კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატები

11
კარლ პოპერი, რომელიც მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი მეცნიერი იყო, გვთავაზობს ფორმალური დებატების რამდენიმე ფორმატს, რომელთაგანაც ერთ-ერთი ღირებულებითი მოდელია. მათთვის, ვისაც სურს, საკითხების სიღრმისეულად ცოდნა და დებატების მიმართულებით დახელოვნება, მომყევით! დღევანდელ სტატიაში ვისაუბრებ სწორედ ღირებულებითი ტიპის დებატებზე, მოკლედ წარმოგიდგენთ მის სტრუქტურას, მახასიათებლებს და პროცესის აღწერას, მომდევნო ნაშრომებში კი შემოგთავაზებთ თითოეული კომპონენტის მოსამზადებლად ე.წ. "გზამკვლევებს".

პირველი კითხვა, რომელიც დაგებადებათ ალბათ შემდეგია, რაზე ვდებატობთ? კარლ-პოპერის ღირებულებით ფორმატში, მსხვილი თემა არის ღირებულება. ჩვენ ამ ფორმატში, არ ვდაობთ გამოსავლის გზებსა და პრობლემის გადაჭრის მეთოდიკაზე, ჩვენი მთავარი სადისკუსიო საგანი ღირებულებების ავ-კარგიანობაა. უფრო, ნათლად რომ წარმოვადგინო, მოვიყვან მაგალითს: "სიკვდილით დასჯა გამართლებულია/გაუმართლებელია", "ბავშვის დასჯა გამართლებულია/გაუმართლებელია" და ა.შ. ნებისმიერი რამეს რაც შეიძლება ჩაითვალოს ღირებულებად, აქვს პოტენციალი კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის სადებატო თემად ქცევისა. ამ მხრივ, ეს ფორმატი თავისუფალ და ფართო არჩევანს გვთავაზობს.
შემდეგი კითხვა, ლოგიკურია, რომ პროცესთან დაკავშირებით გაჩნდება - როგორ ვდებატობთ?
ამ ფორმატში, წარმოდგენილია ორი გუნდი - მტკიცებითი და უარმყოფელი. თითოეულ გუნდში 3-3 მონაწილეა, რომელთა მოვალეობებსა და ფუნქციებზე, უფრო დაწვრილებით მომდევნო სტატიებში გესაუბრებთ, რაც შეეხება თითოეული გუნდის მთავარ ამოცანას: მტკიცებითი გუნდის მოვალეობაა დაამტკიცოს რეზოლუცია, მაგალითად თუ სადებატო თემა არის შემდეგი - "სიკვდილის დასჯა გამართლებულია", მაშინ ამ გუნდმა არგუმენტების დახმარებით მსაჯებისა და საზოგადოების წინაშე უნდა დაამტკიცოს სწორედ გაჟღერებული პოზიცია. უარმყოფელმა კი უნდა უარყოს, მაგრამ მთავარი სირთული არის ის, რომ მან თავისი უარყოფის პირველი ნაწილი თავიდან ბოლომდე უნდა დააშენოს მტკიცებითი გუნდის მიერ წარმოდგენილი არგუმენტებზე რეაგირებითა და უარყოფით. ამ გუნდმა მსჯებსა და მაყურებლებს უნდა დაუსაბუთოს, კონტრ-არგუმენტების მეშვეობით რატომ ცდება მტკიცებითი გუნდი და შესაბამისად რატომაა სიკვდილით დასჯა გაუმართლებელი.

რაც შეეხება დებატების მიმდინარეობას - პირველი გამომსვლელი და თამაშის გამხსნელია მტკიცებითი გუნდის 1-ლი სპიკერი, მის გამოსვლას მოყვება ჯვარედინი დაკითხვა, რომელზეც უფრო ვრცლას, ასევე ცალკე სტატიაში ვისაუბრებ. მას შემდეგ, რაც მტკიცებითი გუნდის პირველ სპიკერს, დაკითხავს უარმყოფელი გუნდის მესამე სპიკერი, დგება უარმყოფელი გუნდის პირველი სპიკერის დრო, რასაც მოჰყვება მისი დაკითხვა მტკიცებითი გუნდის მესამე სპიკერის მიერ. პროცესი გრძელდება მტკიცებითი გუნდის მე-2 სპიკერის გამოსვლით, რომელსაც შემდეგ დაკითხავს უარმყოფელი გუნდის 1-ლი სპიკერი, შემდეგ გამოვა უარმყოფელი გუნდის მე-2 სპიკერი წარადგენს საკუთარ პოზიციას და ასევე დაიკითხება მტკიცებითი გუნდის პირველი სპიკერის მიერ. თამაში სრულდება მესამე სპიკერების გამოსვლებით, რომელთა მთავარი ფუნქციაა თამაშის შეჯამება და ანალიზი. ისინი აღარ დაიკითხებიან. დებატებში გამარჯვებულ გუნდს გამოავლენს მსაჯთა კოლეგია, თუმცა არის შემთხვევები, როცა საჯარო ტიპის დებატებზე გადამწყვეტი ხმა მაყურებელს ეკუთვნის. მსაჯებს აქვთ სპეციალური შეფასების ფორმა, ე.წ. მსაჯის ბიულეტენი, რომელსაც ასევე მომდევნო თემების წარდგენის დროს დაწვრილებით გაგაცნობთ.
შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ სტატიაში, ჩვენ გავიცანით კარლ-პოპერის ღირებულებითი ფორმატის დებატები, გავიგეთ რა არის ზოგადი მიზანი ამ ტიპის დებატის (რომელიმე ღირებულების ავ-კარგიანობის შესახებ მსჯელობა), გავიგეთ, როგორ მიმდინარეობს პროცესი და როგორ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა. მიუხედავად სტატიის მრავლის მომცველობისა, სასაუბრო ჯერ კიდევ ბევრია, მომდევნო თემებში თქვენ შეიტყობთ, როგორ დაწეროთ ქეისი, რა ფუნქცია-მოვალეობები აქვთ სპიკერებს, როგორ იღებენ მსაჯები გადაწყვეტილებას და ა.შ. ასე, რომ მომყევით, ერთად დავეუფლოთ დებატების ხელოვნებასა და დავნერგოთ ჯანსაღი კამათის კულტურა.
11