეთი დიდი, რომ ექვს დედამიწას დაიტევს.
იქნებ, წითელი ფერი იმის შედეგია, რომ გაზის სვეტს ზედაპირზე ამოაქვს რთული მოლეკულები, რომლებიც მის სიღრმეში ჩნდება ან კონცენტრირდება.
ეს გიგანტური ქარიშხალი შეიძლება მილიონი წლისა იყოს. 🤔
• დღე 650-ე.
შეხვედრა.
საოცრებებით სავსე დღე.
წარმატებით გავიარეთ იუპიტერის ვერაგი რადიოაქტიური სარტყლები და მხოლოდ ერთი ხელსაწყო დაგვიზიანდა – ფოტოპოლარიმეტრი;
რგოლების სიბრტყე იუპიტერის ახლად აღმოჩენილი რგოლების შემადგენელ ქვებთან და ნაწილაკებთან შეჯახების გარშე გავიარეთ.
ვნახეთ ამალთეას, რადიოაქტიური რგოლის შუაგულში მოთავსებული პაწაწინა, წითელი, მოგრძო თანამზავრის ულამაზესი ხედები;
მრავალფრად აჭრელებული იო;
ხაზებით დაფარული ევროპა;
განიმედეს აბლაბუდისებრი ლანდშაფტი;
კალისტოს დიდი, მრავალდონიანი ქვაბული.
კალისტოს შემოვუარეთ და გავცდით პლანეტის ყველაზე შორეული თანამგზავრის, იუპიტერ 13-ის ორბიტას.
იუპიტერს ვშორდებით. 🙌
• დღე 662-ე.
ჩვენი ნაწილაკებისა და ველების დეტექტორები გვეუბნება, რომ იუპიტერის რადიოაქტიური სარტყლებიდან გამოვედით.
პლანეტის გრავიტაციამ დიდი სიჩქარით გამოგვისროლა, როგორც იქნა, იუპიტერისგან თავისუფლები ვართ და ისევ კოსმოსის ოკეანეში მივცურავთ. ✨✨
• დღე 874-ე.
დავკარგეთ სწორება ვარსკვლავ კანოპუსზე – წარსულში იალქნიანი გემების მთავარ ორიენტირზე.
ის დღეს ჩვენი ორიენტირიცაა და გზის გაკვლევაში გვეხმარება.
მის გარეშე კოსმოსის 2 უცხო ნაწილში დაკარგვა გვემუქრება.
კანოპუსზე სწორება აღდგა.
როგორც ჩანს, ოპტიკურმა სენსორებმა ალფა და ბეტა კენტავრები შეცდომით კანოპუსად აღიქვეს.
შემდეგი გაჩერება, დღეიდან ორი წლის შემდეგ, სატურნის სისტემაა. 💫
, , ვოიაჯერი" ამერიკული სამეცნიერო პროგრამაა, რომლის საფუძველზეც 1977 წელს "ნასამ" კოსმოსში გაუშვა ორი იდენტური ავტომატური კოსმოსური ზონდი "ვოიაჯერ 1" და "ვოიაჯერ 2" მზის სისტემის მიღმა მდებარე სივრცის შესწავლის მიზნით.
, , ვოიაჯერები" დედამიწაზე აღარასდროს დაბრუნდებიან.
სამაგიეროდ, ჩვენამდე ჯერ კიდევ აღწევს მათი უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო აღმოჩენები.
4